დამდეგი კვირა იმით იქნება მნიშვნელოვანი, რომ მზემ დინჯი, სერიოზული და გეგმაზომიერების მოყვარული თხის რქის ზოდიაქო უნდა დატოვოს, რის შედეგადაც უახლოესი ერთი თვის მანძილზე იგი მერწყულის ზოდიაქოს “დიასახლისი” ხდება. შესაბამისად, ადამიანებში მოიმატებს არაპროგნოზირებადობა, კრეატიულობა, ჰუმანიზმი, ცნობისმოყვარეობა და ინოვაციური იდეებისადმი ინტერესი.
კვირის დასაწყისი ვენერასა და იუპიტერის ნეგატიურ ასპექტს ემთხვევა, ამასთან ერთად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პლანეტა მერკურიც ამ ეტაპზე (26 იანვრის ჩათვლით) უკანმავალ ფაზაშია, სასურველია, არ გარისკოთ მსხვილი შენაძენების ან კაპიტალდაბანდებების მხრივ. ეს პერიოდი წამგებიანია უძრავი ქონების შესაძენად, ნურც მის გაქირავება-დაგირავებაზე იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგით არცთუ კმაყოფილი დარჩეთ სამომავლოდ. კვირის დასაწყისში ასევე მოერიდეთ ალკოჰოლისა და მედიკამენტების ბოროტად გამოყენებას. ზოგადად, ეს ის პერიოდია, როცა ფრთხილად უნდა იყოთ საკვებთან დაკავშირებითაც, განსაკუთრებით, თუ საქმე დაკონსერვებულ ან ზამთრისთვის შენახულ პროდუქციას ეხება.
20-22 იანვრის შუალედში სასურველია, ნაკლებად დაიგეგმოს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები, მით უმეტეს, თუ განსახილველი თემა ინტერნეტ -კომუნიკაციასა და ელექტრონულ მედიას ეხება. ეს ის პერიოდია, როცა შეთანხმებების მიღწევა, მით უმეტეს, საკითხების მშვიდად და კონსტრუქციულად განხილვა ერთობ რთული და, შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც იქნება. ამ პერიოდში ადამიანებში მოიმატებს ნერვოზულობა, ცინიზმის დონე და თანამოსაუბრეზე ზეწოლის მოთხოვნილება.
ცუდად იმუშავებს ტექნიკა. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ასევე საჭესთან, იმიტომ რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა ერთი-ორად მომატებული იქნება. გამორიცხული არ არის კონფლიქტები ახლო წრის ადამიანებთან და დედმამიშვილებთან. ზოგადად, ზემოხსენებულ პერიოდში ყველამ უნდა აკონტროლოს საუბრის ტონი და მანერა, იმიტომ რომ თანამოსაუბრისა და გარშემო მყოფების სიტყვით, საუბრით გაღიზიანების ალბათობა ძალზე დიდი იქნება.
23 იანვრიდან პლანეტა ვენერა თავქარიან მშვილდოსნის ზოდიაქოს დატოვებს და გაწონასწორებულ, თუმცა კი ემოციურად ცივ და პროგნოზირებად თხის რქის ზოდიაქოში გადაბარგდება. რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში, ერთი მხრივ, მოიმატებს გონებით მიღებული გადაწყვეტილებების ალბათობა, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, ზოგიერთი წყვილის ურთიერთობაში გრძნობების “სტაგნაციას” ჰქონდეს ადგილი, რაც აუცილებლად გამოიწვევს აქამდე არსებული (უკვე არამყარი და ბზარშეპარული) ურთიერთობების გაცივებას. ასე რომ, იანვრის მეორე ნახევარში თქვენი პირადი ურთიერთობის სიმყარე მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, აქამდე რამდენად მყარი და ემოციურად სავსე იყო თქვენი და პარტნიორის კავშირი.
პირადი და სამსახურებრივი პრობლემები პიკს კვირის ბოლოს მიაღწევს, როცა დადგება სავსემთვარეობა. შეგახსენებთ, რომ სავსემთვარეობა ამ ეტაპზე ლომის ზოდიაქოს ნიშანს ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი იქნება, გააანალიზოთ ყველა ის საკითხი, რაც თავმოყვარეობის, საკუთარი თავის გადამეტებულად შეფასების, სიამაყის თემას ეხება. სასურველია, ამ პერიოდში სწორად გაანალიზდეს კომპრომისის თემა, რათა სამომავლოდ ობიექტური გადაწყვეტილების მიღება გახდეს გაცილებით უფრო მარტივი და რაც მთავარია, ადვილად შესაძლებელი.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge