“არ მესმის იმ ქალების, რომლებიც სხვადასხვა შეყვარებულს აცნობენ შვილებს…”

რამდენიმე დღის წინ თამუნა მუსერიძისფეისბუქ გვერდის მეშვეობით შევიტყვეთ, რომ მისი და სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის სიყვარული თურმე უკვე ერთ წელს ითვლის. თამუნასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

– ეს ერთი წელი მთლიანად პოზიტიური იყო… თუმცა, როგორც ყველაფერს, ამასაც ახლდა სირთულეები, მაგალითად, ერთმანეთთან შეგუება, ასევე იმ უარყოფით თვისებებთან შეჯახება, რაც ორივეს გვაქვს და მათი შესწავლა.

– როგორ ფიქრობ, რა განაპირობებს მყარ ურთიერთობას?
– ამისთვის მთავარია, იცოდე ვისთან გაქვს ურთერთობა. ხშირ შემთხვევაში ადამიანები ცდილობენ, რაღაც შეცვალონ, გადააკეთ-გადმოაკეთონ და თავის თარგზე გამოჭრან მეორე ადამიანი. თავიდან, ეს თითქოს გამოდის, მაგრამ საბოლოოდ ადამიანი რჩება ისეთად, როგორიც არის. აი, მაგალითად მე 30 წლის ასაკში ვერ შევიცვლები და ვერ გავხდები ისეთი, როგორიც ვიღაცას უნდა. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანთან იწყებ ურთიერთობას, თავიდანვე უნდა გააანალიზო, რომ როგორიც არის ახლა, ისეთი იქნება მერეც, არ შეიცვლება და ისეთი არ გახდება, როგორიც გინდა შენ. თუ ხარ მზად იმისთვის, რომ მიიღო და მთელი ცხოვრება გაატარო ისეთ ადამიანთან, როგორიც იმ მომენტში არის, მაშინ ჩემი აზრით, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ წყვილს ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა და ნაკლები პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ. მე როგორც ვიცი, ყველაზე რთული პერიოდი წყვილის ცხოვრებაში არის დაოჯახებიდან პირველი ორი წელი, იმიტომ, რომ ორივე მხარე ცდილობს თავისი ადგილი დაიმკვიდროს, “პალაჟენია” დააყენოს (იღიმის). მე უკვე დაყენებული მაქვს “პალაჟენია”…

– და ოჯახის უფროსი ვინაა??
– სანდრო. მიუხედავად XXI საუკუნისა, მიმაჩნია, რომ ოჯახში უფროსი, მთავარი ფიგურა, ღერძი უნდა იყოს მამაკაცი.

– და აქვე თავს იჩენს გენდერული თანასწორობის თემაც…
– ქართველმა ქალებმა ცოტა უცნაურად გავიგეთ ეს გენდერული თანასწორობა. სინამდვილეში გენდერული თანასწორობის მოთხოვით ქალები ითხოვდნენ მუშაობის, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას და ზოგადად, სიტყვის თავისუფლებას. თორემ არავინ არ გულისხმობდა ამაში იმას, რომ გავტოლებოდით მამაკაცებს და მანქანის საბურევები ჩვენ თვითონ გამოგვეცვალა. თუმცა, დამოუკიდებელმა ქალებმა რატომღაც მოინდომეს იმაზე ხაზგასმა, რომ მაგრები არიან. მე ვფიქრობ, რომ გენდერული თანასწორობა კარგია, მაგრამ მამკაცი ოჯახი თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს.

– ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ აეწყობა შვილისა და მისი საყვარელი ადამიანის ურთიერთობა. თქვენს შემთხვევაში როგორ დალაგდა ეს საკითხი?
– თავიდან ჩემს შვილს არ ვაცნობდი სანდროს, არ მინდოდა მაინც. არავინ არ იცის, შემდეგ როგორ ვითარდება მოვლენები, ამიტომ არ მინდოდა ზედმეტად დამესტრესა ბავშვი. ზოგადად, არ მესმის იმ ქალების, რომლებიც სხვადასხვა შეყვრებულს აცნობენ შვილებს. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, დროთა განამვლობაში თანდათანობით თავისთავად დალაგდა  ეს საკითხი. ჩემგან დამოუკიდებლად სანდროებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ თუ სამივე ერთად ვართ ოთახში, მაშინ უკვე ეჭვიანობის მომენტი ერთვება პატარა სანდროს, ხანდახან აქვს რაღაც პროტესტები, უნდა, რომ მხოლოდ მისი ვიყო.

– სანდრო სკოლაში შევიდა, როგორ შეეგუა ახალ გარემოს? ან შენ როგორ ახერხებ ორივე სანდროს, სამსახურებსა და საკუთარ თავს შორის დროის განაწილებას?

– ორი სანდრო, სამსახურები და საკუთარი თავი, საკმარისზე მეტია ჩემთვის (იღიმის). რაც შეეხება სანდროს სკოლის თემას, ცოტა რთულად შეეგუა ახალ გარემოს, საერთოდ, არ უნდოდა სკოლაში მისვლა, არ მიჯერებდა, არ მისმენდა, განა რამეს ვერ აკეთებდა, უბრალოდ არ უნდოდა გაკეთება. იმდენად რთული იყო ის პირველი თვე, რომ ფსიქოლოგთან მოგვიწია მისვლამ, რომელმაც მითხრა, ათიდან ექვს ბავშვს იგივე დამოკიდებულება აქვს სკოლის მიმართ, რაც სანდროს, არ ინერვიულოთ, ნელ-ნელა ჩაჯდება კალაპოტშიო. მართლაც, თანდათანობით ლაგდება ეს საკითხი, მე არ მიჯერებდა, ამიტომ ავიყვანე გოგო, რომლიც ამეცადინებს.

– ჩვენთან შედარებით ახლა უფრო რთული ბავშვები არიან. ჩვენ ამდენს ვერ ვბედავდით…
– ამდენს ვერ ვბედავდი კი არა, ისეთი ბავშვი ვიყავი, სულ თვალებში ვუყურებდი დედაჩემს.

– შენი და სანდროს შვილები ერთმანეთს თუ იცნობენ?
– რა თქმა უნდა, თითქმის ყოველთვის ჩვენთან ერთად არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– ახლა მივუბრუნდეთ შენი და სანდროს თემას… როცა შეყვარებული ხარ, დგება ის მომენტი, რომ ოჯახს უნდა წარუდგინო შენი საყვარელი ადამიანი და შენც გაიცნო მისი ოჯახის წევრები… იყო ეს თემა მღელვარებასთან დაკავშირებული?
– კი. დედაჩემის დაბადების დღეზე გამოწკეპილი, გალამაზებული სანდრო სრულიად მოულოდნელად ამოვიდა. მანამდე დედამ რასაკვირველია, იცოდა მის შესახებ, მაგრამ არც მე და მით უმეტეს არც ის, არ ველოდით მის მოსვლას. თავიდან დედაჩემი ძალიან დაიბნა, მარტო ის კი არა, მეც, და ვიყავით ასე დაბნეულები. სანდროს ოჯახი კი მალევე გავიცანი და თავიდანვე კარგად გავუგეთ ერთმანეთს, კარგად ავეწყვეთ.

– აქვე, ძალიან ზოგადად მინდა რძალ-დედამთილობის თემასაც შევეხო. როგორ ფიქრობ, კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, რომელს “ეკისრება” პასუხისმგებლობა?
– ჩემი აზრით, დედამთილის დამსახურებაა, იმიტომ, რომ შენ შედიხარ ოჯახში და იქ დამხედრებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თუ გიჟი არ ხარ და შენ თვითონ არ ურევ ურთიერთობებს, მაშინ ოჯახში როგორც დაგხვდებიან, ისე წარიმართება ურთიერთობა. ამ შემთხვევაში მე ორი დედამთილი მყავს – სანდროს დედა და ბებია, მაგრამ ორივე ფანტასტიკურად დამხვდა და შესაბამისად ურთიერთობაც კარგად აგვეწყო.

– ახლა თქვენ სამნი, შენ და ორი სანდრო ცალკე ცხოვრობთ?
– არა, რადგან ოფიციალურად ჯერ არ გადაგვიდგამს ეს ნაბიჯი, ხან სანდროსთან ვართ და ხან ჩემთან.

– და აპირებთ უახლოეს მომავალში ოჯახის შექმნას?
– კი, ვაპირებთ, მაგრამ როდის არ ვიცით, ფინანსურად რაღაც საკითხების მოგვარებას ველოდებით და მერე გადავდგამთ ამ ნაბიჯს.

– თამუნა, წარუმატებელი პირადი ცხოვრების შემდეგ რამდენად რთულია, კიდევ გადადგა ეს ნაბიჯი?
– ადრე ვამბობდი, რომ რთული იყო, მაგრამ სანდრომ მიმახვედრა, რომ ეს იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვისთანაც იწყებ ურთიერთობას. როცა მიხვდები, რომ ის ის არის, მერე უკვე სირთულე აღარაფერია.

– და ბოლოს, თუ გაქვთ შენ და სანდროს თემები, რომლებზეც ვერ თანხმდებით…
– (ფიქრობს) არ მახსენდება, სანდროს ვკითხავ… სანდრო ყოველთვის მეტს ითხოვს საკუთარი თავისგან, მე კი ვეუბნები, რომ ესეც საკმარისია, რასაც აკეთებ-მეთქი. აი, ამაზე გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, თორემ სხვა მხრივ მართლა ყველაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს.

წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები