ბრიტანული გამოცემა EXPRESS & ECHO-ს ინფორმაციით, ექსეთერში დღეს ნამიბია – საქართველოს შეხვედრას რაგბიში, პრინცი ჰარი დაესწრება. გადამწყვეტი მატჩი სენდი პარკზე, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებენ და მომავალ მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.
გუშინ, 6 ოქტომბერს “ბორჟღალოსნებმა“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს – ძირითადი შემადგენლობა დაცვაში იდგა და პირობითი მეტოქის შეტევის მოგერიებას ცდილობდა. მთავარი მწვრთნელის თქმით, დღეს ‘სენდი პარკზე’ ნამდვილ რაგბს ვიხილავთ.
„ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობის თითოეული მოთამაშე საუკეთესო მორაგბეა. ნამიბიის წინაღმდეგ საბრძოლველად მთავარი ემოციების შეკავებაა. ჩვენი მოწინააღმდეგე იოლი მეტოქე ნამდვილად არ არის. მათ კარგი სტრუქტურა და შემტევი ძალა აქვთ. შერკინებაშიც საუკეთესო მოთამაშეები ჰყავთ. ასე, რომ ამ მატჩში განსაკუთრებულად უნდა გამოვამჟღავნოთ ჩვენი ხასიათი და ტემპერამენტი,“- აცხადებს მილტონ ჰეიგი.
ნამიბიის ნაკრების დაცვის მწვრთნელი როჯერ თომსონი ამბობს, რომ დღევანდელი მატჩისთვის მზადებაში მათ დიდი შრომა ჩადეს და თამაშის მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებენ.
„ბორჯღალოსნებს სათანადოდ უნდა დავუხვდეთ. მათ არაჩეულებრივი კაპიტანი ჰყავთ, მამუკა გორგოძესთან ერთად გუნდი მოედანზე ნამდვილად ცეცხლს დაანთებს,“- აღნიშნა თომსონმა.
რაც შეეხება ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, ცნობილია, რომ ის რაგბის მხურვალე ქომაგია, არის ორგანიზაცია Rugby Football Union-ის საპატიო თავმჯდომარე.მან ასევე, ეპიზოდური როლით მონაწილეობა მიიღო რაგბის მსოფლიო თასის მხარდასაჭერ მოკლემეტრაჟიან ვიდეო-რგოლშიც. პრინცი ჰარი კლიპში რამდენიმე წამით, მებაღის როლში ჩნდება.