“ახალი გამოწვევა მივიღე და სიხარულით დავთანხმდი”- თაკო ჭანუყვაძე ტელეწამყვანობასაც შეითავსებს

მსახიობი თაკო ჭანუყვაძე თეატრში ძალიან დატვირთულია, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ახალი ამპლუის შეთავსებაში და სულ მალე ის ტელეწამყვანად მოგვევლინება.

თაკო ჭანუყვაძე: ახალი გამოწვევა მივიღე და სიხარულით დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და შესაბამისად, ვნერვიულობ კიდეც. საქმე ისაა, რომ ახალი არხი იხსნება „პრაიმ ტვ“, რომელზედაც ერთ-ერთ გადაცემას, რომელიც მოდის შესახებ იქნება, მე წავიყვან. იმედია, შევძლებ მათი და საკუთარი იმედების გამართლებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელია, სცენაზე ვდგავარ, ყოველ ჯერზე, როცა მაყურებლის წინაშე უნდა წარვდგე, ძალიან ვღელავ. ეს ცუდი სულაც არ არის, ვცდილობ, მობილიზებას, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო. ამ გადაცემის მეშვეობით, მაყურებელს ქართველი წარმატებული თუ დამწყები დიზაინერების შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მივაწვდით და ნელ-ნელა მოდასთან დაკავშირებულ აბსოლუტურად ყველა თემას შევეხებით.

– ვიზუალურად ყოველთვის გამორჩეულ ფორმაში ხართ, თაკოს სამოსი ყოველთვის იქცევს ყურადღებას. გადაცემაშიც ასე იქნება?

– როცა წამყვანად ამირჩიეს, იცოდნენ ჩემი სტილის შესახებ. მე მას ვერ შევცვლი, ეს მეც მომწონს და ვგრძნობ, რომ – სხვებსაც. ჩემი ჩაცმულობა მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული და მაყურებლის წინაშე ისე წარვდგები, როგორც ყოველდღიურად გამოვიყურები. მაგრამ ჩემი ყოველდღიური სამოსი არ არის ჯინსები და მაისური. ასე ძალიან იშვიათად მაცვია. თუმცა, ჩემს სტილს კონკრეტული სახელი არ აქვს (იცინის). ეს არის სამოსი, რომელშიც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მნიშვნელობა არ აქვს, სად მივდივარ, ყოველთვის არასტანდარტულად მაცვია. ჩემი მკერავი მეუბნება ხოლმე, შენ მშვიდად ჩაცმა არ შეგიძლიაო. ტანსაცმელი აუცილებლად დიდი ზომის უნდა იყოს, თუ ასე არ არის, მაშინ უნდა ჰქონდეს დეტალი, რომელიც სხვა სამოსისგან გამოარჩევს. მიყვარს გრძელი სახელოები, ფერები. მუქი ფერის სამოსი თითქმის არ მაქვს. გადაღებაზე დამჭირვებია და საგონებელში ჩავვარდნილვარ, იმიტომ, რომ ასეთი მართლა არ გამაჩნია. მიყვარს ფერადი სარჩულები, ფართო შარვლები, ფრიალა კაბები. ძალიან იშვიათად მაცვია სპორტულად. ცოტა ხნის წინ, თოვლი და ცივი ამინდები რომ იყო, გარედან კი მეცვა თბილი პალტო, მაგრამ შიგნით მაინც ფრიალა ტანსაცმელს ვატარებდი. თბილად ჩაცმაც არ მიყვარს. ერთ დღეს გადავწყვიტე, მოდი, ჩვეულებრივად ჩავიცვამ-მეთქი და ჯინსითა და პერანგით თეატრში რომ მივედი, ყველა გაოგნებული მეკითხებოდა, რა ხდებაო?! (იცინის) ჩემთვის იმდენად კომფორტულია ასეთი სამოსი, მასზე უარს ვერ ვამბობ. თუმცა, იმიტომ არა, რომ სხვებისგან განსხვავებული ვიყო, ამას არასდროს ვცდილობ, უბრალოდ, ასეთი სამოსი ბავშვობიდან მიყვარს. მაშინაც კი, რამეს თუ ვიყიდდი, აუცილებლად გადავაკეთებდი და დედა გაოცებული მიყურებდა (იცინის). მერე უკვე მკერავთან დავიწყე სიარული, სამწუხაროდ, მე თვითონ არ შემიძლია კერვა. ძალიან იშვიათად, რომ სამოსი ვიყიდო. ყველაზე დიდ სიამოვნებას მაღაზიაში ქსოვილების არჩევის პროცესი მანიჭებს. მერე მკერავთან რამდენჯერმე მისვლა, მოსინჯვა და ახალი დეტალების დამატება – ჩემთვის ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა.

– პრაქტიკული თვალსაზრისით, რთული არ არის? ბევრ დროს არ მოითხოვს?

– ჩემთვის ბევრ დროს მაღაზიებში სიარული მოითხოვს. იქ ვერ ვნახავ ისეთს, როგორიც მინდა. ამიტომ პირდაპირ ქსოვილების მაღაზიაში მივდივარ.

– როცა სულ ასეთ ფორმაში ხარ, მერე განსაკუთრებულ ადგილას რომ გიწევს წასვლა, რაღა უნდა მოიფიქრო?

– ჩემი მეგობრებიც სულ ამას მეუბნებიან (იცინის). ერთხელ მეგობრის ქორწილისთვის ვემზადებოდით და განვიხილავდით, ვის როგორ ჩაგვეცვა. ვიკითხე, ძალიან უნდა გამოვიპრანჭოთ-მეთქი და ყველა ერთად მომიბრუნდა, შენ გაჩუმდი, შენ მეტი რაღა უნდა გამოიპრანჭოო (იცინის). არ ვიცი, რამდენად გამომდის, მაგრამ ასეთ შემთხვევებში, მაინც ვცდილობ, ოდნავ განსხვავებული ვიყო. მაკიაჟი, ვარცხნილობა და აქსესუარები მეხმარება ამაში. თუმცა აქსესუარები ყოველდღიურობაშიც განსაკუთრებულად მიყვარს.

– თავისუფალ სტილს თითქოს უფრო ხშირად მაშინ ირჩევენ, როცა წონის პრობლემაა, მაგრამ შენს შემთხვევაში, ასე ნამდვილად არა არის.

– არა, ჩემს შემთხვევაში პირიქითაა (იცინის). ბოლო დროს ისეთი სამოსის შეკერვაც დავიწყე, რომელშიც სილუეტი გამოკვეთილი იქნება. იმიტომ, რომ ხშირად მესმის მსგავსი კითხვა (იცინის). რეალურად, წონაში მომატება მინდა. რა ვქნა, ფრიალი და შრიალი მომწონს, ვისაც უნდა, იფიქროს, რომ წონის პრობლემა მაქვს. რეალურად ასე არ არის. ეს ნაჭრები ისეთი ლამაზია, სულ მინდა, დიდი იყოს. ცოტა ხნის წინ კაბა შევიკერე და ხუთი მეტრი ნაჭერი დამჭირდა. ცხრა მეტრიც გამომიყენებია, როცა ერთი მეტრიც მეყოფოდა. მკერავი მეხუმრება ხოლმე, საპატარძლო კაბებზე მყოფნის სამი მეტრიო (იცინის). რა ვქნა, ასე უფრო მომწონს.

– რამდენიმე დღის წინ 32 წლის გახდით. როგორია ამ ასაკში თაკო?

– წლების მატებას არ განვიცდი. პირიქით, ძალიან მომწონს ეს ასაკი. მომწონს, რომ უკვე გარკვეული გამოცდილება მაქვს. ძალიან შრომისმოყვარე ვარ, ბევრი საქმე მაქვს და ამით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ახალ გამოწვევებს ველოდები და ეს მახარებს, მგონია, რომ ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და თითოეულ წელს დიდი სიხარულითა და უამრავი სასიამოვნო სურვილით ვხვდები.

– გიყვართ ამ დღის აღნიშვნა?

– იცით, როგორ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე?! ყველგან, სადაც შევდივარ, შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა. ბავშვობიდან განსაკუთრებულად ველოდები ამ დღეს. ცოტა არ მესმის იმ ადამიანების, თავის დაბადების დღე რომ არ უყვართ. მე ძალიან მიხარია იმის გამო, რომ დავიბადე, იმის გამო, რომ ცხოვრების შანსი მაქვს და ამით ვტკბები. ამ დღეს ყოველთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებ.

– ძლიერი ადამიანი ხართ?

– ბოლო დროს ვამბობ ხოლმე, რომ ძალიან ძლიერი აღმოვჩნდი. მე არ მაქვს მარტივი პროფესია. აქ ბევრი გულისტკენა და იმედგაცრუებაა. არც ცხოვრება არის მარტივი. ბევრი გამოწვევაა, რომელსაც საკადრისადაც ვერ უმკლავდები. თუმცა, მე მარტივი ადამიანი აღმოვჩნდი. არ მიყვარს რაღაცების გართულება. ჩემთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. აქ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობასა და გლობალურ პრობლემებს არ ვგულისხმობ, მაგრამ საერთოდ არ მიყვარს პატარა პრობლემების გაზვიადება, ყველაფერს მსუბუქად ვუყურებ, მჯერა, რომ ყველაფერი მოგვარებადია. თუ იმედი გამიცრუვდება, თუნდაც პროფესიაში, ჩემეული გამართლებაც მაქვს – ესე იგი, მომავალში უკეთესი რამ მოხდება. მგონი, ეს მიდგომა ამართლებს. ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ ვაღწევ, მაგრამ ხელს არ ჩავიქნევ, ეს სტიმულს მაძლევს, უფრო მეტი ვიშრომო, უკეთესი გავხდე და მერე კიდევ ერთხელ ვცადო. ბრძოლისუნარიანი და შრომისმოყვარე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მართლა არაფრის დრო არ მრჩება, მის მიღმაც უამრავ რამეს ვასწრებ და მგონია, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, თუ შინაგანად შემართება ექნება, ყველაფერი გამოუვა.

– ასეთი დატვირთულობა როგორ აისახება ოჯახურ ურთიერთობაზე, მეუღლე და შვილი არ აპროტესტებენ?

– ამ მხრივ, მე ძალიან გამიმართლა – ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი მეუღლეა. ის ყველანაირად მიწყობს ხელს მაღალ საფეხურებზე ასვლაში. ეს რომ ასე არ იყოს, ვერ ვიქნებოდი ისეთი ჩემს პროფესიაში, როგორიც ვარ. მეუღლე ძალიან მგულშემატკივრობს და არასდროს არაფერს აპროტესტებს. ჩვენ 14 წელია, ერთად ვართ და ეს პრობლემა არასდროს მქონია. შინაგანად მაძლიერებს ასეთი ადამიანის გვერდში დგომა. თუ ვინმემ თვითშეფასება ამიმაღლა, ეს ჩემი მეუღლეა. შვილს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში თეატრში ძალიან დატვირთულები ვართ. პანდემიის გამო დიდი ხანი ვიყავით გაჩერებულები და ახლა მაყურებელი ჩვენგან განსაკუთრებულ აქტიურობას ითხოვს. ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო, რის გამოც ჩემი შვილი დედის დანაკლისს განიცდის, მაგრამ სულ მცირე დროც რომ მიჩნდება, ვცდილობ, მასთან ერთად გავატარო. გარეთ გავიდეთ, ვისეირნოთ, ვითამაშოთ, თეატრშიც მიმყავს, რადგან ეს სამყარო მისთვისაც ძალიან საინტერესოა. მარტივი არ არის, დედა რომ მთელი დღე გასულია, მაგრამ იმდენად მიჩვეულია, არ აპროტესტებს. თუმცა, მე დედა ვარ და მესმის, რომ უკეთესია, შვილთან ერთად მეტი დრო გავატარო. თვითონ იცის, რომ ეს საქმე ჩემთვის მნიშვნელოვანია და დღესაც, სკოლაში რომ გავაცილე, მითხრა: დედიკო, დღეს თეატრში ძალიან დიდ წარმატებას გისურვებო. მაბედნიერებს ოჯახისგან ასეთი გულშემატკივრობა.

– ოჯახში ბევრი წვრილმანი თუ მსხვილმანი საქმეა, ასეთი რეჟიმის გათვალისწინებით, ამასთან გამკლავება გამოგდით?

– არ ვიცი, მაგრამ მართლა ყველაფერს ვასწრებ, მთავარია, სურვილი და მონდომება და ყველაფერი კარგად იქნება. ხანდახან თვითონაც ვერ ვხვდები, საიდან მაქვს ამდენი ენერგია. სამ სპექტაკლს რომ ითამაშებ, მერე კიდევ რეპეტიციას გაივლი და სახლში მაინც ენერგიული დაბრუნდები… შეიძლება, ცოტა უცნაურია, მაგრამ მე ასე ვარ. საქმის გარეშე არსებობა არ შემიძლია. საქმე რომ არ მაქვს და არ ვიცი, რა ვაკეთო, მაშინ უფრო ვიღლები. ამას მირჩევნია, ძალიან დატვირთული ვიყო. თუმცა, რომ გითხრათ, საოცარ საჭმელებს ვამზადებ-მეთქი, არ იქნება მართალი. ეს პროცესი არ მომწონს. საერთოდ, სამზარეულოში ბზრიალი არ მიყვარს. არ ვამბობ, რომ დრო არ მრჩება ამისთვის, თუმცა, უბრალოდ, არ მიყვარს და არ ვაკეთებ. არის რაღაცები, რაც ჩემს შვილს უყვარს და იმას ერთად ვამზადებთ.

– ხომ ამბობენ, კაცის გული კუჭზე გადისო და მეუღლე რას ამბობს?

– ჩემს მეუღლეს ეს არასდროს გაუპროტესტებია, კარგი ბიჭია (იცინის). რეალურად, რაც მჭირდება, რისი კეთებაც მსიამოვნებს და რაც სასარგებლოდ მიმაჩნია, ყველაფერს ვასწრებ და ყველაფერი გამომდის. პირველ ჯერზე თუ არა, შემდეგ ცდებზე – აუცილებლად. შრომა კი, როგორც გითხარით, არასდროს მეზარება.

წყარო: თბილისელები

კომენტარები

სხვა სიახლეები