ვისი ხელი მოხვდა ვანიკო თარხნიშვილს ”ნიჭიერში” – ”შვილი პირველად ერთი თვის ასაკში ვნახე…”

ვანიკო თარხნიშვილი ”რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი გამორჩეული ტელეწამყვანია. ბოლო დროს იმასაც კი ხუმრობენ, დუტა გახდა, მალე უთოშიც გამოჩნდებაო. ამჯერად ტელეწამყვანს, მსახიობს და უკვე მომღერალს ”ნიჭიერზე”, ”გამოუვალ მდგომარეობაზე”, ”ჩემი ცოლის დაქალებზე” და ცოტაოდენი ოჯახზეც ვესაუბრეთ.
ვანიკოს მეუღლე სოფო გელავაა. წყვილს 5 თვის ბიჭი, დამიანე ჰყავს.

– ვანიკო, ეს ”ნიჭიერის” ბოლო სეზონია. გული ხომ არ გწყდება?
– ამ პროექტმა უზარმაზარი გამოცდილება მომცა, გული დამწყდება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ პროდიუსერებმა ასე გადაწყვიტეს, როგორც თავიდან ვენდე ამ ადამიანებს, როცა ამ პროექტს ვიწყებდით, ისეთივე ნდობით შევხვდები ამ გადაწყვეტილებასაც. თუ მომენატრება ეს პროექტი, ჩავრთავ საიტზე და ვუყურებ.
– ”ნიჭიერის” პირველ და ბოლო, მეხუთე სეზონს როცა ადარებ ერთმანეთს, რა განსხვავებას პოულობ?
– წელს საუკეთესო სეზონი გამოვიდა. ეს ლოგიკურიც არის, გუნდმა გამოცდილება შეიძინა, უფრო მობილიზებულები ვართ, მომზადებულები. მონაწილეებმაც უკეთ იციან, რა მოიტანონ, როგორი ხარისხის პროდუქცია შემოგვთავაზონ, წელს უცხოელი მონაწილეებიც გვყავს, რაც პროექტს უფრო მრავალფეროვანს ხდის.
– ეს ”ნიჭიერი” გამორჩეულია იმითაც, რომ ახალი თანაწამყვანი გყავს. რამდენად კომფორტულია გიორგისთან ერთად მუშაობა?
– თიკასთან და გიორგისთან მუშაობას სხვადასხვანაირი კომფორტი აქვს. მათი შედარება არ შეიძლება. თიკა ჩემი ტყუპისცალივით იყო. ერთი და იგივე აზრები გვქონდა, ერთნაირი შეფასებები მონაწილეებზე. ეს თავისთავად ხდებოდა. გიორგი ჩემი დიდი ხნის მეგობარია და სხვანაირად ვართ შეხუმრებულები, თამამი ურთიერთობა გვაქვს.
– იმდენად თამამი, რომ ერთად იფრინეთ კიდეც სცენაზე.
– ჩვენ სხვადასხვა მეთოდით მანამდეც გვიფრენია, სპექტაკლებზე,… ასე რომ, ამ ორი თანაწამყვანის შედარება არ შეიძლება. ის სხვა ფილმი და სიუჟეტი იყო და ეს – სხვა.
– ”ნიჭიერი” ფილმია შენთვის?
– ჩვენი ცხოვრება მთლიანად ფილმია.
– შენი ცხოვრება რა ჟანრის ფილმია?
– მრავალფეროვანი. არის კომედიაც, მიუზიკლიც, დრამაც, ფანტასტიკაც კი. ერთადერთი, ტრაგედიები არ მიყვარს და საბედნიეროდ, ეს ჟანრი არ არის ჩემს ცხოვრებაში.
– სიმაღლის არ გეშინია? სცენაზე თოკით დაშვება ადვილი არ უნდა იყოს….
– ამ ნომრის შესრულება საკმაოდ რთული იყო. ქვემოდან რომ იყურები, იმდენად ვერ შეიგრძნობ სიმაღლეს. მაღლა რომ ადიხარ და გადმოიხედავ, რაც უნდა უშიშარი იყო, სიმაღლე მაინც გაფიქრებს.
– წლევანდელ ”ნიჭიერში” მონაწილედაც კი მოგვევლინე. გადაცმული მჩხიბავი იყავი. უცნაური სურნელოვანი სანთლების წყალობით, ია ფარულავასგან გალახვაც კი დაიმსახურე. იას მწარე ხელი აქვს?
– იმდენად მწარე, რომ უკვე დატკბა.
– ფავორიტები გყავს ამ პროექტში?
– გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ წელს მართლა მომზადებული მონაწილეები მოვიდნენ. ეს პირველ კასტინგზევე იგრძნობოდა. ორმოცი ნახევარფინალისტი საუკეთესოთა შორის საუკეთესოები არიან. ამდენად, გამიჭირდება ვინმეს გამოყოფა. თითოეულ კონკურსანტს ვგულშემატკივრობ.
– პავლოვიჩიც საუკეთესოა?
– პავლოვიჩიც.
– ახალი წლის დღესასწაულთან რა დამოკიდებულება გაქვს?
– ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს, უბრალოდ, წინასწარ არასდროს ვიცი, სად მომიწევს ამ დღესასწაულთან შეხვედრა. ორი წელია, 31-ში მუშაობა მიწევს. მანამდე უარს ვამბობდი ამ დღეს მუშაობაზე. პრინციპში, არც ვიცი, სად მირჩევნია ვიყო, შინ თუ სამსახურში, მეგობრების გარემოცვაში. შეიძლება, სამსახურში უკეთ გავერთო. წელს ჯგუფი ”გამოუვალი მდგომარეობა” ახალ წელს კახეთში, ერთ-ერთ სასტუმროში შევხვდით. კახელების სტუმარმასპინძლობის ამბავი ყველამ ვიცით. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ ჩვენც და სტუმრებმაც.
– საახალწლოდ ოჯახის წევრები ფუნქციებს ინაწილებენ. შენ რა გევალება?
– კონკრეტული არაფერი. იმიტომ, რომ არავინ იცის, როდის ვიქნები სახლში. თუ რაიმეს მოტანას დამავალებენ, რა თქმა უნდა, მომაქვს ხოლმე.
– საახალწლო საჩუქრების ყიდვის ტრადიციაც არ გაქვთ ოჯახში?
– არ მიყვარს საჩუქრების ყიდვა, მაღაზიებში სიარული, მაგრამ მიყვარს, როცა ადამიანებს ვახარებ, ამიტომ მიწევს. წელსაც მოვახერხე, ჩემი ოჯახის წევრები გამეხარებინა.
– მეკვლე ვინ გყავთ ხოლმე სახლში?
– ბავშვობაში, როცა კეკელიძეზე ვცხოვრობდით და ახალ წელს კალაშნიკოვისა და მრავალჟამიერის ფონზე ვხვდებოდით, მეკვლე მე და ჩემი ძმა ვიყავით. ახლა მე, ჩემი მეუღლე და ბავშვი ცალკე ვცხოვრობთ. შესაბამისად, ჩვენ თავად ვართ ხოლმე მეკვლეები.
– რამხელაა პატარა?
– დამიანე 5 თვის არის. ჯერ მოთხოვნები არ აქვს. რომ გაიზრდება, არ ვიცი, უნდა ვუთხრა, თოვლის ბაბუა რომ არ არსებობს, თუ უნდა დავუმალო. ჯერ არ გადამიწყვეტია.
– ხალხმა ძალიან შეიყვარა ჯგუფი ”გამოუვალი მდგომარეობა”. სოლოკონცერტიც კი გქონდათ. რამდენიმე წლის წინ წარმოიდგენდი საკუთარ თავს ამ ამპლუაში?
– ჯერ ბენდი რომ მეყოლებოდა, იმას ვერ წარმოვიდგენდი და მერე იმ ბენდს ასეთი წარმატება თუ ექნებოდა, საერთოდ დაუჯერებელი იყო ჩემთვის, ვერც ვიოცნებებდი.
– ბოლო დროს ”ჩემი ცოლის დაქალებში” შენი გმირის ოჯახური ამბები აღარ არის გაშლილი. ეს შენი მოუცლელობის ბრალია თუ სცენარისტების?
– ყველაფრის ერთად. დაკავებულიც რომ არ ვიყო, სცენარის შესაბამისად ხდება ყველაფერი. ხან ერთი პერსონაჟი წამოიწევა წინა პლანზე, ხან – მეორე, ზოგი საერთოდ ქრება. ცოცხალი პროცესია.
– შენს მოუცლელობას ოჯახში როგორ ხვდებიან?
– მტკივნეულად, ვის სიამოვნებს, საყვარელი ადამიანი ხშირად რომ არ ჰყავს გვერდით, მაგრამ ამას დადებითი მხარეებიც აქვს და გაგებით ეკიდება მეუღლე.
– თუმანიშვილის თეატრში ახლა რაზე მუშაობთ?
– ახალს ჯერჯერობით არაფერს ვაკეთებთ. 11 იანვარს გვექნება სპექტაკლი ”ცხოველების ფერმა”, რომელშიც ვთამაშობ ღორს და რომლითაც ზაფხულში ვიყავით ედინბურგში გასტროლზე. იქ გავიგე, რომ ჩემი შვილი დაიბადა. გაფრენიდან მეორე დღეს გაგვიჩნდა დამიანე. ერთთვიანი გასტროლი მქონდა, ვერაფერს ვიზამდი. ისე გამოვიდა, რომ შვილი პირველად მაშინ ვნახე, როცა უკვე ერთი თვის იყო. ჩემი ძმა უვლიდა ჩემს ცოლ-შვილს. ჩემმა და სოფოს ოჯახებმა ყველაფერი უჩემოდ მოაგვარეს და ცოლ-შვილი მზამზარეული დამახვედრეს.

წყარო: reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები