“ღალატისგან მიყენებული ტკივილი მხოლოდ ერთხელ ვიგემე”

მსახიობი ნინი ოკუჯავა ამბობს, რომ მისი ცხოვრების წესი ბავშვობიდან მოყოლებული, აქტიური და ენერგიულია… 4 წელია, რაც ნინი შეყვარებული გახლავთ, მაგრამ წყვილი დაოჯახებას ჯერჯერობით არ გეგმავს.

ბავშვობა
– როგორი იყავი ბავშვობაში? მშობლებს ხშირად აბრაზებდი?
– ძალიან ცელქი ვიყავი. ერთ ადგილას დიდხანს ვერ მაჩერებდნენ, სულ დავრბოდი, დავხტოდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა გამეფუჭებინა. დედაჩემის მონაყოლიდან მახსოვს, რომ დავიბადე თუ არა, მის ცხოვრებაში ძილი და სიმშვიდე გაქრა (იცინის). ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს. რთულად აღსაზრდელი ვიყავი. სიცელქე დღემდე მომყვება, ძალიან ხიფათიანიც ვარ და ზუსტად ამიტომ, უამრავი შრამი მაქვს. 24 წლის ვიყავი, მეგობრებს ვაცილებდი და გადავწყვიტე, ისინი გამეხალისებინა, ქუჩაში რაღაც გამოსამშვიდობებელი ცეკვა “დავდგი” და ისეთი რთული ილეთის შესრულება ვცადე, რომ რკინის კარს დავეჯახე, გონება დავკარგე და ტვინის შერყევა მივიღე. მართალია, მსგავსი ამბები იმწუთას სასაცილო სულაც არ გეჩვენება, მაგრამ დრო რომ გადის, სულ მხიარულად ვიხსენებთ: როგორ მოვიტეხე ფეხი, როგორ დავეჯახე კონდიციონერს, რის გამოც წინა კბილი მოვიტეხე და ა.შ. ალბათ, ეს ის მომენტია, მწარე რომ ტკბილად გაგონდება.
– მშობლებისგან მიღებულ შენიშვნებს თუ ითვალისწინებდი?
– შენიშვნებს ძირითადად, სიცელქის გამო ვიღებდი, მაგრამ გათვალისწინების რა მოგახსენოთ (იცინის).
– როგორი მოსწავლე იყავი? მასწავლებლებსაც აბრაზებდი?
– შეიძლება ითქვას, რომ კარგი მოსწავლე ვიყავი. იყო რამდენიმე საგანი, რომელიც არ მიყვარდა, მაგრამ ძალდატანებით მიწევდა სწავლა. მასწავლებლებიც აღნიშნავდნენ, რომ ძალიან ცელქი ვიყავი, მაგრამ არა – უზრდელი და ყველას ვუყვარდი.
პროფესიული არჩევანი
– ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდი?
– დედა პროფესიით გინეკოლოგია. ხშირად მიწევდა მის სამსახურში ყოფნა… იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი ახალდაბადებული ბავშვების ნახვით, რომ რაღაც პერიოდი, მეც გინეკოლოგობა მინდოდა. მერე რა თქმა უნდა, გადავიფიქრე და 9 წლისა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ სცენაზე უნდა ვმდგარიყავი.
– სკოლის დამთავრებისთანავე გახდი სტუდენტი?
– დიახ, სკოლა როგორც კი დავამთავრე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე.

ბავშვური სიყვარული

– 4 წლის ვიყავი, საბავშვო ბაღში ორი ბიჭი რომ მიყვარდა. მათი სახელებიც მახსოვს: ლაშა და ლევანი. “სახლობანას” რომ ვთამაშობდით, ორივე ჩემი ქმარი უნდა ყოფილიყო. მახსოვს, ერთ-ერთმა გადაწყვიტა, “სახლობანა” სხვა ბავშვთან ეთამაშა და ძალიან განვიცადე. მთელი დღე უსიტყვოდ, გაბუტული და თვალებაცრემლებული ვიჯექი. “ღალატისგან” მიყენებული ტკივილი ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიგემე, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, 4 წლის ასაკში (იცინის).
პირველი წარმატება
– მიზანდასახული ხარ?
– შრომისმოყვარე ნამდვილად ვარ. არ მიყვარს უსაქმოდ ყოფნა და სტუდენტობიდან მოყოლებული, ვმუშაობ. არასდროს არანაირი სამსახური არ მეთაკილებოდა. ერთი პერიოდი ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობდი ანიმატორად და საჭიროებას რომ მოეთხოვა, მიმტანადაც ვიმუშავებდი. ჩემი აზრით, უმოქმედოდ ყოფნაა სირცხვილი.
– მომიყევი შენს პირველ წარმატებაზე…
– ძალიან დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის სადიპლომო სპექტაკლი, რომელიც თავისუფალი თეატრის სცენაზე ვითამაშეთ. ჩემი მონაწილეობით ერთადერთი სპექტაკლი იყო, რომელიც მამამ ნახა. მითხრა, – ყოჩაღო… მისი ეს სიტყვები ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება გახლდათ, მით უმეტეს, რომ მას ჩემს პროფესიასთან შეგუება ცოტა არ იყოს, უჭირდა.

ჯანსაღი ცხოვრების წესი
– როგორ იწყება შენი დილა?
– ჩემი დილა 10 საათზე იწყება. ძილი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამისთვის გამოყოფილი მაქვს კვირადღე, სამუშაო დღეებში კი 9-10 საათზე უკვე ფეხზე ვარ. ზოგჯერ ძალიან მიჭირს ადგომა, ხშირ შემთხვევაში ძილი არ მყოფნის, მაგრამ ამის გამო სამსახური არასდროს გამიცდენია.
– რას ნიშნავს შენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი?
– დილით ადგომა, ვარჯიში, სწორი კვება, თავის დროზე ძილი, ცურვა – ესაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვიცავ. ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ის არის, რომ ხშირად ვვარჯიშობ და ვცდილობ, ფეხით ვიარო.
– ალკოჰოლს თუ ეტანები? სიგარეტს ეწევი?
– ძალიან მიყვარს ლუდი. ზამთარს, ზაფხულს – ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. ერთადერთი სასმელია, რომელსაც სულ ვსვამ განურჩევლად სეზონისა, დროისა თუ ადგილისა.

იმიჯი და გემოვნება
– ვინ იქონია გავლენა შენი გემოვნების ჩამოყალიბებაში?
– გავლენა ალბათ, წრემ, სამეგობრომ და ერთობლიობაში, იმ გარემომ იქონია, სადაც გავიზარდე.
– ხშირად იცვლი გარეგნულ იმიჯს?
– იმიჯს ხშირად არ ვიცვლი, მაგრამ რაღაც დეტალებს, წვრილმანებს ვცვლი ხოლმე გარეგნობაში.
– რომელია შენი საყვარელი ფერი?
– ბავშვობიდან წითელი მიყვარს. ყველაფერი წითელი მქონდა: მობილური, ჩანთა, ტანსაცმელი… დღე­საც, ოთახში ძირითადად, ყველაფერი წითელია. ამბობენ, აგრესიული ფერიაო, მაგრამ მე მამშვიდებს.
– რა სტილის სამოსი ჭარბობს შენს გარდერობში?
– ყველანაირი სტილის სამოსს გადააწყდებით ჩემს გარდერობში, მაგრამ “ჩემი ცოლის დაქალების” გამო, ამ ეტაპზე, მოკლე კაბები ჭარბობს.
– რას შეცვლიდი საკუთარ გარეგნობაში?
– ამაზე ხშირად მიფიქრია. ბევრ რამეს შევცვლიდი. მაგალითად, 170 სმ ვარ სიმაღლეში და სიამოვნებით ვიქნებოდი 178 სმ. კანის ფერს შევიცვლიდი – ძალიან თეთრი ვარ და გავხდებოდი ხორბლისფერი. მთლი­ანობაში, საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი ვარ.

პირადი ცხოვრება
– როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ. სად გაიცანი ირაკლი?
– 4 წელია, რაც მე და ირაკლი ერთმანეთს ვიცნობთ, საერთო მეგობრის წყალობით. გაცნობისთანავე სიმპათიით განვეწყვეთ ერთმანეთის მიმართ. იკა ხშირად მეუბნება, – დანახვისთანავე შემიყვარდიო (იღიმის)… გაცნობის შემდეგ, აქტიურად დაივიწყეთ შეხვედრები, მაგრამ მალე ვიკამათეთ და დავშორდით. 2 წელი აღარ გვიკონტაქტია. შემდეგ, ერთმანეთს შემთხვევით, ბათუმში შევხვდით, ურთიერთობა აღვადგინეთ და მას მერე ერთად ვართ.
– რა პროფესიისაა შენი შეყვარებული?
– იკა კორსაველი პროფესიით იურისტია.
– რით მოგხიბლა?
– კონკრეტულად რამ მომხიბლა, არ ვიცი, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ თავიდან ბოლომდე მისით ვარ მოცული. ის დადებითი ადამიანია. როცა ერთად ვართ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემთვის შექმნეს.
– მოსწონს შენი პროფესიული საქმიანობა?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფესიები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მოსწონს, მსახიობი რომ ვარ. თუმცა, რაღა დაგიმალოთ და, თავიდან რაღაცების აღქმა და გაგება გაუჭირდა, ვიკამათეთ კიდეც. ახლა ამ საკითხში პრობლემები აღარ გვაქვს.
– ეჭვიანი ხარ?
– ჩემს თავს ეჭვიანს ვერ ვუწოდებ, ვენდობი საკუთარ თავს და იკასაც. ეჭვიანობა ურთიერთობის პირველი მტერია, დამანგრეველია და სრულიად უადგილოა იქ, სადაც სიყვარულია. არ მესმის, როგორ უნდა მიყვარდეს ადამიანი, რომლის მიმართ ნდობა არ მაქვს? მის ერთგულებაში ეჭვი არასდროს შემპარვია. იკამაც იცის საკუთარი თავის ფასი და ჩემი სიყვარულის ნამდვილობა.
– მისი ოჯახის წევრებს იცნობ?
– ვიცნობ დედას და დებს, მაგრამ მამას – ჯერ არა (იღიმის).

კომენტარები

სხვა სიახლეები