“აქ რომ ჭრილობა გახსნეს, მითხრეს, უფრო რთულად არის საქმე, ვიდრე გვეგონა და სასწაულია ბავშვი ცოცხალი რომ არისო” – ინტერვიუ დათის დედასთან ისრაელიდან

8 წლის დავით (დათი) ქოქრაშვილს საზოგადოების დახმარება კვლავ სჭირდება. მისი ჯანმრთელობისთვის დღეს უამრავი ადამიანი ლოცულობს. ყველამ გულთან მიიტანა შარტავას ქუჩაზე ავტოავარიის დროს დაშავებული ბიჭის ამბავი. 31 მარტს ბავშვი თავისი კორპუსის წინ, ტროტუარზე იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, როცა მას მანქანა დაეჯახა. დამნაშავე მძღოლი დაკავებულია. საქმის მასალების მიხედვით, 31 მარტს ბრალდებულმა დავით ჯალაღონიამ, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, საგზაო მოძრაობის წესების დაცვა ვერ უზრუნველყო, კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს გადააჭარბა და მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი განახორციელა, რა დროსაც მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მართვადაკარგული „BMW“ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და ქვეითად მდგომ არასრულწლოვანს დაეჯახა. დავით ჯალაღონიას ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. სასამართლოზე მან დანაშაული აღიარა.

მოზარდი უმძიმესი დაზიანებებით სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს ხუთი ურთულესი ოპერაცია იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა, რის შემდგომაც სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს. ახლა ისრაელის ერთ-ერთი უძლიერესი კლინიკის ექიმები ყველაფერს აკეთებენ დათის გამოსაჯანმრთელებლად. მას ისრაელშიც 5 ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და როგორც დათის დედა, ქრისტინე ჩვენთან საუბარში ამბობს, ბავშვს კიდევ სჭირდება რამდენიმე ქირურგიული ჩარევა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ოჯახს ისევ საზოგადოების დახმარება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ყველას გვერდში დგომით, 8 წლის დათი, რომელიც ყველამ შეიყვარა, საქართველოში გამოჯანმრთელებული დაბრუნდება.

ქრისტინე მამუკაშვილი – დათის დედა “კვირის პალიტრას” ექსკლუზიურად ესაუბრა:

– დათი გუშინ შეიყვანეს საოპერაციოდ, მაგრამ სისხლდენა დაეწყო, თან დასუსტებული იყო ორგანიზმი, რადგან ეს დღეები სულ სიცხეები ჰქონდა, ჰემოგლობინიც დაუვარდა და შეწყვიტეს ოპერაცია ისე, რომ ვერ დაასრულეს. ამის შემდეგ, მთელი დღე უსხამდნენ სისხლს და ისევ საოპერაციოდ ამზადებენ. რთულად მართვადია ის სოკო, რომელიც ბავშვს აღმოაჩნდა. თანაც, ძალიან აგრესიული სოკოა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და კანს ანეკროზებს, ახლა ამასთან ბრძოლაში ვართ. 3 კვირაა, ისრაელში ვიმყოფებით და ამ ინფექციას ვებრძვით, არადა, იდეაში, აქ ორთოპედიისთვის ჩამოვედით. ასმაგად გაგვირთულა სოკომ ისედაც ძალიან კრიტიკული მდგომარეობა. ისეთი ინფექციაა შეჭრილი, რომ, ფაქტობრივად, ყოველკვირა ოპერაცია სჭირდება. თბილისში რაც მოახერხეს ექიმებმა, სისხლდენა შეაჩერეს და ბავშვი გადაარჩინეს, აქ რომ ეს ჭრილობა გახსნეს, მითხრეს, გაცილებით უფრო რთულად არის საქმე, ვიდრე ჩვენ გვეგონა და სასწაულია, ეს ბავშვი ცოცხალი რომ არისო. მას შემდეგ, 20 დღეა, აქ ვართ და ამ ინფექციას ვებრძვით. ნეკროზდება ქსოვილები, კუნთები, უბნები და ამ დანეკროზებულ ადგილებს აჭრიან. ისეთი დიდი ზონები აქვს მოკვეთილი, უკვე ორგანოები უჩანს, თირკმელი, ღვიძლი. ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს.

– ბავშვთან გიშვებენ?

– გვიშვებენ, მაგრამ ღია ჭრილობები აქვს და ძალიან სტერილურად ჰყავთ, ჯერჯერობით ვერ ხურავენ ჭრილობებს, მერე უკვე ქსოვილების გადანერგვა უნდა მოხდეს. მეუბნებიან, წლები ისე გადის, რომ ასეთი მძიმე პაციენტი არ გვყავსო. ყველასთვის წარმოუდგენელია, ბავშვი ამდენს რომ უძლებს. ძალიან იბრძვის დათი. ჯერ სხვა გეგმაზე საუბარი არ არის, რადგან არ იციან, ეს ინფექცია რამდენ ხანში გაჩერდება. სამი კვირაა, ვებრძვით და ჯერ ბოლომდე ვერ დავიმორჩილეთ, ამიტომ შემდეგ ეტაპზე ვერ გადავდივართ.

შემდეგი ეტაპი იქნება იმაზე ზრუნვა, თუ როგორ დაიხუროს ეს ღია ჭრილობები. ბავშვი ხელოვნურად ჰყავთ გათიშული, ხელოვნურ სუნთქვაზეა და ამის მიუხედავად, შიგადაშიგ მაინც ეღვიძება ტკივილისგან.

– როგორც ვიცი, აღდგომის წინა დღეებში ისრაელის კლინიკაში მამა შალვა კეკელიამ მოგინახულათ და ილოცა დათის ჯანმრთელობისთვის. ალბათ, დიდ იმედს გაძლევთ ისიც, რომ წმინდა მიწაზე ხართ.

– დიახ, მამა შალვა იყო მოსული ჩვენთან და ლოცვები წაუკითხა. საერთოდ, აქ საოცარი მხარში დგომაა. წმინდა მიწაზე რომ ვართ, ეს მართლაც საოცარ იმედს მაძლევს და მჯერა უფლის სასწაულების. სასწაული იმიტომ ხდება, რომ წმინდა მიწაზე ვართ. ვინც აქ ჩამოვიდა სამკურნალოდ, ყველა კმაყოფილი მიდის და ჩვენც ყველა გვაიმედებს. ამის იმედი გვაქვს, წმინდა მიწის, ამ ტაძრების და სიწმინდეების. დავდივართ და ვლოცულობთ, უამრავი ადამიანი ლოცულობს დათისთვის. კლინიკაში მოდიან მეუფეები, დედები, ლოცვებს უკითხავენ, ხან ზეთს აცხებენ და უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ, ძალიან მადლიერები ვარ.

ბერძენი მეუფეებიც იყვნენ მოსულები. აქაურები საოცარი ადამიანები ყოფილან. ვერაფრით წარმომედგინა, რომ მე აქ ეს სიტუაცია დამხვდებოდა და ამდენი ადამიანი გვერდით დაგვიდგებოდა ყველანაირად – მორალურად, სულიერად, ფინანსურად. მირეკავენ, მწერენ, ყოველდღე მოდიან უცხო ადამიანები. დღეში, ალბათ, 40 ადამიანი მოდის ჩვენს სანახავად და აქაური ექიმები გაოგნებულები არიან – ამდენი ნათესავი როგორ გყავთო. როცა ვუხსნი, არც ერთი არ არის ჩემი ნათესავი და არც კი ვიცნობ მათ, ვინც დაზურგული პარკებით მოდის და საჭმელები მოაქვს, ყველა გაოგნებულია. რანაირად გაქვთ ასეთი ურთიერთობა, რა მაგრები ყოფილხართ ქართველები, რომ ამდენი უცხო ადამიანი გეხმარებათ, მხარს გიჭერთ, გამხნევებთ და გვერდში გიდგათო.

მადლობა თითოეულს და ღმერთს მადლობა ყველაფრისთვის, ეს ჩვენ ძალიან გვაძლიერებს.

– ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბავშვი გონზე მოვიდა, გეკონტაქტებოდათ თქვენი პატარა?

– კი არ გვეკონტაქტა, ძილის წამალს რომ ასმევდნენ და იმას დრო რომ გასდიოდა, მაშინ შეფხიზლებული იყო, სანამ ახალ დოზას მისცემდნენ. იმ დროს ბავშვი ძალიან წუხდა ტკივილისგან და რომ ველაპარაკებოდი, ესმოდა. ჩემი ხმა დათის ახლაც ესმის და მაშინაც ესმოდა. რეაქციებს გამოხატავდა, ხან ხელი დამიჭირა, ხან თავი დამიქნია, ამ დონეზე გვქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ეს გრძელდებოდა ერთი-ორი წუთით, ამის მერე ისევ აძინებდნენ ბავშვს, ისეთი გაუსაძლისი ტკივილები აქვს ახლაც და მაშინაც, რომ არ შეიძლება ფხიზლად ყოფნა.

5 ოპერაცია გაუკეთდა თბილისში ერთი კვირის განმავლობაში, აქაც 5 ოპერაცია ჩატარდა და წინ უამრავი ოპერაცია გვაქვს ჯერ კიდევ. გვეუბნებიან, რამდენი დასჭირდება, არ ვიცითო. როცა სოკო გაჩერდება, მერე დაიწყება ქსოვილის გადანერგვის ახალი ეტაპი.

– ამისთვის ხომ საკმაოდ სოლიდური თანხები გჭირდებათ?

– ყველაფერი ისეთი ძვირი ჯდება, წარმოუდგენელია… საქართველოდან აქ რომ ჩამოვედით, 100 000 დოლარი დეპოზიტზე გვქონდა და მეგონა, ეს თანხა ერთი თვე მაინც გვეყოფოდა, მაგრამ ერთ კვირაში ამოიწურა. გამოდის, რომ კვირაში 100 000 დოლარამდე გვჭირდება, რომ შევძლოთ მკურნალობის გაგრძელება. წარმოუდგენლად დიდი თანხებია, მგონია, რომ ძალიან არარეალურიც…

ისევ ხალხის გვერდში დგომის იმედი გვაქვს. უდიდესი მადლობა მათ.

– სახელმწიფო ფინანსურად დაგეხმარათ?

– კი, სახელმწიფოც დაგვეხმარა, მაგრამ ეს ერთი და ორი დღის თანხაა, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გვჭირდება. ადამიანების დახმარებაა უდიდესი, სრულიად უცხო ადამიანები გვირიცხავენ ანგარიშზე თანხებს, ვისაც რა შეუძლია და უღრმესი მადლობა ყველა მათგანს. ეს ხალხი საოცრად დაგვიდგა გვერდში, საქართველოდანაც გვირიცხავენ და ემიგრანტებიც, ასევე, აქაური, ისრაელში მყოფი ქართველები ძალიან გვეხმარებიან. საქველმოქმედო კონცერტიც იგეგმება ისრაელში და მართლა ყველა გვერდში დაგვიდგა, მადლობა ყველას. ყველა ლოცულობს.

ვინც დათის იცნობს, ყველას უყვარს ის, ისეთი ალალი, თბილი, მზრუნველი ბავშვია, განა იმიტომ ვამბობ ამას, რომ ჩემი შვილია? მართლაც ასეა. საოცარ სიკეთეს ასხივებს, უსაყვარლესია. ტანით ასაკთან შედარებით დიდია, მაგრამ თან ძალიან ბავშვურია. მე და დათის სხვანაირი დედაშვილობა გვქონდა. ჩემი მეგობრები სულ მეჩხუბებოდნენ, ასე მიწებებული ნუ გყავს, ამდენს ნუ ეფერებიო, მაგრამ მე ძალიან მსიამოვნებდა ასე მოწებებული რომ მყავდა ჩემი შვილი. საუკეთესო მეგობრები ვართ, სულ ერთად ვიყავით, საოცარი დედა-შვილობა გვქონდა და ყოველთვის ასე იქნება.

მინდა, ახლა ჩემი დადებითი ენერგიებით გავაძლიერო ჩემი შვილი, მის გვერდზე ვიყოთ იმედით და პოზიტიურად განწყობილები. პესიმისტურად განწყობილი საერთოდ არ ვარ. ერთი წამით არ ვუშვებ, რომ რაღაც ცუდი მოხდება. სულ ველაპარაკები, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმაზე კარგად ვიქნებით, ვიდრე აქამდე ვიყავით და სულ ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენ ძალიან მაგრად ვიქნებით. სულ ასე ველაპარაკები და ვეუბნები, რომ შენ ხარ რჩეული, შენ ღმერთმა გამოგარჩია, განსაკუთრებული ხარ და მგონია, ასე ვამხნევებ და მას ჩემი ესმის.

ვგრძნობ, რომ მთელი გულით გვგულშემატკივრობს ყველა, მართლა ყველა ლოცულობს ჩემი შვილისთვის, უცხო ადამიანები რომ მოდიან, მათ იქით ვამხნევებ და ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ყველას, რომ ასე შეიყვარეს ჩემი შვილი. უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის და სიყვარულისთვის. მინდა, დადებითი ენერგია და ლოცვა გამოუგზავნოს ყველამ ჩემს შვილს და დათიკო მართლა კარგად იქნება.

მჯერა, რომ მალე დავდებ კარგ ამბავს დათიზე, უღრმესი მადლობა ყველას.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ დათის დედის ანგარიშზე. დათის კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

TBC ბანკის ანგარიში: #GE05TB7962745064300024

“საქართველოს ბანკის ანგარიში: #GE90BG0000000101545483

წყარო: kvirispalitra

კომენტარები

სხვა სიახლეები