კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, 21- 27 დეკემბერი

მოახლოვდა ახალი წელი და ჩვენი ყოველდღიურობა აივსო უამრავი, სასწრაფოდ დასასრულებელ-მოსაგვარებელი საქმეებით. ახალი წლის დღეებში ხომ ყველას ყველაფერი ეჩქარება და სამყარო, ერთი შეხედვით, დიდ, ელვის უსწრაფესად მომუშავე საათის მექანიზმს წააგავს.

კვირის დასაწყისში ამ წინასაახალწლო “საფუსფუსო” პერიოდს, მერკურისა და ურანის კვადრატი ერთგვარ დაელექტროებულ მუხტს დაუმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს შორის მოიმატებს გაღიზიანება.

ნუ გაგიკვირდებათ, თუკი მწყობრიდან მარტივად გამოვა ტექნიკა, “გაჭედავენ” კომპიუტერები, ან ავტომობილი ყველაზე შეუფერებელ მომენტსა და გზის მონაკვეთში გაჯიუტდება კახური ვირივით და აღარ გააგრძელებს გზას.

უკვე 22 დეკემბრიდან, მზე მუყაითი და გამრჯე, დისციპლინირებული და მშვიდი თხის რქის ზოდიაქოს მიაშურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი თვის მანძილზე ადამიანებში საღი აზრი, ცივი გონებით სირთულეების გადაწყვეტის პრეცედენტი გაძლიერდება. შემდგომ ამისა კი უკვე კვირის შუაგულიდან, ვენერა-იუპიტერის დადებითი ასპექტების გამო გამარტივებულად ჩაივლის სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები.

გაიზრდება პირად ურთიერთობებში ჰარმონიის დამყარების შანსი. 25 დეკემბერს სავსემთვარეობას ველით, თანაც, სად? თავად კირჩხიბის ზოდიაქოში, ეს კი ნუ დაგავიწყდებათ, რომ სამეფო მთვარეა. რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს სენსიტიურობა, ემოციური ფონი ბევრ შემთხვევაში, მით უმეტეს ქალებში ერთობ უმართავი იქნება. ძნელად კონტროლირებადია ამ დღეებში მადა და კვების საკითხებში დიეტის წამოწყებას, არათუ არ აქვს აზრი შეუძლებელიც კია. შესაბამისად, დატკბით “გემრიელი ცხოვრებით” მანამ, სანამ სავსე მთვარე საკუთარ ნიშანს გაივლის, ოღონდ ნუ დაგავიწყდებათ ზომიერების დაცვაც. მთვარე ყოველგვარი სითხეების მმართველია. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ამ დღეებში დაახლოებით 23-27 დეკემბრის შუალედში მაინც, მაქსიმალურად მოვერიდოთ ალკოჰოლს. იმიტომ რომ პრობლემების დონე, რომელსაც სასმელი გამოიწვევს, მიმდინარე პერიოდში ერთობ შთამბეჭდავი და ძნელად დასარეგულირებელი იქნება.

კვირის მეორე ნახევარში მაქსიმალურად ერიდეთ ზედმეტ სიტყვაუხვობას და საკუთარ თავზე გადამეტებული პასუხისმგებლობების წამოკიდებას. ეს ის პერიოდია, როცა თითქოს ვიღაც “გექაჩებათ” ენაზე სატრაბახოდ და “ქულების ჩასაწერად”. თუმცა, მერწმუნეთ, აჯობებს მოკრძალებული დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ ნებისმიერ შემთხვევაში. კარგი პერიოდია მივლინებების, უცხოეთთან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად.

წყარო: astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები