მივფრინავ საქართველოდან, საქმეები მაქვს როგორც ევროპაში, ასევე რუსეთში – ნინი ქარსელაძე
მომღერალი ნინი ქარსელაძე ბოლო პერიოდში პოლიტიკურად ძალიან გააქტიურდა – მისი ფეისბუქპოსტები პოლიტიკური შინაარსისაა, არ ერიდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ჟურნალისტებთან და პოლიტიკურ შოუებშიც მონაწილეობს. წინასაარჩევნო პერიოდშიც აქტიურად ჩანდა საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის გვერდით, მის მხარდამჭერ კლიპშიც მიიღო მონაწილეობა და რეგიონებში კონცერტებზეც გამოვიდა “ქუჩის ბიჭებთან” ერთად.
საზოგადოებისგან ნინიმ ამის გამო კრიტიკაც დაიმსახურა, გავრცელდა ჭორებიც, რომ მომღერალს ამ მხარდაჭერის გამო, თანამდებობასაც დაპირდნენ და რომ ნინი ქალაქში პირადი დაცვით გადაადგილდება და ა.შ.
AMBEBI.GE ნინი ქარსელაძეს დაუკავშირდა. მომღერალმა ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილისთვის მილოცვით დაიწყო:
“პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას. ასეც ვიცოდი, რომ ის გაიმარჯვებდა! ამ ქალბატონის საქმიანობას ყოველთვის თვალს ვადევნებდი და უდიდეს პატივს ვცემ იმის გამო, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებდა. დიდი ხანია ის უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის და ჩემს დიდ პატივისცემასაც ამიტომ იმსახურებს.
– ნინი, შენი ოჯახი სააკაშვილის დროს იყო შევიწროვების მსხვერპლი, ამის გამო უპირისპირდები ასე “ნაციონალურ მოძრაობას”?
– ძალიან რთული პერიოდი გამოიარა ჩემმა ოჯახმა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს – ბიძაჩემი ორჯერ დაიჭირეს, ასეთი რამ ისტორიაში არ არსებობს, ერთი ადამიანი ორჯერ დაეჭირათ. ყველგან დაბლოკილები ვიყავით, 8 წელი არსად მიმღერია არც მე და არც “ქუჩის ბიჭებს”, გვეუბნებოდნენ, ზურას მიტინგზე გამოსვლის შემდეგ, შენ და “ქუჩის ბიჭები” “ზემოთ” დაგბლოკესო. ვინ იყო ის “ზემოთ”, წარმოდგენა არ გვაქვს.
– მაშინ მთავარ კონცერტებს სტეფანე და კახა ცისკარიძე ატარებდნენ, რომლებთანაც ვიცი, რომ მეგობრობს თქვენი ოჯახი…
– მე მქონდა კახუჩელასთანაც და სტეფანესთანაც საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. მათ არ ჰქონდათ უფლება ზემოთ დაბლოკილი “ქუჩის ბიჭები” და ნინი ქარსელაძე კონცერტში ჩაესვათ.
– გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ სოფო ხალვაშის მსგავსად, თქვენც დაგიფასდებათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა და თანამდებობაზეც დაინიშნებით…
– ცხოვრებაში არ მიფიქრია პოლიტიკაში ყოფნაზე. დიდი ადრენალინი ჰქონია ამ პროცესებში ჩართვას, მაგრამ არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას. ანასტასიას გეფიცებით, არანაირი დაპირება არ მიმიღია “ქართული ოცნებისგან”, სამსახურიც არ მჭირდება. მე უკან მყავს ოჯახი, რომელიც საქართველოში არ მოღვაწეობს. ჩემთვის თანხაც კი არავის გადაუხდია.
მხოლოდ ჩემი კეთილი ნება იყო, ქალბატონი სალომეს მხარდასაჭერ კონცერტებში მიმეღო მონაწილეობა. თქვეს 500 ლარი გადაუხადესო, ეს მხოლოდ ფორმალობა იყო, რადგან კანონით არ გვაქვს უფლება საარჩევნო კონცერტებში უფასოდ გვემღერა. რაც შეეხება სოფო ხალვაშს, მინდა თქვენი მეშვეობით მივულოცო მას ბათუმის მერის მოადგილის თანამდებობა. ამას იმსახურებს, ის დიდ წვლილს შეიტანს ბათუმის კულტურის განვითარებაში.
– თუ გექნებათ შემოთავაზება, დათანხმდებით?
– მე მივფრინავ საქართველოდან, საქმეები მაქვს როგორც ევროპაში, ასევე რუსეთში. აქამდე მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ იმ ადამიანების მობრუნების საფრთხე დავინახე, ვინც 9 წელი იყო ქვეყნის სათავეში. მხოლოდ იმიტომ გადავდე უცხოეთში საქმეები, რომ წინასაარჩევნო ამბავი ბოლომდე მიგვეყვანა და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გაემარჯვა.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურას მიმართეთ და იმ ხალხს უჩივლეთ, ვინც სოციალურ ქსელში გემუქრებოდათ, მართალია?
– არჩევნებამდე ამ თემის გაჟღერება არ მინდოდა. ნამდვილად შევიტანე სარჩელი პროკურატურაში, იმედი მაქვს ჩვენი ახალი პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი სტრუქტურა მალე გამოიძიებს საქმეს და პასუხი მოეთხოვება ყველა იმ ადამიანს, ვინც საშინელებებს მწერდა და მემუქრებოდა. ესენი არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ფსიქოლოგიური გატეხვისთვის და ადამიანის დამცირებისთვის არსებობს ასეთი ხალხი. თუმცა, მათ მინდა ვუთხრა, ამდენი ტალახის სროლით და ბინძური კამპანიით უფრო გავძლიერდი. რამდენიმე ცნობილ ადამიანსაც დაიბარებენ პროკურატურაში, პასუხს მოთხოვენ სამართლებრივ ჭრილში.
დათო იმედაშვილს და მაია დარსმელიძესაც უჩივლე?
– დათო იმედაშვილი ვინ არის, საერთოდ არ ვიცი. ერთხელ ჩამიგდეს მისი სტატუსი და მაშინ გავიგე მისი არსებობა. რაც შეეხება მაია დარსმელიძეს… მე სტეფანესთან ვგრძნობ თავს შერცხვენილად და დამნაშავედ, რადგან გადავედი იმ მოედანზე, სადაც არასდროს გადავსულვარ 28 წლის მანძილზე, პრინციპები დავარღვიე, მაგრამ მაია დარსმელიძემ შეურაცხყოფა მიაყენა „ქუჩის ბიჭებს“. ჩემზე შეიძლება გავატარო ნებისმიერი ტალახის სროლა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვის გამოც პრინციპებსაც ვარღვევ. კონკრეტულად, რომელ ცნობილ ადამიანებს დაიბარებს პროკურატურა, ჯერჯერობით ამის თქმის უფლება არ მაქვს.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირადი დაცვა აიყვანეთ…
– ეს არის მხოლოდ ხუმრობა. ბოლო დროს იმდენი მუქარა იყო, ჩემმა ახლობლებმა იუმორით დაიწყეს საუბარი, საშიშია ქუჩაში შენი სიარულიო და ჩემი პასუხი იყო, დაწყნარდით დაცვა ავიყვანე-მეთქი, აქედან გავრცელდა ეს ჭორი. მართალია გამარჯვებულ ადამიანებს არ ასამართლებენ, მაგრამ ვიცი ახლა დიდი დაკვირვების ქვეშ ვარ და ვცდილობ გასართობ ადგილებს მოვერიდო.
– რა გეგმები გაქვთ?
– მაგისტრატურაში უნდა ჩავაბარო და დავიკმაყოფილო ის ინტერესები, რაც მაქვს.
წყარო:https://www.ambebi.ge