“ამ ბავშვებიდან რომელიღაც შეიძლება საქართველოს მომავალი პატრიარქია…”

სულ ცოტა ხნის წინ, ამ გოგო-ბიჭების გამოჩენას დიდი აღტაცება მოჰყვა. პირველად ფართო აუდიტორიის წინაშე ალექსანდრე ბასილაიას საღამოზე წარდგნენ, ფილარმონიის დიდ სცენაზე, და ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორის უკანასკნელი ნაწარმოები, ურთულესი და დიდებული “ქორალი” შეასრულეს. შემდეგ იყო რამდენიმე არანაკლებ შთამბეჭდავი გამოჩენა მაყურებლის წინაშე – ტელე თუ რადიოეთერით, ასევე თბილისობას, როცა მათმა ცოცხალმა კონცერტმა არამხოლოდ ჩვეულებრივი გამვლელების ყურადღება და მოწონება, არამედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მოქმედი და მომავალი მერების მოწონება დაიმსახურა, რომლებმაც მათ საქართველოს მომავალი უწოდეს.
აი, ახლა კი ეს ახალგაზრდები პროექტ “ნიჭიერში” გამოჩნდნენ და ამჯერად უკვე ჟიურისა და მაყურებელის მოხიბვლა შეძლეს…

ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ დავინტერესდით ამ გუნდით. გვესაუბრება მუსიკოსი, დირიჟორი, თბილისის ალოიზ მიზანდარის სახელობის ხელოვნების #1 სკოლის დირექტორი, მაესტრო გელა ფარჩუკიძე:

– ბატონო გელა, როდის დაიწყო ეს ყველაფერი?
– ეს იდეა ჩემი დიდი პედაგოგის, დიდი მუსიკოსის – ბატონი ჯანო კახიძის ნატვრის ასრულება იყო… ის მრავალი წელი ნატრობდა ბიჭუნათა პირველი კლასიკური გუნდის (კაპელის) შექმნას და ბედის განგებით ეს პატივი მე მხვდა წილად, რომ დიდ მაესტროსთან ერთად შემექმნა კაპელა… მინდა გითხრათ, რომ კაპელის შექმნა დიდი და ურთულესი პროცესია, ის უცებ ვერ კეთდება…თქვენ წარმოიდგინეთ, ამის გაკეთების არანაირი წინაპირობა და ტრადიცია ჩვენში არ ყოფილა… ამიტომ, მაესტრომ მიმავლინა მოსკოვის საგუნდო აკადემიაში თავის მეგობართან – აწ განსვენებულ ვიქტორ პოპოვთან სტაჟირებისათვის… (მოსკოვში ამისი დიდი ტრადიცია აქვთ… ასევე ბერლინში, ზოგადად, გერმანიასა და ავტრიაში..)
ჰოდა, იმას მოგახსენებდით – კაპელის შექმნა ურთულესი პროცესია – მით უმეტეს, მუდმივად, თითქმის ყოველწლიურ განახლებას საჭიროებს. ხომ ხვდებით, რა ასაკზეა ლაპარაკი – 6 -დან 15-16 წლამდე. ეს ის პერიოდია, როცა ბავშვში ყოველ წელს კი არა, ყოველ თვე და ყოველ კვირა იცვლება რაღაც. ბავშვი, რომელიც მაღალ ხმად – დისკანტად მიიღე, ძალიან მალე ვაჟკაცდება და შენ უკვე ახალ ხმას, მის შემცვლელს ეძებ. ის კი უკვე სხვა ხმაში გადადის და ასეა დაუსრულებლად… ერთი სიტყვით, გავაკეთეთ იმავე წელს და იარსება რვა წელი… ბატონი ჯანოს გარდაცვალებამ დააჩქარა დაშლა და დაემატა ტექნიკური და სხვა პრობლემები, ბავშვებიც წამოიზარდნენ, ახლების მისაღებად კი არ იყო სამუშაო პირობები… (მუსიკალურ ცენტრში ურთულესი – ცენტრის გადარჩენისათვის დიდი რემონტი დაიწყეს, რომელიც 8 წელს გაგრძელდა). ჰოდა, სამწუხაროდ, ეს პროცესიც შეწყდა და აი – მრავალი წლის შემდეგ, მე ისევ მომეცა შესაძლებლობა, დავბრუნებოდი ამ საქვეყნო საქმეს, რომლისკენაც წლები მოვდიოდი და ვფიქრობ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მისიაა. ეს ბიჭები (და უკვე გოგონებიც) დიდ ხელოვნებას, დიდ მუსიკას ეზიარებიან და მათთვის ეს ყველაფერი არის სრულიად უფასო – კაპელას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უდგას გვერდში და სწორედ ის აფინანსებს ამ ნიჭიერი ახალგაზრდების აქ სწავლას, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.

– ამ გადაწყვეტილებით, კაპელის აღდგენით, ბატონი ჯანოს თხოვნის ასრულება გსურდათ უფრო, თუ საქმისადმი სიყვარულმაც გძლიათ?
– როდესაც ბატონმა ჯანომ პირველად მთხოვა, მაშინვე ავუსრულე… მერე კი ეს კაპელა ჩემი ცხოვრების გზა და ჩემი ოჯახის ნაწილი გახდა… შესაბამისად, აქ უკვე ბატონ ჯანოს თხოვნის ასრულებაზე მეტი, საკუთარი თავის პოვნა იყო…სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანის წინაშე ვალის მოხდა. ამით მე მინდოდა, გამომეხატა ზოგადად ჩემი დამოკიდებულება სამშობლოსადმი, ეს არის ჩემი სული, ჩემთვის, როგორც კაცისთვის, ქართველისთვის ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა… ხომ გაგიგიათ, კაცმა სამი რამ უნდა გაკეთოს – სახლი ააშენოს, ხე დარგოს და ოჯახი შექმნასო. მადლობა ღმერთს, სამივე შევასრულე, მაგრამ აი, ეს საქმე არის ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ქართველობის მიმართ. მე, ფაქტობრივად, ახლა ვიგრძენი, რა ვალი მაქვს სამშობლოს წინაშე. ეს არის ფანატიკური სიყვარული ასევე, ამ საქმისადმი. ჩემი შვილიც აქ მღერის და ჩემთვის, როგორც მშობლისთვის და სხვა უამრავი ბავშვის მშობლისთვის, რომლებიც აქ სწავლობენ, ვერ წარმოიდგენთ რას ნიშნავს, როცა ხედავ შენი შვილის ბედნიერ თვალებს. ის ბედნიერება, რომელიც ამ ფორმით შეიძლება მიიღოს ბავშვმა, ვერანაირად ვერ შეიცვლება, არ არსებობს კუპიურა, რომელიც ამას ჩაანაცვლებს, არ არსებობს ნივთი, რომელიც ამას ჩაანაცვლებს… და განა ყველა დედას და მამას აქვს საშუალება, თავისი შვილი დიდ სცენაზე ნახოს და ის რომ მღერის სიხარულით სავსე თვალებით, – ალტერნატივა არ აქვს.
გარშემო უამრავი ადგილია, სადაც შეიძლება ბავშვის მიყვანა. როცა მეკითხებიან ხოლმე, რატომ აქ? _ დავიწყოთ იმით, რომ ეს არის ყველა მშობლისთვის ნატვრის ახდენა, ანუ მშობელი, რომელიც ხშირად ჩუმად ცრემლებს ყლაპავს, რადგან არ იცის სად მიიყვანოს შვილი, იმიტომ, რომ მას ასი დოლარი არ აქვს, რომ გადაიხადოს სტუდიაში, არადა, შვილს უყვარს მუსიკა და აქვს კარგი მონაცემები… ასეთი მშობლების ნატვრის ახდენა, ყოველგვარი ფინანსური ანაზღაურების გარეშე, პატარა საქმე ხომ არაა? ეს ხომ უფასო გახლავთ და აქ ნებისმიერი, მხოლოდ თავისი ნიჭიერების გამო ხვდება. აქ მათ ელოდებათ დიდი მუსიკა და ასევე ჩემი დიდი სიყვარული მათ მიმართ. მე მათ შვილობილებად აღვიქვამ, აქ ისინი ჩემი მუსიკალური შვილობილები არიან და ყველა მათგანზე პასუხისმგებელი ვარ…-   _ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივაციაა, რატომაც უნდა მოინდომოს მშობელმა, რომ თავისი შვილი, რომელსაც აქვს მონაცემები და უყვარს მუსიკა, თქვენთან მოიყვანოს…
– დიახ, ყველაზე დიდი მოტივაციაა მისი შვილის ბედნიერება. აქ არაა მხოლოდ კლასიკური მუსიკის სიყვარული, ასევე ზიარება კლასიკურ ესთეტიკასთან, დახვეწილ გემოვნებასთან, იმიტომ, რომ ჩვენ კლასიკური მუსიკის ყველა ჟანრს ვეხებით. კლასიკა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სრულყოფილს, დახვეწილს. სრულყოფილი და დახვეწილია ის, მაგალითად, რაც ჩვენ პირველ ტურში ვიმღერეთ – ლუი პრიმას კლასიკა – “სინგ, სინგ” – ეს ჯაზის კლასიკაა. ისევე, როგორც ელვის პრესლია როკ-ენ-როლის კლასიკა… მის უდიდებულესობა ნამდვილ კლასიკაზე მოცარტზე, ბეთჰოვენზე აღარაფერს ვამბობ. ამ კლასიკას ეუფლებიან ისინი…
ეს პროექტი ადრე, როგორც იცით, მხოლოდ ბიჭუნათა კაპელის სახით არსებობდა, თუმცა ახლა ერთგვარი ტრანსფორმაცია განიცადა – დავიმატეთ გოგონები და ჯერ თითქოს დანამატის სახით იყვენენ, ახლა უკვე ორგანული გახდნენ… (თუმცა ცალკე – ბიჭუნათა კაპელა ისევე არსებობს და მუდამ იარსებებს… ეს მხოლოდ საჭიროების დროს ხდება შერეული შემადგენლობა გოგონებთან…) ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით. საკმაოდ რთული ნაწარმოები შევასრულეთ წინა ტურზე, 80-ზე მეტი ბავშვის ერთდროულად შესასრულებლად ეს განსაკუთრებულად რთული იყო. ახლა ისეთ რაღაცას ვმღერით ნახევარფინალში, რასაც სიურპრიზად ვიტოვებთ, არასდროს შესრულებულა ამ ფორმით, ყველა გაურბის და ჩვენ მაინც შევერკინეთ…

– ძალიან რთულია 80 ბავშვის მართვა. როგორ ახერხებთ ამას?
– არ გაიკვირვოთ და არც შეგეშინდეთ ამ სიტყვისა… როგორ და „შიშით“… (იღიმის). ქართველებს გვაქვს ასეთი გამოთქმა, „შიში შეიქმს სიყვარულსა…“ შიში კი თავისი ფორმით მრავალგვარი შეიძლება იყოს… ამ ბავშვებს იმის კი არ ეშინიათ, რომ მათ ფიზიკური, ან ფინანსური თუ იურიდიული სასჯელი ელოდებათ… არა – ამათ უფრო დიდი შიში აქვთ და ამას „უკაპელობა“, ანუ ჩვენ გარეშე ყოფნის შიში ჰქვია… მათ ეშინიათ, აქ ყოფნის უფლების დაკარგვის. რატომ არ უნდათ ამის დაკარგვა? იმიტომ, რომ აქ უნდათ ყოფნა. რატომ უნდათ? _ იმიტომ, რომ აინტერესებთ. რატომ აინტერესებთ?_ იმიტომ, რომ უყვართ აქაურობა და უყვარდებათ ის ადამიანიც, რომელიც ამდენს უჩიჩინებთ. სხვანაირად ბავშვს ვერ დააინტერესებ, ვერ დააძალებ. ამ ორიოდე კვირის წინ, ერთ-ერთ ბიჭს ბრმანაწლავის შეტევა ჰქონდა, ოპერაციაზე შეჰყავდათ და თან ტიროდა, თან მღეროდა, ვაიმე, მალე დამაბრუნეთ, რამეს არ გამოვაკლდეო. რაღა შორს წავიდე, დღეს ერთ-ერთ ბიჭუნას მამა გარდაეცვალა და დღესვე მგლოვიარე მეუღლემ, ანუ ამ ბიჭუნას დედამ, დამირეკა, თუ შეიძლება, სანამ მამას დავკრძალავთ, იქამდე გააცდენსო… თუ საჭიროა, დაკრძალვის დღესაც მოვა ცოტა დაგვიანებითო… რა უნდა მეთქვა…. ან რა უნდა თქვა ამ დროს? მართლა ცრემლები წამომივიდა… ახლაც მეტირება… რამდენად ძვირფასი უნდა იყოს აქ ყოფნა ბავშვისთვის, რომ მშობელს დაარეკინოს და ეს ათხოვნინოს მამის გარდაცვალების დღესვე…- ალბათ, ძალიან ძნელი იქნება მათთან მუშაობა, ისენი ხომ სხვადასხვა ასაკის და მონაცემების არიან…
– რა თქმა უნდა, ახლა ერთ მაგალითს მოგიყვანთ. აი, თქვენ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ხართ, მაგრამ მე და თქვენ მაინც ერთ თაობაში „გავდივართ“… მაშინ როცა ამათთან ერთი წელიც კი რაღაცას ნიშნავს. 9 და 10 წლის ბავშვს შორის უკვე სხვაობაა, 8 წლისა და 13 წლის ბავშვს შორის – მით უმეტეს. ამათ ხომ ათვისების უნარიც სხვადასხვაგვარი აქვს. თითქმის არავის აქვს მუსიკალური განათლება (ამ ეტაპზე – თორემ ისინი მალე უნდა დაეუფლონ მუსიკალურ საგნებს – სხვაგვარად მაღალ მატერიებზე და დიდ წარმატებაზე ფიქრსაც კი ვერ გაბედავენ…). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამძლეობაც ხომ სხვადასხვაგვარი აქვს ამ ასაკის ბავშვებს… როგორ უნდა დააყენო ისე, რომ გაძლონ მინიმუმ 2-3-საათიან რეპეტიციაზე.

– ალბათ, თქვენც ძალიან იღლებით ხოლმე, ხომ..?
– ოო… ალბათ, მხედავთ, რა სახით გამოვდივარ ხოლმე რეპეტიციიდან (იღიმის). მე იმად მიჯდება ეს ყველაფერი, რომ გაკვეთილის მერე ერთი საათი ფაქტობრივად მოსულიერება მჭირდება, რომ გაჩერებამდე მივიდე. ჩვენ ხომ თითოეულ ნოტზე ვმუშაობთ. “როგორ გაბედე მაგ ნოტის გაფუჭება! მაგ ნოტს ხომ ახლა შენ სახეში სილა გაარტყი” და ა.შ. თვითონაც ვერ ხვდებიან, რომ კონსერვატორიის სტუდენტების შესაფერის სირთულეებზეც ველაპარაკები, მერე კი – უკვე „გაცოცხლებული“ ნოტების მადლისგან ხშირად ცრემლებიც მოსდით…
და იცით ეს რა არის?…
მოკლედ – მადლობა უფალს, რომ ამ დიად საქმეს მაკეთებინებს… მე არ ვიცი, ეს ამ ეტაპზე რამდენად შევძელი (1 წელი ჯერ უმცირესი დროა ასეთი დიდი საქმისათვის), მაგრამ მარტო ის რად ღირს, რომ კაპელის 150 ბავშვი ამ ასაკში სიგარეტისკენ არ გაიხედება… ქუჩის „აკადემიაზე“ არ ფიქრობს და ცდილობს ეზიაროს მარად უკვდავ ხელოვნებას, მუსიკაში გაბნეულს…. ეზიარება მოცარტს, ბეთჰოვენს, „ბითლზებს“, „ქვინებს“… მადლიან ქართულ ჰანგებს, განა ეს ცოტაა? ბავშვი, რომელმაც ეს იცის, როგორ გაბედავს ქუჩურ საუბარს და უზრდელობას? მან იცის, რომ მაშინვე დაისჯება… აქ სხვა ღირებულებებია.

– ახლა რთული ეტაპი გელით წინ, ნახევარფინალი. თქვენი აზრით, მაყურებელმა რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი თქვენზე?
– აბა, ის ვენესუელელი ქალი უნდა აირჩიოს, რომელმაც პუბლიკას ჯერ უკანალი და მერე ძუძუები აჩვენა? ან ის იაპონელი, რომელმაც ფინჯანი დაიდო შიშველ ადგილებზე და ამას ტაში დავუკარით? გაახილეთ, ხალხო, თვალი, 80 მომავალი ქართველი ვაჟკაცი და პატარა ქალი, 80 რომ იტყვიან, საჯიშე ქართველი დგას სცენაზე და მღერის… თუ სამშობლო გიყვარს, თუ საქართველო გიყვარს და შენი შვილები გიყვარს, უნდა დაუჭირო მხარი, იმიტომ რომ მათ ირწმუნონ ის, რომ სამშობლოს სჭირდება მათი არსებობა, მათი სიმღერა… ჩემი პროფესიული ზრდისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ პროექტს, მაგრამ მე ამავდროულად ვარ მამა ჩემი შვილებისა და მუსიკალური მამობილი ამ 80 ბავშვისა (ერთი ამდენი მოსამზადებელ ჯგუფშია…) ეს კი სხვა რამეა… მინდა მათ იცოდნენ, რომ სამშობლოს სჭირდებიან და იგრძნონ, რომ სამშობლოსაც უყვარს ისინი. შეხედეთ ამ ბავშვების თვალებს, შეიძლება რომელიმე მათგანი საქართველოს მომავალი პრეზიდენტია, მომავალი პრემიერ-მინისტრი, და უფრო მეტიც – შეიძლება ჩემს კაპელაში საქართველოს მომავალი პატრიარქიც კი მღერის. ჰოდა, თუ გიყვარს შენი სამშობლო, თუ შენი შვილი გიყვარს – ხომ არის ასეთი დალოცვა, „გაეზარდე შენს გამზრდელსო“; თუ ასეთი დალოცვა შეგიძლია, აი ამიტომ უნდა „დაუმესიჯო“ ამ ბავშვებს.

– იმედი გაქვთ გამარჯვების?
– იმედი მხოლოდ ღმერთის უნდა გქონდეს – დიდება უფალს… ეს მაინც კომერციული პროექტია. თუ ის მესიჯები იქნება, რომელიც საქართველოს ხვალინდელ დღეს სჭირდება, ადამიანურად კი, რა თქმა უნდა, იმედი ძალიან დიდია…

ლელა ზურებიანი

წყარო:https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები