“ადამიანის “შეჭმა” ძალიან მარტივია”

მსახიობმა ანი ტყებუჩავამ ცოტა ხნის წინ შვილის 1 წლის იუბილე იზეიმა. გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე კარგად გაერთო, ტორტიც მოეწონა და საჩუქრად მიღებული საცურაო კოსტიუმიც მოირგო.
გაცელქებულ ნენეს თვალებში ნაპერწკლები უბრწყინავს და გარშემო მყოფებს თავისი არსებობით აბედნიერებს…

– შინიდან გადაღებაზე შენი წასვლა ნენემ პირველად როდის გააპროტესტა?

– მას ბებიები ძალიან უყვარს, მათთან თავს კომფორტულად გრძნობს, ჭკვიანად იქცევა – წყნარად ზის და თამაშობს ხოლმე. ჩემთან ყოფნისას უფრო ჭირვეულობს, მით უმეტეს, თუ მობილური ტელეფონი ან “აიპადი” ავიღე. ახლანდელ ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიები ხომ ძალიან აინტერესებთ! მოკლედ, შვილიAარასოდეს გამომტირებია, რის გამოც ბედნიერი ვარ. ბოლო დროს ადამიანების ამორჩევა ისწავლა: ვიღაცასთან მიდის, ვიღაც – არ მოსწონს… ცოტა არ იყოს, მერიდება ხოლმე, როცა ვინმეს ზურგს აქცევს (იცინის), მაგრამ ძალიან კომუნიკაბელური, უკომპლექსო ბავშვებიც არ მომწონს… ნენე ისეთი ვერ იქნება, რომელიც არ მომეწონება. დედა ვარ და შვილს ყოველთვის კრიტიკულად შევხედავ; ვეცდები, რაღაცები არ გამომეპაროს. იმედია, არ “დავბრმავდები”, ნენეს აღზრდისას ყველაფერს (კარგსაც და ცუდსაც) შევამჩნევ და ყურადღებას მივაქცევ.

– გაიხსენე პირველი შეხვედრა ნინას დაქალებთან…

– სერიალის “ქუდების” ჩაწერისას: პირველ “თრეილერში” თინას პერსონაჟს ფეხზე “აფხრეწვას” ვუკეთებთ (იცინის), მეორეში – ინტერნეტიდან გამოწერის თემაზე ვსაუბრობთ. ისე ვქაქანებთ, სრული “დომხალია”! მესამე ვიდეოში სამივე ვმღერით. მოგეხსენებათ, ასეთი ტრადიცია “გვაქვს”: რამდენჯერაც “დავთვრებით”, იმდენჯერ “გავყროყინებთ”. “დაქალებს” შორის, სიმღერა ყველაზე ცუდად მე გამომდის (იცინის).

– ნინას მეგობრები დაქალებად როგორ აღიქვი?

– სერიალში დაქალების როლების შემსრულებლებმა ერთმანეთის შესახებ ისედაც ბევრი რამ ვიცით, ერთად ბევრ დროს ვატარებთ, ჩვენს ეკრანულ ურთიერთობას საფუძვლად სინამდვილე უდევს ანუ მეგობრობას არ ვთამაშობთ.

– პირველი სიგარეტი…

GzaPress– ოზურგეთში მოვწიე (იცინის). იმედია, ამას ბავშვები არ წაიკითხავენ… მაშინ მეხუთე-მეექვსე კლასელი ვიყავი. მახსოვს, სიგარეტი მამას მოვპარე და გავსინჯე. რა თქმა უნდა, დედამ გამომიჭირა (იცინის). გაოცდა: – ეს რა გააკეთეო?! უცებ ვერაფერი მოვიფიქრე. ერთი კლასელი მყავდა, რომელიც დედას საშინლად არ მოსწონდა. ჰოდა, მას დავაბრალე: იმან მომაწევინა-მეთქი. ასე თავხედურად მოვიქეცი. აფერისტობა მეყო და უდანაშაულო ბავშვს ბოროტულად დავაბრალე.Mმეგონა, თუკი ასე მოვიქცეოდი, ჩემი სასჯელი შემსუბუქდებოდა.

– დედამ როგორ დაგსაჯა?

– მითხრა, – ყველაფერს მამას ვეტყვიო. ერთი კვირა არ მეძინა. ვაიმე, ძალიან ცუდი რაღაც გამახსენე… დედა 5-6 დღე არ მელაპარაკებოდა. მეშინოდა, მამას არ გაეგო, რომ სიგარეტი მოვწიე. ბოდიშს ვუხდიდი ხოლმე, ის კი ვერ ხვდებოდა, რის გამო. ახლა ვფიქრობ, შეიძლება, იცოდა კიდეც… ახლა ამის შესახებ დედას რომ ვუყვები, მეუბნება: ვაიმე, ასე ძალიანაც არ მინდოდა, რომ დაგმახსოვრებოდაო. ალბათ, მშიშარა ვიყავი და ეს შიში სიფრთხილეში გადამეზარდა… მოკლედ, პირველი სიგარეტი ჩემთვის საშინელ სტრესთან ასოცირდება.

– პირველი უთანხმოება მშობლებთან…

– მშობლები ჩემი მეგობრები არიან. უფრო ხშირად, მამასთან ვკამათობდი ხოლმე, ტვინს “ვუბურღავდი”: დედა არაფერს ეუბნებოდა, მე კი ცოლივით თავზე დავადგებოდი და შენიშვნებს ვაძლევდი, – ეს ასე კი არა, ისე უნდა გააკეთო-მეთქი და ა.შ. ათას სისულელეს ვუხსნიდი, ერთსა და იმავეს ვიმეორებდი ანუ ძირითადად, იმას ვამბობდი, რასაც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩემი ჯგუფელები ამბობდნენ, რომლებიც თავის მხრივ, ვიღაცის ნათქვამს იმეორებდნენ.

– პირველი როლი…

– “პიონერთა სასახლეში” კონკურსები იმართებოდა. სკოლაში ჩვენი პედაგოგი საკმაოდ შემოქმედებითი ქალი იყო და ყოველთვის საინტერესო რაღაცებს გვთავაზობდა. მახსოვს, სულხან-საბა ორბელიანის 2 იგავი სპექტაკლად დავდგით და პრიზებიც ავიღეთ. საოცარი შეგრძნება დამეუფლა, როცა ჩვენით ამაყობდნენ. უბედნიერესი ვიყავი!..

– პირველი დეპრესია…

– საერთოდ, დეპრესიული სექტემბერში და ივლისის დასაწისში ვხდები: სექტემბერში, დასასვენებლად წასული უკან რომ ვბრუნდები, უენერგიოდ ვარ, მოწყენილობა მიპყრობს, ივლისის დასაწყისში კი ქალაქიდან ყველა გადის, მე კი ამას ვერ ვახერხებ სხვადასხვა მიზეზის გამო… ალბათ, პირველი დეპრესია ერთი სკოლიდან მეორეში ჩემს გადასვლას უკავშირდება: მახსოვს, ეს ამბავი ძალიან განვიცადე. სკოლა იმიტომ შევიცვალე, რომ ძაღლი გამომეკიდა, ვიღაც ბიჭიც გადამეკიდა… მერე დედამ მითხრა, – წამოდი, შვილო, აქვე ახლოს გადასარევი სკოლაა და იქ იარეო. ერთადერთი, რითიც “შემაბეს”, ის იყო, რომ ახალ სკოლაში გაკვეთილები შუადღისას მექნებოდა და დილით დაძინებას მოვახერხებდი (იცინის).

– ბიჭის გადაკიდებისა და ძაღლის გამოკიდების ამბავი მოგვიყევი.

– ის ბიჭი ყვავილებითა და დანა-ჩანგლით კი არ დამდევდა, მაგრამ ხომ იცით, სკოლის უკან ბიჭები რომ დგანან, სიგარეტს ეწევიან, გოგონას მიმართ გარკვეულ ყურადღებას გამოხატავენ? როცა ამის შესახებ შინ დამცინავად ვთქვი, მშობლებმა არ შეიმჩნიეს, მაგრამ გაითვალისწინეს… ძაღლების კი ძალიან მეშინოდა (ახლა – ნაკლებად). ქუჩაში მივდიოდი და უცებ, უშველებელი ძაღლი გამოვარდა. ჩანთა მოვიხსენი, დავაგდე და გავიქეცი. შემდეგ ჩანთა კლასელებმა მომიტანეს, რადგან მე იქ მიმბრუნებელი აღარ ვიყავი, ძალიან შემეშინდა… მშობლებმა სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში გადმომიყვანეს, სადაც ყურადღებას უფრო მეტად მომაქცევდნენ. ახალ სკოლაშიც კარგი კლასელები მყავდა, მაგრამ მოსწავლეობის პერიოდიდან რაც კარგი მახსოვს, მერვე სკოლას უკავშირდება: მხატვრული კითხვის გამოცდები, პრიზები, ეტიუდები, ბევრი ზეიმი… მასწავლებლებზეც ჭკუა მეკეტებოდა! ბავშვებიც და მშობლებიც გიჟებივით, სულ ვქეიფობდით, ოღონდ – როგორ ვასწრებდით, არ ვიცი. სხვა სკოლაში რომ გადამიყვანეს, ძველ ფოტოებს ხშირად ვათვალიერებდი და ვტიროდი…

ახალ კლასში უკვე გოგონების “კოალიციები” დამხვდა. ბიჭებს მსგავსი რაღაცები არ სჩვევიათ – ყოველთვის თბილად გხვდებიან. კლასელი გოგონები უკვე იპრანჭებოდნენ, მსჯელობდნენ, ვის უფრო მაგარი ფეხები ჰქონდა ანუ “სხვაგან იყვნენ”… მერე კი დავმეგობრდით, მაგრამ თავდაპირველად, ჩემთვის მათი მიღება რთული იყო.

– თავად გაპრანჭვა როდის დაიწყე?

GzaPress– ჩემს თვალში, ქალს ისე არაფერი ამცირებს, როგორც მამაკაცისთვის ძალიან შესამჩნევად გაპრანჭვა. ეტყობა, უმრავლესობა უშნოდ იპრანჭება და ალბათ, ამის შემხედვარე ისე დავკომპლექსდი, რომ მოზარდობისას სპორტულ მაისურებს ვიცვამდი – სხეულის ქალურ ფორმებს ვმალავდი, ყურადღების მიქცევა არ მინდოდა… მოკლე კაბების ჩაცმა 25 წლისამ დავიწყე. მანამდე სულ მიმაჩნდა, რომ ცუდი ფეხები მქონდა, მსუქანი ვიყავი, მოტკეცილი კაბა არ მიხდებოდა.Aმოკლედ, არავის ვეპრანჭებოდი. “პაკლონიკები” არც მყავდა და ამის პრობლემაც არ მქონია. ძირითადად, დაქალების “პაკლონიკების” მოგერიებით გახლდით დაკავებული (იცინის). წლების შემდეგ გავიგე, რომ თურმე ვიღაცებს მოვწონდი, ვუყვარდი… რომ ვიკითხე, – რატომ არაფერს მეუბნებოდით-მეთქი? მპასუხობდნენ: ვერ გეუბნებოდითო… ყველაზე მეტად ვინც მომწონს, დღეს ის ჩემი მეუღლეა.

– პირველი სიურპრიზი მეუღლისგან…

– მაშინ ჯერ მეუღლე არ იყო. ისეთ მაისურებზე ვსაუბრობდით, რომლებზეც ცნობილი ადამიანები არიან გამოსახული. ლევანმა თქვა: რაღა ვიღაცის გამოსახულებიანი “მაიკა” ჩავიცვა? ცნობილი ხარ, “შენი” მაისურით ვივლიო. მისი ნათქვამი “გავატარე”. მერეMმახსოვს, წვიმიანი ამინდი იყო. ლევანმა მითხრა, – მანქანიდან გადავიდეთ, გავისეირნოთო. მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე. თხელი ქურთუკი ეცვა. უცებ გაიხადა და დაინიავა. ვიფიქრე, – ამ სიცივეში, წვიმაში ქურთუკს რატომ იხდის-მეთქი? თან, მომერიდა, რომ შემეხედა. ვერც კი წარმოვიდგენდი, ვინმეს მაისურზე ჩემი სახე რომ “ამოეპრინტა” (იღიმის). შემდეგ ასეთი მაისური მეც მაჩუქა.

– პირველი ღალატი…

– არ გამომიცდია. იმედია, ღალატზე სადარდებელი და საფიქრალი არასოდეს მექნება. საერთოდ, შეიძლება, რაღაც თვისება, განრიგი თუ სამსახური მსხვერპლად გაიღო, მაგრამ თუკი ამის გამო გული გწყდება და ტირი, ეს ძალიან ცუდია – შეიძლება, შენში რაღაც ცუდი “აგორდეს”. საყვარელმა ადამიანმა შინაგანი თავისუფლება არ უნდა წაგართვას. ცოლ-ქმარმა ერთმანეთს ანგარიში უნდა გაუწიოს. მშობლების სახლიდან რომ მოვდივართ, დამოუკიდებელ ცხოვრებას ვსწავლობთ. ერთმანეთს თავისუფლება, დამოუკიდებლობა უნდა ვაცადოთ (ცხადია, ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით). საყვარელ ადამიანს ნუ “შევჭამთ”. ადამიანის “შეჭმა” ძალიან მარტივია: ბოლოს და ბოლოს, ორ ისეთ რამეს სთხოვ, რისი შესრულებაც მისთვის ურთულესია და შეიძლება, ამის გამო დაშორდეთ…

– ანი, ტასუნას და ჯეკოს როლის შემსრულებლებმა ეკრანს მიღმა, პირველად “დედა” როდის დაგიძახეს?
– ასე ხანდახან, ხუმრობით მოუმართავთ, მაგრამ პირველად როდის იყო, არ მახსოვს. უფრო ხშირად, ქეთა ეძახის ყოჩის (ლევან ყოჩიაშვილს. – ავტ.) “მამას”. ორივე ბავშვს გადასარევი მშობლები ჰყავს. მათ მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. რომელიმემ რაღაც არასწორად რომ გააკეთოს, არ მესიამოვნება. ძალიან კარგი, გონიერი და რაც მთავარია, კეთილი ბავშვები არიან.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები