ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი გაეროს სხდომებს 3 თვის ქალიშვილთან ერთად ესწრება

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი იასინდა არდერნი გაეროს ტრიბუნაზე სადებიუტო სიტყვით წარსდგა. „პოლიტიკური“ დებიუტი მისი ქალიშვილისთვისაც შედგა – დედამ ნევე ტე აროჰა სხდომათა დარბაზში მიიყვანა. ​ნევე 2018 წლის 21 ივნისს დაიბადა და ეს მისი პირველი საერთაშორისო გასვლა იყო.
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და მანდელას მიერ მის ქვეყანაზე მოხდენილ უდიდეს გავლენაზე გაამახვილა ყურადღება.
ტრიბუნაზე ასვლამდე პრემიერი შვილთან ერთად იჯდა და მასთან თამაშობდა. მაშინ, როცა დედა მაღალ ტრიბუნასთან იდგა, პრემიერის პარტნიორი და ნევეს მამა, სატელევიზიო წამყვანი კლარკ გეიფორდი ართობდა. წყვილი ერთად რამდენიმე წელია ცხოვრობს, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება.
როგორც ირკვევა, მისის არდერნს ქალიშვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს, შესაბამისად, როგორც დედა ამბობს, ნიუ-იორკში ყოფნის პერიოდში, შვილის ახალ ზელანდიაში დატოვება არც კი განიხილებოდა.
„ნევა ახალ ზელანდიაში ყოფნის დროსაც, ძირითადად სულ ჩემს გვერდითაა“, – აცხადებს მისის არდერნი.

კომენტარები

სხვა სიახლეები