კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 20-26 მარტი

კვირა მნიშვნელოვანი მოვლენით იწყება – ზუსტად ორშაბათიდან გადადის მზე ცეცხლოვანი, ენერგიული და დაუღალავი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტიდან სამყარო ცოტათი უფრო აჩქრებული, ფეთქებადსაშიში და დინამიკური ხდება. ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, ლიდერული თვისებებით გამორჩეული, მებრძოლი და პრინციპული. ამიტომ იმ მომენტიდან, რაც მზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, ადამიანებში ზემოჩამოთვლილი თვისებები მოიმატებს და აშკარად გამოვლინდება. თუმცაღა, უახლოესი ერთი თვის მანძილზე, სანამ მზე ამ ცეცხლოვან ნიშანში იქნება განლაგებული არანაკლები ინტენსივობით შევხვდებით კონფლიქტურ სიტუაციებს, ხმაურიან გარჩევებსა და სკანდალებს, რაც ასევე ვერძის ზოდიაქოს “ჩრდილოვანი” მხარე გახლავთ.
კვირის დასაწყისში ვერძის ცეცხლოვან და აგრესიულ ენერგეტიკას, მერკური-პლუტონის კვადრატიც შემატებს ელფერს. რაც იმას ნიშნავს, რომ გახშირდება კონფლიქტური სიტუაციები. დიდია ავტოსაგზაო შემთხვევების და ავარიების რისკი. ნუ იქნებით ამ პერიოდში ზედმეტად კრიტიკული გარშემო მყოფების მიმართ და ეცადეთ თავი აარიდოთ ცინიკურ გამოთქმებს. მაქსიმალური ტაქტი და სირბილე გამოიჩინეთ დედმამიშვილებთან, ახლო წრის ნათესავებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობაში. არსებობს მათთან კონფლიქტისა და გაუგებრობების დიდი ალბათობა.
კვირის შუა პერიოდში კარგად დაუკვირდით გაცემულ დაპირებებს. ამაოდ ნურავის დაჰპირდებით ნურაფერს, იმიტომ რომ შესაძლოა ამ პერიოდში აღებულ ვალდებულებებს თავი ან საერთოდ ვერ, ან მხოლოდ ნაწილობრივ გაართვათ. შედეგად კი თქვენი რეპუტაცია საზოგადოებაში საგრძნობლად შეილახება. სასურველია ასევე არ დაგეგმოთ მივლინებები უცხოეთში, ნაკლებად დაისახოთ გრანდიოზული გეგმები და არ აწარმოოთ სასამართლო დავა, მით უმეტეს, უცხოელებთან.
კვირის მიწურულს მზისა და რეტროგრადული ვენერას შეერთება წინა პლანზე წამოსწევს აქამდე “ღრმად მიმალულ” პრობლემებს, რომელიც პირად ცხოვრებაში დაუგროვდა ბევრ ჩვენგანს. გარდა ამისა, გააქტიურებს ვალების, კრედიტების, დაუფარავი ხარჯებისა და ალიმენტების საკითხს. შესაძლებელია ზუსტად ამ პერიოდში მოითხოვოს თქვენგან ფულის დაბრუნება მევალემ, რომელიც აქამდე მოთმინებით გელოდათ. არ არის გამორიცხული რომ კვირის ბოლო ბევრი ადამიანისთვის ყოფილ შეყვარებულთან ან მეორე ნახევართან ურთიერთობის გადახედვის პერიოდად იქცეს ასევე. შესაძლებელია თქვენ მიიღოთ მეორე შანსი, ან წარსულში არსებულ შეკითხვებს საბოლოოდ გასცეთ პასუხი და ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოთ ეს ურთიერთობა. ზოგადად კარგი პერიოდი გახლავთ პარტნიორულ ურთიერთობაში არსებული პრობლემებისა და დაშვებული შეცდომების ახლებურად გააზრების მხრივ. ამიტომ ეს შანსი აუცილებლად გამოიყენეთ.
კვირის მიწურულს მოულოდნელი ინფორმაციის მიღებისა და უკვე არსებული გეგმების რადიკალურად შეცვლის ალბათობა დგება არაერთი ჩვენგანის ცხოვრებაში. არ არის გამორიცხული სიტუაცია ისე განვითარდეს, რომ თქვენ მიერ დასახული სამომავლო მიზნების კარდინალურად გადახედვა გახდეს აუცილებელი. შესაძლოა ასევე, რომ მოულოდნელი ამბავი გაიგოთ ინტერნეტის ან სხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, რომელიც ასევე მოახდენს გავლენას თქვენს სამომავლო ნაბიჯებზე. ეს კარგი პერიოდია ტექნიკურ სფეროში დაკავებული ადამიანებისთვის საქმიანობის კუთხით. უმართლებთ აიტი სპეციალისტებს, გამომგონებლებს, ინჟინრებს, ვებ-დიზაინერებს და არქიტექტორებს. ამ ადამიანებისთვის კვირის ბოლო პროფესიული თვალსაზრისით საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები