საქართველოს 10 გამორჩეული სკულპტურა

ხშირად ვსაუბრობთ, რომ მსოფლიოში არაერთი გამორჩეული და საინტერესო სკულპტურა თუ ძეგლია, ჩვენი ქვეყანაც, სხვა ყველაფერთან ერთად, ამ საკითხში მსოფლიოს ქვეყნებს, რა თქმა უნდა, არ ჩამორჩება.

1. ,,ალი და ნინო“ „ალისა და ნინოს“ ქანდაკება ყურბან საიდის ამავე სახელწოდების ნაწარმოების გმირებს ასახიერებს. აზერბაიჯანელ ჭაბუკ ალის ქართველი გოგონა ნინო შეუყვარდა. ქანდაკების ავტორი ქართველი მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა. სიმეტრიული ქანდაკებები იმით გამოირჩევა, რომ ყოველ საღამოს ალისა და ნინოს ფიგურები ერთმანეთისკენ ნელა მოძრაობენ და ადგილს ყოველ ათ წუთში ერთხელ იცვლიან, სანამ ერთმანეთს არ შეხვდებიან და არ შეერწყმებიან. ამის შემდეგ უკუპროცესი იწყება. ქანდაკება ეფექტურადაა განათებული. 

2. ,,ქართლის დედა“ ქანდაკება თბილისის სიმბოლოდ იქცა. მონუმენტის ავტორია ქართველი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, რომელსაც 1966 წელს ამ ქანდაკებისთვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ქანდაკების ძირში თბილისის ბოტანიკურ ბაღზე ხედი იშლება. 

3. ,,საქართველოს მატიანე“ საოცარი გიგანტური ზომების არქიტექტურულ-სკულპტურული კომპლექსი “საქართველოს მატიანე” ქალაქის გარეუბანში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარეობს. 1985 წელს დაწყებული “საქართველოს მატიანეს” კომპლექსის ავტორი ცნობილი სკულპტორი და ხელოვანი ზურაბ წერეთელია. ძეგლი, რომელიც მაღალ ბორცვზეა განთავსებული, თბილისის სხვადასხვა წერტილიდან კარგად ჩანს. მემორიალთან მისასვლელად თბილისის ზღვის გზა უნდა გაიაროთ, რომლის საშუალებითაც პირდაპირ დაცვის ჯიხურთან და კომპლექსის კიბეებთან მიხვალთ. 

4. “მე, შენ და ბათუმი” ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელიც 2012 წლის მიწურულს საოცრებათა პარკში, ანბანის კოშკის შორიახლოს დაიდგა. ქანდაკება ბრინჯაოსა და ჭედურ ლითონშია შესრულებული და მისი ავტორი ირაკლი წულაძე გახლავთ. ავტორს ამ სკულპტურით ბათუმში ყავის სმის ტრადიციის აღნიშვნა სურდა, სწორედ ამიტომაც მაგიდასთან მსხდომი ქალისა და მამაკაცის ფიგურებია წარმოდგენილი, რომლებიც ყავას მიირთმევენ. სკულპტურა პოპულარული ძალიან მალე გახდა და ქალაქის სტუმრები მასთან სამახსოვრო სურათს ხშირად იღებენ. 

5. ,,ბრუნვა“ ბათუმის იუსტიციის სახლის წინ განთავსებული სკულპტურაა, რომელიც თამარ კვესიტაძემ შექმნა. ადამიანის სახის მოძრავი კომპოზიცია, რომელიც სხვადასხვა ემოციას გამოხატავს. ადამიანის სხეულისა და სახის ერთიან სივრცეში ამ ფორმით წარმოდგენა დროის დინებას აღნიშნავს. 

6. ,,პიკასოს ბიჭი“ ქუთაისში თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორია ძველი დროიდან სასიყვარულო პაემნების ადგილი იყო. ბიჭები ხიდიდან მდინარე რიონში გოგონების თავის მოსაწონებლად ხტებოდნენ. აღნიშნული სკულპტურა ფილმიდან ,,არაჩვეულებრივი გამოფენა“, ამ ტრადიციას ნათლად ასახავს.

7. სკულპტურების სახით წარმოდგენილი მოქალაქეები ბარათაშვილის ხიდზე ბარათაშვილის ხიდი თბილისის ძველსა და ახალ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. სკულპტურები მოძრაობაშია, გოგონა და ბიჭი ერთმანეთს კოცნიან, ერთ-ერთი ბიჭი წყალში ხტება, დანარჩენები დარბიან ან დგანან. ასეთი მოძრაობა ქალაქს ჰარმონიას სძენს.

8. ,,მუზა“ ეს ბრინჯაოს ქანდაკება 1971 წლიდან ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ დგას. მისი ავტორი მერაბ ბერძენიშვილია.

9. ,,გონების აღმაფრენა“ ლ. მამალაძის სკულპტურაა, რომელიც სპილენძითაა შექმნილი. მისი იდეა გონების უსაზღვრო წინსვლა და აღმაფრენაა.

10. ,,ბერიკაობა“ ტერმინი ,,ბერიკაობა“ განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი). კომპოზიციის ავტორი გ. ჯანბერიძეა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

 

მოამზადა ნელი ვერულაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები