როგორ ვიმუშაოთ ასტროლოგიურ ნათალურ რუკასთან?

დამწყებთათვის პირადი  რუკის ინფორმაციის მიღების და გაანალიზების პრაქტიკული რჩევები

რაც დრო გადის ასტროლოგია პოპულარული და საინტერესო ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის, თუმცა ინფორმაციის გამოყენება პრაქტიკული გზით დამწყებთათვის ალბათ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ზოგმა ასტროლოგს მიმართა უკვე და ასე თუ ისე გაერკვა საკუთარ ბედიღბალში და ფსიქოტიპში, ზოგი დამოუკიდებლად ცდილობს მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია საიტების მეშვეობით, თუმცა ორივე მხარეს აქვს დასაწყის სტადიაში გარკვეული პრობლემები ინფორმაციის დაწყობასა და შემდგომ გამოყენებაში. გთავაზობთ მცირედ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა იმუშაოთ ასტროლოგიურ რუკასთან და რა უნდა გაითვალისწინოთ ყველაზე მეტად პრაქტიკაში რომ გამოგადგეთ.

რადგანაც პირადი რუკა საკმაოდ ვრცელია და დიდი ინფორმაციაა მასში თავმოყრილი, საჭიროა დაყოფა კატეგორიებად, სფეროებად და პრიორიტეტებად. ანუ სახლებისა და პლანეტების სისტემად. თუ ჩანაწერის სახით გაქვთ პირადი რუკა შედგენილი კარგი იქნება მოსმენისას შეადგინოთ რვეულში 12  სიმბოლური სახლი, რომელიც განაგებს 12 სხვადასხვა სფეროს.  სახლების სისტემა მიანიშნებს სფეროებს სად აქვს პოზიტივი ან ნეგატივი ადამიანს.  ჯერ მოკლედ დაახასიათეთ სახლების მნიშვნელობა პირად რუკაში და შემდეგ უბრალოდ  ციფრებით რვეულში აღნიშნეთ სახლების და პლანეტების მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში. ვთქვათ 1-ლ სახლში მდებარეობს მარსი,  რაც ადამიანის იმიჯზე  და გარეგნობაზეც ახდენს გავლენას. 1 სახლზე შეგიძლიათ მიაწეროთ მარსის მდებარეობა და მოკლედ დაწეროთ მისი გავლენის შესახებ რაც ასტროლოგმა დაგიხასიათათ ან საიტზე მოკლედ მოიპოვეთ ინფორმაცია.  თუ მაინცდამაინც ვერაფერი გაარკვიეთ ჩაწერთ ინტერნეტის საძიებო სისტემაში „მარსი სახლებში“, ამოგიგდებთ სხვადასხვა ქართულ საიტებზე სტატიებს და გაეცნობით „მარსი 1-ლ სახლში“  სტატიას. მიყევით ასე 12 სახლამდე და გექნებათ 12 -ვე სფეროს შესახებ მოკლე ანალიზი რვეულში, ანუ ასე ვთქვათ „შპარგალკა“. ეს მოკლე ინფორმაცია დაგეხმარებათ ნელნელა დაიმახსოვროთ თქვენი რუკის ძირითადი შტრიხები და შემდეგ გამოიყენოთ ეს ინფორმაცია უკვე პრაქტიკულადაც. რაც შეეხება ჯერ ასტროლოგიურ სახლებს;

I სახლი – იგივე ასცენდენტი. გარეგნობა,  იმიჯი.  მმართველია ამ სახლის ვერძი და ავლენს ადამიანის „მე“-ს ოღონდ ფასადურს, იგივე საზოგადოებრივი ნიღაბი ასე ვთქვათ.

II სახლი – ფული მატერიალური ფასეულობები, შემოსავლები, ფულის და შემოსავლების მიმართ დამოკიდებულება, ფულის გამომუშავების ენერგია და შესაძლებლობები. მართავს კურო.

III სახლი – კომუნიკაციები,  ურთიერთობები გარშემომყოფებთან.   ხანმოკლე მოგზაურობები, დები და ძმები, მეზობლები, ნათესავები. მართავს ტყუპები.

IV სახლი –  სახლი, ზოგადად საცხოვრებელი გარემო, ბავშვობა,  მშობლები, ქალებისთვის ბავშვის ჩასახვა, დედობა, მშობიარობა.  ინკარნაციის მოტივაციის სახლი,  ქვეცნობიერის და წინა ცხოვრების კარები ასე ვთქვათ. ეს სახლი მიუთითებს ვინ და როგორი ვიქნებით ცხოვრების ბოლო წლებში. რაც უფრო ასაკში შეხვალთ, მით უფრო დაემსგავსებით იმ ნიშანს, რომელიც თქვენს მეოთხე სახლს შეესაბამება. მართავს  კირჩხიბი.

V სახლი – რომანტიული ურთიერთობები, ბავშვები,  ჰობი, გატაცებები, გართობა და თამაშები, ხელოვნება, შემოქმედებითი პოტენციალი. მართავს ლომი.

VI სახლი – სამსახური და მომსახურება,  გაცემა და მიღება  მუშაობის სტილი და სამუშაო გარემო. ჯანმრთელობა. მართავს ქალწული

VII სახლი – ქორწინება და პარტნიორობა.  საქმიანი პარტნიორების  სახლი.  ასევე მიუთითებს ღია მტრებზე და მათ მახასიათებლებზე. მართავს სასწორი.

VIII სახლი – სიცოცხლე, სიკვდილი,  სექსი და მისდამი დამოკიდებულება, განახლება. მართავს სხვის (ახლობლების, თუნდაც მეუღლის) ფულს, ფინანსებს. მართავს მორიელი.

IX სახლი – რელიგიურობა,  რელიგია, ფილოსოფია, უმაღლესი განათლება, პედაგოგიკა,  ხანგრძლივი მოგზაურობები, უცხოეთის ზონა. მართავს მშვილდოსანი.

X სახლი – კარიერა, კარიერული მიღწევები, ამბიციები, საქმიანი იმიჯი და შესაძლებლობები. მართავს თხის რქა.

XI სახლი – სოციუმი,  მეგობრები, კოლექტივი, თანასწორობა, ტექნოლოგიური უნარები. მართავს მერწყული.

XII სახლი – ფსიქოლოგიური პრობლემები, შეზღუდვები და შეზღუდვის ადგილები (ციხე,საავადმყოფო), ფარული მტრები, ასევე ფარული მოტივები ადამიანის. მართავს თევზები.

 

 

გადავიდეთ პლანეტებსა და მათ ზოდიაქალურ ნიშნებში მდებარეობაზე.

 

ყველა პლანეტა მიანიშნებს გავლენის სფეროსა და ხასიათშტრიხზე. მაგალითად მთვარე მართავს ქვეცნობიერს და ემოციებს, მერკური გონებას და კომუნიკაციის უნარებს, მარსი ფიზიკურ აქტიურობას, ვენერა კი ადამიანის ესტეტურ და სიყვარულის უნარებს. მართავს ნიშნავს იმას, რომ ამადა ამ სფეროში როგორი ფსიქოტიპი გაქვთ და როგორი ხასიათი. ვთქვათ ვენერას სფეროში, ანუ სიყვარულში როგორ ავლენთ თავს, ესტეტურად როგორი მიდრეკილებები გაგაჩნიათ, ასევე მერკური, როგორი კომუნიკაციის უნარი გაქვთ, თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორ მტყველებთ. ასე რომ დააკვირდით ყველა პლანეტას რა ენერგიებს ფლობთ შესაბამის სიტუაციებში რომ შეისწავლოთ თავი და დაამუშაოთ ნეგატიური მხარეებიც ამავე დროს. როდესაც იცით პლანეტების ენერგიები რომელ უნარს მიანიშნებს უკვე ადვილად გამოიყვანთ მოკლე დახასიათებას თქვენი პიროვნულობის შესახებ.

მზე – არის თქვენი ზოდიაქო, ანუ თქვენი „მე“ -თქვენი სული. რომელ ნიშანშიც მზე მდებარეობდა დაბადების მომენტში იმ ზოდიაქოს მატარებელი ხართ თქვენ. ასევე სახლებს აქვს მნიშვნელობა, რომელ სახლშიც მზე იმყოფებოდა იმ სფეროში და იმ გარემოში გრძნობთ ყველაზე კომფორტულად თავს. თქვენი მეორე „მე“ სწორედ ამ სახლის თვისებების, უნარებისა და ენერგიის მატარებელია.

მთვარე – ქვეცნობიერი. თქვენი ემოციები, შინაგანი სამყარო, უხილავი გრძნობითი სამყარო. როდესაც მარტოდ რჩებით თქვენს თავთან მაშინ ჩანს თქვენი მთვარის სამყარო ყველაზე კარგად. რომელ სტიქიაში და რომელ სახლშია მთვარის მდებარეობა ემოციურად და ქვეცნობიერად ზუსტად ამ ნიშნების დამახასიათებელი თვისებები გაქვთ. სერთოდ ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა და მზეზე უფრო მეტი გავლენაც კი შეიძლება ჰქონდეს ქალზე, რადგანაც ქალი ხომ ქვეცნობიერთან, ემოციებთან და გრძნობებთან არის კავშირში. კაცის შემთხვევაში კი აღნიშნავს თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს მის საყვარელ ქალს, რომელთანაც გადაწყვეტს ყოფნას.

მთვარის კვანძები– აღმავალი და დაღმავალი კვანძები. ეს რუკაზე მიუთითებს წინა ცხოვრებაში განვლილ გზას და კარმულ პროგრამებს, რომელიც წინა ცხოვრებიდან მოიტანეთ. აღმავალი კვანძი კი სულის მიერ არჩეულ ახალ პროგრამას მიანიშნებს, თუ საით  და რა მიმართლებით უნდა წავიდეს ადამიანი. ეს არის ყველაზე მნიშნველოვანი პოზიცია ასტროლოგიაში, რომელიც მიგვითითებს ჩვენს სულიერ გზას და რომელ სახლებშიც მდებარეობს ეს კარმული კვანძები მიუთითებებ ასევე წარსულისა და ახალ გამოცდილების მიმართულებებზე. ბევრი ასტრილოგი თვლის, რომ დაღმავალი კვანძის სახლი მიანიშნებს, თუ რომელი ზოდიაქოს თვისებებს ვატარებდით წინა ცხოვრებაში და როგორი იყო ჩვენი „მე“. როგორი ცხოვრების სტილი და რა დამოკიდებულება გვქონდა გარშემომყოფებთან.

მერკური – ეს პლანეტა მიუთითებს თუ როგორი გონებრივი და კომუნიკაციის  შესაძლებლობები აქვს ადამიანს, როგორ იღებს ინფორმაციას და როგორ ამუშავებს მას. როგორ უდგება ინფორმაციას და როგორ შეუძლია დაამუშაო მიღებული ცოდნა.

ვენერა – ეს არის სიყვარულის, სილამაზის, მშვენიერების მმართველი პლანეტა. ქალის რუკაში განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას სიყვარულის მიმართ. თუ როგორი მგრძნობიარეა სასიყვარულო სფეროში და როგორ აღიქვამს სილამაზეს სამყაროში. ვენერა ასევე დაკავშირებულია ფულთან, მისი ასპექტები ან სახლი მიანიშნებს, თუ რა პოტენციალი აქვს ადამიანს ფინანსურ სფეროში.

მარსი – ეს არის აგრესიული პლანეტა. ადამიანს აძლევს ბრძოლისა და აქტიურობის უნარს. ის მეომარი პლანეტაა და გამოხატავს თუ როგორ შეგვიძლია საკუთარი პრინციპებისა თუ სიმართლის გატანა აქტიურ სამყაროში. სამსახურში თუ აქტიურ ქმედებებში რა ენერგიებს ვიყენებთ და როგორ ვიბრძვით არსებობისთვის  და საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის. მარსი ქალის რუკაზე განსაზღვრავს მისი სიყვაურლის ობიექტის სავარაუდო თვისებებს, თუ რა მოსწონს მამაკაცში ქალს და როგორი იქნება მისი მეორე ნახევარი. კაცში კი განსაზღვრავს თუ როგორი იქნება ინტიმურ ურთიერთობებში.

იუპიტერი – ეს არის გამარჯვების მაჩვენებელი ჩვენს რუკაზე. რომელ თვისებებზე დაყრდნობით მივაღწევთ წარმატებას ცხოვრებაში. რა თვისებების გამოვლენას გვთხოვს სამყარო და რომელ სფეროებში უფრო მეტად უნდა წარმოვაჩინოთ თავი. იუპიტერის სფერო, სადაც დაბადების მომენტში ის მდებარეობდა, მოგვიტანს სახელს, პრესტიჟს და ფინანსურ სარგებელსაც.

სატურნი – ეს არის დამსჯელი პლანეტა, შეზღუდვების პლანეტა. საერთოდ მიუტითებს წინა ცხოვრებაში არსებულ ხასიათშტრიხებს, რომელიც ვერ დავხვეწეთ, ვერ დავამუშავეთ და რომელიც ჩვენს ევოლუციას აფერხებდა. ახლა ეს თვისებები მაქსიმალურად დასამუშავებელი გვაქვს და სატურნიც გამოცდებს ჩაგვიტარებს იმ სფეროში (სახლში) სადაც სატურნია და იმ ზოდიაქოში სადაც დაბადების მომენტში მდებარეობდა. ესეიგი არსებობს ზღვარი რასაც არ უნდა გადავცდეთ არაფრით და თუ გადავალთ ამ ზღვარს აუცილებლად მიგვახვედრებს სამყარო ამის შესახებ და დაუსჯელად არ დაგვტოვებს. საერთოდ სატურნი რომელ სფეროშიც არის იმ მდებარეობაში არ არის სასურველი პროფესიის არჩევა. ამ ზონაში ორმაგი ძალისხმევა შეიძლება დასჭირდეს ადამიანს და ბევრი კარმული გამოცდის გავლა მოუწევს სანამ ბოლომდე არ გაუჯდება ადამიანს ზომიერების გრძნობა. ვინც მოხვდება ამ გზაზე ესეიგი კარმა მიუთითებს, რომ ამ სფეროში კარმული ვალი უნდა გაისტუმროს.

ზემოთ რაც ავღნიშნეთ „ პირადი“ პლანეტების სტატუსით არიან ჩვენს რუკაზე, რომელიც ადამიანის ინდივიდუალიზმს აყალიბებს და მხოლოდ მის შინაგან სამყაროსთან არის დაკავშირებული, რაც შეეხება საზოგადო პლანეტებს. ( რათქმაუნდა მაინც პირადთან არის დაკავშირებული, თუმცა საზოგადოებრივ კარმას ეზიარება და ამ კარმას უკავშირდება იდნივიდი ამ პლანეტებით.

ურანი – არის ორიგინალურობის, პროგრესის, მეცნიერების და ტექნიკური სფეროს მმართველი პლანეტა. ურანი ასევე ასტროლოგიის, მეგობრობის და ანარქიზმის პლანეტაც არის. მისი მდებარეობა ნიშანში აღნიშნავს ჩვენს ორიგინალურობის ფორმას, ჩვენს ზოგად მსოფლმხედველობას იდეების, რეფორმების და თავისუფლების მიმართ. ასევე მისი დადებითი მდებარეობა ჩვენს ორიგინალურ იდეებზე და ახლებურად ხედვაზე ახდენს გავლენას, დაზიანების შემთხვევაში კი ანარქიზმზე და დაუმორჩილებელ, ამბოხებულ სულზე მიანიშნებს.

ნეპტუნი – ეს არის ჩვენი ფანტაზიები, ჩვენი ოცნებები, ჩვენი ილუზიები, ინტუიცია, მისტიკასთან კავშირი და კოსმიური უმაღლესი სიყვარულის უნარები. ხშირად უაყოფითი კუთხით იძლევა ფანტაზიებს და არარეალურ და ილუზორულ ხედვას, თუმცა დადებითი კუთხით დიდ მისტიურ უნარებს, რომანტიულ და კეთილშობილურ ბუნებას და მეოცნებე ნატურას სძენს ადამიანებს.

პლუტონი – ეს არის ნგრევის, სიკვდილის, ტრანსოფრმაციის და თავიდან დაბადების ენერგიის მატარებელი პლანეტა. ის მართავს მასებს, ამბოხებებს, რევოლუციურ გამოსვლებს, ინდივიდში კი იწვევს ტრანსოფრმაციის უდიდეს უნარს. საერთოდ ეზოთერიაში პლუტონი დაკავშირებულია წინა ცხოვრების სიკვდილთან და ამ ცოხვრებაში შემოსვლის ენერგიებთან.

ლილიტი, ანუ შავი მთვარე – ეს პოზიცია რუკაში აღნიშნავს ჩვენს ყველაზე ბნელ მხარეს. ჩვენს შეცდომებისა და ყველანაირი პრობლემის თავს. ლილიტი დაკავშირებულია შავ ძალასთან, ბნელ ენერგიებთან და იმ ზონიდან ყველაზე ადვილად ახერხებს ჩვენს ცდუნებას თუ პრობლემების შექმნას. ჯანმრთელობისა და პრობლემების სახეს ხშირად ლილიტის ზონა აღნიშნავს, თუმცა მისი კორექტირება და დამუშავება საშუალებას მოგცემთ განთავისუფლდეთ კარმული ვალებისაგან და მისი ნეგატიური დამანგრეველი ენერგიებისგან. ლილიტი არის წარსულ ინკარნაციასთან დაკავშირებული, ის მიანიშნებს, თუ რომელ სფეროში რა თვისებებს იყენებდა ადამიანი ყველაზე დაბალ დონეზე და ისევ ამ თვისებებითვე ეცდება ადამიანის ცდუნებასა თუ დარტმების მიყენებას.

სელენა– თეთრი მთვარე ანუ მფარველი ანგელოზი – ეს არის ლილიტის საპირისპირო ძალა. ყველაზე ნათელი მხარე ადამიანში. ეს ის თვისებები და ის სფეროა, რომელსაც მაქსიმალურად უნდა დაეყრდნოს ადამიანი. უნდა განავითაროს თავის თავში და ამ თვისებების გზით ის შეეცდება საკუთარ თავში ნეგატივის შემცირებას. ეს არის ის ენერგია, რომელიც მფარველ ანგელოზს უკავშირდება და რომელიც იცავს ადამიანს როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სტრესებისგან და რყევებისგან. სელენა არის ღვთიური დაცვა ადამიანის, მისი წინა ცხოვრებაში ჩადენილი „გმირობების“ თუ სიკეთის აღმნიშნველია და იმ ზონას მიუთითებს, თუ სად და რა ფორმით მაქსიმალურად ბევრი სიკეთე ჩაიდინა ადამიანმა.

აუცილებელია ყურადღებით დააკვირდეთ  პლანეტა  რომელ სახლში მდებარეობს,  რადგანაც ეს სახლი  მიანიშნებს საით მიმართავთ პლანეტის ენერგიას და თვისებებს, რომელ სფეროში მოახდენთ რეალიზებას პლანეტარული  ენერგიების და სად იქნებით წარმატებული სფერო ან თუნდაც პრობლემების ალბათობა რომელი ზონიდან იქნება მოსალოდნელი.

ესეიგი თანმიმდევრულად რომ მივყვეთ; რვეულში წერთ სახლებს ანუ ციფრებს 12 რიცხვამდე, თუ გნებავთ დამატებით მიაწერთ სახლის აღმნიშვნელ სფეროს. შემდეგ უწერთ რომელი სახლი ჯერ რომელ ზოდიაქოშია, ვთქვათ მე-3 სახლი მდებარეობს სასწორის ზოდიაქოში, ესეიგი ადამიანს ჰარმონიული და დიპლომატიური ურთიერთობები აქვს გარშემომყოფებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან, ეს ძალიან მოკლედ.  თუ არის მე-5 სახლი ანუ შვილების, სიყვარულის სახლი ვთქვათ ვერძში, ადამიანი საკმაოდ მიამიტი შეიძლება იყოს პირად ურთიერთობებში, ასევე ახასიათებდეს იმპულსურობა და შესაძლოა დაუფიქრებელი და პირდაპირი გამონათქვამებით გამოირჩეოდეს პირად ურთიერთობებში, ამავე დროს კონფლიქტურიც შეიძლება იყოს. ანუ სახლი ზოდიაქოს ნიშანში ასევე აღნიშნავს ამადა ამ სფეროში როგორ ავლენთ თავს, როგორ უყურებთ კონკრეტულ სახლს და როგორ იქცევით კონკეტულ სახლში პლანეტების არყოფნის მიუხედავად. ხოლო პლანეტა უკვე კონკრეტულ ენერგიას მიმართავს  სფეროში და კიდევ უფრო ააქტიურებს სახლს ცხოვრებაში ახალი დამატებითი შტრიხებით.  სასურველია ასტროლოგმა დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ სახლების მდებარეობის, ასევე რათქმაუნდა პლანეტების ნიშნებსა და სახლების შესახებ. და თუ ასტროლოგისთვის არც მიგიმართავთ თავადაც შეგიძლიათ ამ პრინციპით გაერკვეთ ნათალური რუკის შესადგენ საიტებზე.  შემდეგ წერთ პლანეტებს  მდებარეობას ნიშნებსა თუ სახლებში და აკეთებთ მოკლე ჩანაწერს.

მაგალითი განვიხილოთ დღევანდელი რუკა თუნდაც.

1 სახლი კირჩხიბიში.  იმიჯი ემოციური, მორცხვი, მგრძნობიარე.  არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ურჩევნია  კონფორტული მშვიდი გარემო. ასეთია პირველადი შთაბეჭდილება სხვების თვალში.

2 სახლი ლომში, იუპიტერი რეტროგრადული.  ფინანსებში ფრანტველია თუმცა შემოსავალი შეიძლება დიდი იყოს, რადგანაც გამარჯვების პლანეტა მდებარეობს ფინანსების სახლში. შესაძლოა წარმატება ხელოვების სფეროში, სათამაშო ბიზნესში, გასართობი ცენტრებისგან ან ლიდერული უნარების გამოვლენისას.

3 სახლი ლომის ბოლო გრადუსებში, თუმცა ძირითადი ქალწულის ზოდიაქოში ხვდება. გასათვალისწინებელია ორივე ფაქტორი.  შავი მთვარე ანუ ლილიტი ამავე სახლში. ნათესავებთან, ლიდერული პოზიცია,  ზოგჯერ გულთბილობის და დიდსულოვნების გამოვლენა. ამავე დროს სიცივე და მეწვრილმანეობა, ან პრაგმატულობა. ლილიტის შემთხვევაში პრობლემები და კონფლიქტები ნათესავებთან, ახლობლებთან, მეზობლებთან (რომელიმესთან მაინც) ძირითადად ჭორები, ინტრიგები, გაუგებრობები და დეზინფორმაციის ალბათობაა მოსალოდნელი. პრობლემები ვლინდება სკოლის პერიოდშიც. რადგანაც ნეგატიური ლილიტი ამ სახლში მოხვდა, ყურადღებაა მისამართი ამ სახლისკენ. პირველ რიგში არ ღირს ნათესავებზე ან გარშემმყოფებზე დიდი იმედების დამყარება, რადგანაც ყოველთვის იქნება შანსი მათთან პრობლემებისა. ადამიანი ინფორმაციასთან ფრთხილად უნდა იყოს, შესაძლოა მოატყუონ ან ხალხის კრიტიკის ქარცეცხლში იქცეს. ასევე სასრველია ნაკლები ილაპარაკოს ადამიანმა და კონტაქტებიც შედარებით შეამციროს. უნდა დავაკვირდეთ შავი მთვარის მდებარეობასაც, ის ამ რუკაზე ქალწულის ზოდიაქოშია, რაც აძლიერებს ადამიანში ეჭვიანობას, მეწვრილმანეობას, სისუფთავისადმი მიდრეკილებას ან ზედმეტად უსუფთაობას. პრობლემებია ჯანმრთელობის მხრივაც და სამსახურშიც. ესეიგი ამ მხრივ უნდა მიმართოს ადამიანმა მეტი ყურადღება, რომ გამოასწოროს ნეგატიური გავლენა ამ სფეროებში. პრობლემაა დეტალიზაცია ყველაფრის და ასევე ზედმეტი მიწიერებაც.

აღარ მივყვები სრულ რუკას რათქმაუნდა,  თუმცა გარკვეულწილად ნათელია როგორ შეიძლება პრაქტიკული და მოკლე ანალიზი გამოიყვანოთ პირადი ინფორმაციიდან ვისაც არ გსურთ  და არც შეგიძლიათ დამახსოვრება  საკმაოდ დიდი ინფორმაციის. ამის შემდეგ შეგეძლებათ ჩართოთ ასპექტების თემა. რომელი პლანეტა კონფლიქტში რომელ პლანეტასთან არის და ამათ შორის რომელი სახლები ანუ სფეროები უპირისპირდებიან ერთმანეთს. ასევე სად არის დადებითი შანსები და სად იქნება შესაძლებელი სირთულეების გვერდის ავლა.

რუკასთან მუშაობის ყველას თავისი ტექნიკა აქვს რათქმაუნდა, თუმცა დამწყებებისთვის ვფიქრობ ეს მოკლე რეკომენდაცია სასარგებლო ნამდვილად იქნება. წარმატებები ასტროლოგიის საინტერესო და იდუმალ სამყაროში ყველას. მცირედი დრო და ყელაფერში საკმაოდ ადვილად და მალე გაერკვევით. შესაბამისად შეძლებთ თქვენი ბედის დადებითი პოტენციალი წამოწიოთ წინა პლანზე და კარმული შეცდომები აირიდოთ თავიდან.

წყარო: http://ezoteria.ge/menu_id/13/id/22/

კომენტარები

სხვა სიახლეები