გოგონას, რომელმაც ნახევარი წელი ძილში გაატარა, ისევ ძინავს

22 წლის ბრიტანელ ბეტ გუდიეს იშვიათი დაავადება აქვს – კლეინ-ლევინის სინდრომი, რომელიც ასევე ცნობილია მძინარე მზეთუნახავის სინდრომით. მას ახასიათებს გადამეტებული ძილიანობის პერიოდები – დაავადებულებს დღე-ღამის უდიდესი ნაწილი ძინავთ (18 საათამდე და მეტიც) და მხოლოდ იმისთვის იღვიძებენ, რომ საპირფარეშოში შევიდნენ ან ჭამონ. 2011 წლის ნოემბერში ბეტმა ერთხელაც დაიძინა და… ექვსი თვე ეძინა.

წესით, ამ დროისთვის ბეტს უნივერსიტეტიც დამთავრებული უნდა ჰქონდეს და მუშაობდეს კიდეც. საკმაოდ განვითარებული და ნიჭიერი გოგონაა. დიდი გეგმებიც ჰქონდა თავის დროზე, მაგრამ 17 წლისა იყო, როცა მოულოდნელად ასეთ უჩვეულო მდგომარეობაში ჩავარდა და ნახევარი წლით დაიძინა. ამ ექვსი თვის განმავლობაში დღე-ღამეში 22 საათი ეძინა და ყოველდღიურად მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და საკვებად იღვიძებდა. ბოლო 5 წელია, როგორც ბეტის დედა ამბობს, მის ქალიშვილს დროის 75% ძილში აქვს გატარებული. ახლა 22 წლის გოგონა ერთ-ერთია რამდენიმე ასეულ დაავადებულს შორის, რომლებიც მსოფლიოში არიან მიმობნეულნი.
ცნობილია, რომ სინდრომი ძირითადად 16 წლის მოზარდებს უტევს, რომელთაც, როგორც წესი, დიდი სამომავლო გეგმები აქვთ და მთელ შემდგომ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ამჟამად ბეტის ცხოვრებაში კვლავ ღრმა ძილის პერიოდია და ვერაფერი გააღვიძებს – ვერც წამლები, ვერც ხმაური და ვერც ხვეწნა. მისი ცხოვრების დიდი ნაწილი პიჟამებში გადის. დედამისს ისღა დარჩენია, ელოდოს, როდის “გადაირთვება” ბოლოს და ბოლოს მისი გოგონას თავში აქტივობის რეჟიმზე გადამრთველი.
 “ეს დღე და ღამეს ჰგავს. მაგალითად, ხვალ შეიძლება აქტიურმა გაიღვიძოს და დაიწყოს გიჟური რბოლა, რომ დაკარგული დრო აანაზღაუროს. როცა ასეთი იღვიძებს, უნდა ხოლმე, მალე ნახოს მეგობრები, მოიწესრიგოს ვარცხნილობა, გაიპრანჭოს, ნახოს შეყვარებული. ის ცდილობს, ყველაფერი მოასწროს, სანამ ისევ მოერევა ძილი”, – ამბობს დედამისი. როგორც წესი, ეს “ნორმალური ცხოვრების პერიოდი” ორ კვირაზე მეტ ხანს არ გრძელდება – მერე სინდრომი ითრევს თავის კლანჭებში.

კომენტარები

სხვა სიახლეები