რუსეთში „მწვადების გადასახადის“ შემოღებას გეგმავენ

რუსეთში შეიძლება სპეციალური გადასახადი შემოიღონ, რომელიც ბუნებაში პიკნიკის მოწყობის მსურველებმა უნდა გადაიხადონ. ამ ინიციატივით ლენინგრადის ოლქის დეპუტატი ვლადიმერ პეტროვი გამოვიდა.
კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევა, რომელიც ბუნებაში მწვადის შეწვის მოყვარულებს სპეციალური ლიცენზიის შეძენას დაავალდებულებს. ლიცენზია სამთვიანი იქნება და მისი ფასი 500 რუსულ რუბლს შეადგენს, რაც დაახლოებით 8 აშშ დოლარს უდრის.
დეპუტატს მიაჩნია, რომ ამ გადასახადის დაწესება უკეთესია, ვიდრე საერთოდ, ბუნებაში პიკნიკის მოწყობის აკრძალვა. ეს ფული კი ტბების, მდინარეების და ტყეების მოწყობას მოხმარდება.
ასევე დეპუტატი კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის დაწესებას ითხოვს, რომელიც 5 ათას რუბლს ანუ 80 აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

სხვა სიახლეები