“წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა სურათი დახვდა ადგილზე მისულ დედას” – შემზარავი ტრაგედიის დეტალები

27 ნოემბერს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაგედია დატრიალდა. და-ძმასთან და მამასთან ერთად სასეირნოდ მყოფი წლინახევრის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
„პრაიმტაიმს“ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ახლობელი მარიტა დამენია ესაუბრა, რომელმაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ფაქტზე 17 წლის გოგო დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ჩვენი ინფორმაციით, 17 წლის ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცუდად გახდა, რის გამოც ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტრაგედიის დღეს მას ლისის ტბის მიმდებარედ შეყვარებული ახლადშეძენილი ავტომობილით მართვას ასწავლიდა, რა დროსაც, სავარაუდოდ მუხრუჭის და გაზის „პედლები“ აერია, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ პერიმეტრზე დიდი სისწრაფით შევარდა.
„როგორც გავიგეთ, ამ 19 წლის ბიჭს მამამ 15 ათას დოლარად ML-ს ჯიპი უყიდა. მანქანა ჯერ განბაჟებულიც არ იყო, რომ ბიჭმა გადაწყვიტა თავისი შეყვარებულის ლისის ტბაზე გასეირნება. მართვის მოწმობა არცერთს არ ჰქონიათ. ბიჭმა საჭესთან დასვა – ტარებას გაწავლიო. სწრაფად მოძრაობდნენ“, – ამბობს მარიტა დამენია.
სწორედ ამ დროს გოგა ჯულუხიძეს სამი მცირეწლოვანი შვილი ლისის ტბაზე სასეირნოდ ჰყავდა წაყვანილი. ბავშვები ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილ პერიმეტრზე სათამაშოდ შევიდნენ, რა დროსაც საავტომობილო გზიდან ML-ს მარკის ავტომობილმა დიდი სისწრაფით ჯერ სარეკლამო ბანერი, შემდეგ კი საგზაო ნიშნები და ბუჩქები გაარღვია და იქვე მყოფ წლინახევრის ტასო ჯულუხიძეს დაეჯახა.
„გოგამ ბავშვები ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შეიყვანა. იმ პერიმეტრზე მანქანით მოძრაობა აკრძალულია და შესასვლელი შალაგბაუმით არის გადაკეტილი. უფროსი როლიკებით კატაობდა, იქვე იყო შუათანაც და ტასოც. მოულოდნელად ავტომობილმა გაიტანა სარეკლამო ბანერი, საგზაო ნიშნები, ბუჩქები გაარღვია და პირდაპირ ბავშვების მიმართულებით წამოვიდა. ამ დროს უფროსმა, 10 წლის ბავშვმა თავისი მცირეწლოვანი და ხელში აიტაცა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ როლიკებზე იდგა, თავად წაიქცა, წლინახევრის ბავშვი ხელიდან დაუსხლტდა, რა დროსაც მას ავტომობილი ე.წ. ბამპერით პირადპირ თავის არეში დაეჯახა“, – ამბობს მარიტა დამენია.
თვითმხილველების გადმოცმით, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბავშვი რამდენიმე მეტრზე მოისროლა, ხოლო უფროსი გოგონა, რომ არ წაქცეულიყო, ავტომობილი მასაც დაეჯახებოდა.
„თავის არეში მიყენებული უმძიმესი დაზიანებით ბავშვი იქვე, წამებში გარდაიცვალა. ფუძის ძვალი ჰქონდა გადატეხილი. დედას ამბავი სამსახურში გააგებინეს. სასწრაფოდ ტაქსით წამოვიდა, მაგრამ აქ ერთი უნამუსობის შესახებ მინდა გითხრათ კიდევ: ტაქსის მძღოლმა, როდესაც გაიგო, რა მოხდა და სად მიდიოდა გაგიჟებული დედა, შუა გზაზე ჩამოსვა, ვერ წაგიყვანო. ხომ წარმოგიდგენიათ რა არაადამიანი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო. არ სურდა, მოწმე ყოფილიყო. ასეთი დამოკიდბეულება ხომ ხშირად გვხდება – რა ჩემი საქმეა, რამე შარი არ იყოს და ა.შ. ბოლოს როგორც იქნა დედა მივიდა ადგილზე და იქ რა სურათიც დახვდა იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია“, – გვიყვება ოჯახის ახლობელი.
„გოგო დააკავეს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, აქ მთავარი პასუხისმგებლობა ბიჭს და მამამისს ეკისრებათ, რომელმაც შვილს მართვის მოწმობის გარეშე ჯერ ძვირადღირებული ავტომობილი უყიდა, მერე კი ქუჩაში გაუშვა „სამარიაჟოდ“, – ამბობს მარიტა დამენია.
წყარო: https://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები