გერმანიაში 30 წლის წინ გაუჩინარებული ქალი იპოვეს

გერმანიაში აღმოაჩინეს ქალი, რომელიც 30 წლის წინ დაიკარგა და დაღუპულად ითვლებოდა. პოლიციამ მისი “მკვლელიც” კი აღმოაჩინა, რომელმაც დანაშაული აღიარა. თუმცა, ბოლო ჯამში, ეს ქალი ცოცხალი აღმოჩნდა.

The Local-ის ინფორმაციით, შემთხვევა დიუსელდორფში მოხდა. სამართლადამცველებმა ბინის ძარცვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და პოლიცია გამოძახებაზე გავიდა. პოლიციელებმა სახლის 55 წლის დიასახლისი დაკითხეს და დაადგინეს, რომ ის 1984 წელს დაკარგული პეტრა პ. იყო. ბოლოს ის მაშინ ნახეს, როდესაც სტომატოლოგთან წავიდა.

მეორე დღეს ნათესავებმა პეტრას დაკარგვის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინეს, თუმცა ძებნა უშედეგოდ დასრულდა. ქალბატონი გარდაცვლილად მაშინ სცნეს, როდესაც პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც სულ  სხვა ქალის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. გამოძიების დროს მან პეტრას მკვლელობა აღიარა.

გამოცემის ინფრომაციით, პოლიცია დარწმუნებულია, რომ დიუსელდორფის 55 წლის მკვიდრი სწორედ 30 წლის წინ დაკარგული სტუდენტია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ყალბი საბუთებით ცხოვრობდა და ნათესავებთან კონტაქტი არ ჰქონია. თავისი გაუჩინარების მიზეზებზე პეტრა არ საუბრობს. პოლიციის ცნობით, პეტრა აშკარად გაუჩინარებას აპირებდა და უნდოდა ყველაფერი ისე ეჩვენებინა, თითქოს მას რაღაცა უბედურება შეემთხვა. ამასთანავე პოლიციას არა აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ რაიმე დანაშული ან ძალადობა განხორციელდა.

გერმანიის კანონმდებლობით, გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც საცხოვრებელ ადგილს იცვლიან, ახალ ადგილზე ორი კვირის განმავლობაში უნდა დარეგისტრირებულიყო. დაკარგულმა ქალმა კი, ცხოვრება  30 წლის განმავლობაში, პირადობის მოწმობის გარეშე შეძლო.

კომენტარები

სხვა სიახლეები