ბრავო კოდუებო, ანუ წაგებული პროცესით მოგებული მილიონები

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ჟურნალისტის სიტყვას ფასი ჰქონდა. სიტყვა „ქმედითობაც” აღარაა მოდაში. მედიის „როლზე” რა მოგახსენოთ და მისი ფასი და დანიშნულება ხომ „სკანდალსა” და „კურიოზს” თუ არ ეხება საქმე – კაპიკია!
არა, ბატონო ჩემო! პესიმიზმი და ხელის ჩამოშვება არაფერ შუაშია აქ. ნათქვამს მეტას საყურადღებო მიზეზი აქვს! იმდენი იწერება, უკვე „ქრონიკულ გრიპად” ქცეულ დანაშაულზე, ჩინოვნიკების საეჭვო პროფესიონალიზმზე, პროფესიულ გადაცდომასა თუ სამსახურებრივ გულწრფელობაზე, რომ ყველაფერზე პასუხის გაცემას, რაც გვაქვს, ერთი იმხელა სახელმწიფო აპარატიც შეიძლება ვერ აუვიდეს! ეს ერთი დიდი და მრავლისმეტყველი მიზეზია. აქედან გამომდინარე რეალობა კი – საგანგაშო!

აბა, რატომრა იკლავთ თავსო – იკითხავს მავანი?!

ჩვენი საქმე წერაა და იმიტომ! მართალია, ნამდვილი სკანდალი ხშირად გვერდით რჩება ჩვენს ზოგიერთ კოლეგას, მაგრამ ყველაზე სუბიექტური მედიაც სახელმწიფოს სარკე და ანარეკლია!

დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ვწერდით, რომ დასასჯელებისადმი დღევანდელი, გაუგებარი „ტოლერანტობის” ფონზე, სახელმწიფოს შენება უფრო და უფრო გვიჭირს. იქ, სადაც დანაშაული არ ისჯება – კანონი არ კანონობს! სადაც კანონი არ კანონობს, იქ არც სახელმწიფოა! ჰოდა, გავჩერდეთ!

ესეც პასუხი კითხვაზე – რატომღა იკლავთ თავსო?!

არც იმ თემაზე საუბრის შემდეგ გასულა ძალიან დიდი დრო.

2007 წლის თებერვალში სასტუმრო „საქართველო”- ში შპს „მასვალო”- ს და ს.ს. „მასპინძელს” ფინანსური პოლიცია და მაშინდელი სოდი მიადგა და ობიექტზე რვათვიანი რევიზიით ჩაჯდა. შესვლის მიზეზი რომ მხოლოდ ფინანსური რევიზია არ იყო, მოგვიანებით, ზაფხულში „გაამხილეს”, როცა სოდ-ის უფროსის, ერეკლე კოდუას ძმა დავით კოდუა და დედა ლაურა რაჭავა აქაურ დამფუძნებლებს „პოტენციურ” მყიდველებად მოევლინნენ. ლაურა ღაჭავამ „მოახერხა” და შპს „საქართველო”-ში ორი წლის ბრძოლის შემდეგ მფლობელად დარეგისტრირდა, მაგრამ ამ ყველაფერს „წილების დათრევის” ჩვეული მეთოდი უძღვოდა წინ: დააპატიმრეს რამდენიმე გასხვისებაზე გაჯიუტებული ქონების მფლობელები და დამფუძნებლები. დანარჩენებს სოდ-მა შეუზღუდა საქმიანობა. გათვლა მარტივი იყო: როცა იძულებით გაჩერებული საწარმო არც ბიუჯეტს აძლევს რამეს და არც ოჯახში შედის კაპიკი, პატრონი იძულებული ხდება, ან ყველაფერზე თქვას უარი, ანდა „მყიდველის” შემოთავაზებულკაპიკებს დათანხმდეს. ასეც მოხდა, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. 2007 წლიდან დღემდე მთლიანად განიავდა აქაური ქონება. მოძალებულმა ფინანსურმა ვალდებულებებმა პრობლემას პრობლემა მიამატა. ოჯახურმა კლანმა „პარტნიორები” აიძულა, მის სასარგებლოდ დაეთმოთ აქამდე შემორჩენილი წლები, რის შედეგაც შპს „საქართველო”- ს მართვის საკონტროლო პაკეტი – 89% მათ ხელში აღმოჩნდა. დარჩენილი, გურამ ახრახაძის კუთვნილი წილი დიდად აღარ აღელვებთ. გაყიდვის შემთხვევაში 89%- ის მფლობელი ახალი პარტნიორი მას ძალზე იოლად „დაითრევს” – თუნდაც საწესდებო კაპიტალის გაზრდის ხარჯზე. ამ შემთხვევაში პარტნიორი ან სულ დაკარგავს, ანდა იმ 11% -ის გასხვისებას დაყაბულდება. ესეც წინასწარ „სწორად” გათვლილი და გააზრებულია.

სხვათა შორის, ეს ის გურამ ახრახაძეა, რომელმაც წლების მანძილძე საკუთარი ფირმის შესახებ ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფმა, საჯარო რეესტრში გაარკვია, რომ 2013 წლის 4 ნომებერს შპს „საქართველო”- ს კუთვნილი შენობა, მიწის ნაკვეთებთან ერთად, ქალბატონ ღაჭავას ერთპიროვნუილი, პარტნიორებთან შეუტანხმებელი გადაწყვეტილებით, მთლიანად დაიტვირთა იპოთეკით „ქართუ ბანკიდან” მიღებული 8,5 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ.

აი, ამის შემდეგ დაიწყო ის, რასაც ჩვენ „სკანდალს” ვუწოდებთ, მაგრამ თავისი არსით კომიზმსაც რომ სცდება. სხვადასხვა ინსტანციის 12 სასამართლოსა და, რაც მთავარია, სააპელაციო სასამართლოს პრინციპულმა პოზიციამ შპს „საქართველოს”-ს აუქციონზე გატანა შეაჩერა. მანამდე კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი! ძალზე საინტერესო ის არის, რომ „ბანკი ქართუ”- დან მიღებული ფული ლაურა ღაჭავას იპოთეკით დატვირთული საკუთარი ქონების „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი” გამოსასყიდად სჭირდებოდა. მიიღო კიდეც, ოღონდ ისე, რომ ამ თანხიდან შემდგომში შპს „საქართველო”-ს ერთი თეთრი არ მოხმარებია. დღემდე არც ამ ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაძრულა ადგილიდან. მთელი ამ საქმის კომიზმი კი (თუმცა, სასაცილო ნამდვილად არაფერია) იმაშია, რომ სასამართლოში ჩივილით გურამ ახრახაძე უნებლიეთ თავისი ქონების უკანონოდ დამგირავებლის ლაურა ღაჭავას „მოკავშირედ” და მხსნელად იქცა! (?!) როგორ და ახრახაძის სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ, როცა იგი დაზარალებულად ცნეს (მისი წილი ქონება მისი ნებართვის გარეშე დაყადაღდა) „ბანკი ქართუ”- ს ღაჭავას ვალის გადაუხდელობის გამო, ქონების ჩამორთმევაზე აღსრულება მიუჩინდა!

არ ვიცი, სხვაგან თუ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც სასამართლომ (ობიექტურად და კანონიერად) ერთი გადაწყვეტილებით შეიძლება „დაიცვას” დაზარალებულიც (გურამ ახრახაძე) და მისი დამზარალებელიც (ლაურა ღაჭავა და დავით კოდუა) ! (?!) ალბათ არა, და იცით რატომ? ასეთ ლაფსუსამდე ნორმალურ ქვეყნებში საქმე არ მიდის. ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი რამ თავში აზრად არავის მოუვიდოდა იმიტომ! ქი, სადაც სახელმწიფოა, ვერც წილის „აახევ” დაუსჯელად ვერავის და ვერც ქონების დაგირავების უფლებას მოგცემს ვინმე მოწილესა და პარტნიორების ნებართვის გარეშე!

ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ ბოროტი ენები ამბობენ, რომ იმ განუკითხაობის ფონზე, საქართველოში რომ „წილის ახევა” ერქვა, ასეთი ფაქტები ჩვეულებრივი ამბავია!

ახევა- ახევად, მაგრამ ის „ლაფსუსი” ვისი ბრალია, რაც „ბანკი ქართუ”- ს მესვეურებს მოუვიდათ? გასაგებია, რომ 2010 წელს ბანკს თავისი გაჭირვება ჰქონდა, მისი გაკოტრების პროგრამა მაშინდელი ხელისუფლება მიზანმიმართულად იწყებდა. არც შედეგი იქნებოდა სახარბიელო, რომ არა 2012 წლის მოვლენები. „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი” -ს „ქართუ” – დან შპს „საქართველო” -ს დაიოპთეკებით გამოსყიდვამ, მაშინ ბანკს ზედმეტი თავის ტკივილი ააცილა, რაჭავას დროებითი შერავათი მისცა. ღაჭავა გასაგებია, ბანკის უპასუხისმგებლობით ახრახაძე დაზარალდა, ამაზე პასუხი არავის უგია. არა, პიროვნულად არავის უგია, თორემ ამ „ძალიან ნიჭიერმა” საქციელმა „ბანკი ქართუ” სასამართლოსგან შეჩერებული აღსრულების გამო, თითქმის მილიონით აზარალა. მოგებული ისევ ლაურა ღაჭავა დარჩა. დიახ, გურამ ახრახიძის საჩივარმა აღსრულება შეაჩერა და როგორც ერთხელ ვთქვი: სანამ ჩვენ აქ ვერთობით, ღაჭავამ შპს „საქართველო” შეიძლება გაასხვისოს კიდეც.

ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ასეთი უპასუხისმგებლობისა და ყოვლად გაუმართლებელი ზარალისთვის „ქართუს” თავისი პარტნიორისგან სერიოზული უსიამოვნება რისხვა დაატყდა თავს, მაგრამ ეს გურამ ახრახაძისთვის დიდი შერავათია, ვითომ?!

მოგებული დარჩა ადამიანი, რომელმაც სხვისი ქონება გამოძალვა-შანტაჟით დაისაკუთრა! რომელმაც ამ ქონებით ადრე დაგირავებული ქონება დაიბრუნა და რომელიც „ბანკი ქართუ”- ს შესაშურად გააზრებულ საქციელსა და თავისი „პარტნიორის” იძულებითი ნაბიჯის გამო, ახლა ისევ „კანონით” ნაბოძები სხვისი ქონების გაყიდვით აპირებს მილიონების „პრავად” შოვნას და მართლა კაცი კანონი არ არის მისი გამჩერებელი!

შემდეგ?

ღაჭავა მილიონებს ჩაიჯიბავს, „ქართუ ბანკი” ობიექტის გაყიდვის შემდეგ თავისას დაიბრუნებს, მხოლოდ გურამ ახრახაძეა ის ერთადერთი, რომელიც სასამართლო პროცესის მოგების გამო დარჩა წაგებული? (?!)

აი რატომ გვიჭირს ხოლმე სახელმწიფოზე საუბარი. ანდა სად, ვის და როგორ გინდა აუხსნა, რანაირად დარჩა წაგებული ის, ვინც სასამართლო დავა მოიგო?! ვერ გაიგებენ, ვერ მიხვდებიან, რადგან ასეთ რამეს შემდგარ სახელმწიფოში ვერავინ წარმოიდგენს.!

ვინ იცის, კითხულობს ვიღაც ამ ყველაფერს და კბილების კაწკაწით ელოდება, როდის მივადგები ხმალამორებული „მთავარ სათქმელს” და ქვეყანაში „დღევანდელი, გაუსაძლისი მდგომარეობის „მთავარ შემოქმედს”! იქნებ ასეც მოვქცეულიყავი, იქნებ კანონი არ კანონობს! სადაც კანონი არ კანონობს, იქ სახელმწიფოც და მისი ინსტიტუტებიც ქიმერა და ფიქციაა!

რეალური მხოლოდ აქ მოთხრობილი და მისი მსგავსი არაერთი ფაქტია ჯერჯერობით! რეალური და საგანგაშო ის კრებითი სახელია, ქალბატონ ლაურა ღაჭავასა და კოდუების ფენომენი რომ ჰქვია, რომლებიც იძულებულს გვხდიან ვაღიაროთ, რომ სახელმწიფოდ ქცევამდე ქვეყანას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს!

ასეა ასეთად მიგვაჩნია მთელი ამ დავიდარაბის ნამდვილი მიზეზი – თავისი სარკასტულობის გამო მწარე ღიმილის მომგვრელი და სინამდვილეში ძალიან არასახუმარო.

ვისაც სახელმწიფო უნდა, ის ამ საქმეს ასე შეხედავს: გურამ ახრახაძეს (და არა მარტო მას) კანონმა უნდა დაუბრუნოს დაკარგული უფლება და ქონება არა ვიღაცის კეთილმა ნებასურვილმა! ეს უკანასკნელი ქველმოქმედების სდროსაა კარგი და სასიამოვნო!

ჩვენ სიტყვას და პუბლიკაციასაც ფასი მაშინ დაედება, როცა ქვეყანას სახელმწიფო დაერქმევა!

ბოლოს მაინც უნდა ვთქვა!

ბრავო კოდუებო!

მერაბ გუგუნაძე
http://qartuliazri.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები