ის ქართველია და ცხოვრობს ესპანეთში. წავიდა იმიტომ, რომ საკუთარი თავი ეპოვა. მას საქართველოში თითქმის არ იცნობენ, თუმცა პოპულარულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მისთვის სპორტი ჯანმრთელობაა, დევიზი კი – ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლა. სჯერა, რომ, თუ საკუთარ თავზე იმუშავებს, წარმატებას აუცილებლად ყველა მიაღწევს. ის პირდაპირია, კომუნიკაბელური, აქტიური და სპორტული. იზიდავს რისკი და ექსტრიმი. მეგობრობს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალთან და მოსწონს სპორტული გოგოები. ადამიანში აფასებს სიმართლეს, ხოლო ვისი იმედიც აქვს – მეგობრებია. მისი გვარი შოთა რუსთაველის გენეალოგიას უკავშირდება, თუმცა იგივე გვარის გამო, უცხოელებს ჰგონიათ, რომ იტალიელია. ყოფილი ფეხბურთელი პროფესიით ტურიზმის ბიზნესის სპეციალისტია. ამჟამად კი – მალაგის ჩემპიონი და ესპანეთის ნახევარფინალისტი ფიტნესში. ის არის ისეთი, როგორიც არის და საკუთარ თავს თავად ქმნის. სპორტსმენი, ტრენერი, ფიტნესმოდელი და უბრალოდ ემიგრანტი – ირაკლი თორელი.
– ირაკლი, მოგვიყევი შენ შესახებ…
– მე ვარ ირაკლი თორელი, 29 წლის. ვარ ფიტნესმოდელი და სპორტული ტრენერი. გავიზარდე თბილისში, დავამთავრე 155-ე საშუალო სკოლა. ბავშვობაში, თუ სწორად მახსოვს, ვიყავი ძალიან ენერგიული და მოძრავი, ვიყავი და ახლაც ვარ ძალიან რისკიანი, მახსოვს, მინდოდა კასკადიორი გამოვსულიყავი. მოკლედ, მომწონდა ექსტრიმი, ხშირად ისე გამირისკავს, რომ ჩემი სიცოცხლე სასწორზეც დამიდია.
– შენი ოჯახი…
– მყავს დედა, მამა და ძმა. დედ-მამა უკვე დაახლოებით 10 წელია არ მინახავს, ჩემი ძმა ამ რამდენიმე თვის წინ იყო ჩამოსული. ეს იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი მომენტი, როდესაც 9 წლის შემდეგ, მე მას ისევ შევხდი.
– უცხო და საინტერესო გვარი გაქვს – როგორია შენი გვარის ისტორია?
– ჩემს გვარს დიდი ისტორია აქვს. ვიცი, რომ ეს გვარი XII საუკუნიდან არსებობს. ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრებით XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტი – შოთა რუსთაველი თორელების საგვარეულოდან იყო. კიდევ საინტერესო ის გახლავთ, რომ „ტორელი“ იტალიური გვარიცაა და აქ გვარს რომ მეკითხებოდნენ, ყველას იტალიელი ვეგონე…
– როდის და რატომ წახვედი საზღვარგარეთ, რამდენი ხანია, რაც იქ ხარ და კონკრეტულად რომელ სფეროში მოღვაწეობ?
– აქ, მალაგაში 2006 წლის ნოემბერში ჩამოვედი. ბავშვობიდან მინდოდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება, არ ვიცი, რატომ, მაგრამ რატომღაც ვთვლიდი, რომ საზღვარგარეთ უფრო შევძლებდი წარმატების მიღწევას. თავიდან ფეხბურთელი-მეკარე ვიყავი და მთავარი მიზეზი ეგ იყო, რომ უცხოეთში მინდოდა ფეხბურთის თამაში, რადგან საქართველოში ამ სპორტს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. რომ ჩამოვედი, მივიღე ხელის ტრავმა და ჩემი საფეხბურთო კარიერაც დასრულდა… შემდეგ მივხვდი, რომ სპორტის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო და გადავწყვიტე, ფიტნესტრენერი გავმხდარიყავი.
– ამ მხრივ ალბათ გარკვეული წარმატებებიც უკვე გაქვს…
– ეგრეც არ არის, რადგან ჯერ მხოლოდ 3-ჯერ ვმონაწილეობდი აქაურ ჩემპიონატებში. ვარ მალაგის 2014 წლის ჩემპიონი და ესპანეთის ნახევარფინალისტი ფიტნესკატეგორიაში, წელს მივიღე მონაწილეობა ანდალუზიის ჩემპიონატში, სადაც, სამწუხაროდ, ჩემს კატეგორიაში არ მიმიღეს, რადგან წონაში მეტი ვიყავი და ფიზიკის აქაურ სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებდი. იძულებული გავხვდი, ბოდიბილდინგის კატეგორიაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ჟიურის წევრებისა და მონაწილეებისგან საკმაოდ კარგი შეფასებები მივიღე, მაგრამ ბოლომდე არც ბოდიბილდერის სტანდარტებს ვაკმაყოფილებდი და დავრჩი ხუთეულში.
– საქართველოში ბოლო წლების მანძილზე ნელ-ნელა იწყება ფიტნესის სფროს განვითარება. გაიხსნა ბევრი სპორტდარბაზი და ახალგაზრდობაც უფრო აქტიურად ჩაერთო სპორტში. რა პერსპექტივას ხედავ ამ მხრივ საქართველოში, მით უფრო იმ ფონზე, რომ ცნობილი ქართველი ბოდიბილდერების უმეტესობა, მაინც უცხოეთში მოღვაწეობს.
– არა, რატომ? საქართველოშიც მრავალი კარგი ბოდიბილდერია, მყავს ძალიან ბევრი ფეისბუქმეგობარი, მე მგონი, თითქმის ყველა მყავს, ვინც ამ სპორტს აქტიურად მისდევს. საკმაოდ კარგი შედეგებით გამოირჩევიან ბიჭები და გოგონები. ვფიქრობ, სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება სპორტის ეს სახეობა, რადგან ქართველებს საკმაოდ კარგი გენი გვაქვს და ვარჯიშით იდეალური შედეგის მიღება შეგვიძლია.
– როგორც ვიცი, სპორტის ის სფერო, რომლითაც შენ ხარ დაკავებული, დიდ ძალისხმევასთან, მონდომებასთან, შრომასთან ერთად, დიდ ნებისყოფასაც მოითხოვს. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რატომ გადაწყვიტე, სპორტის ამ სახეობას გაყოლოდი?
– ყველაფერი ჩემდა უნებურად მოხდა. თავიდან ვვარჯიშობდი იმიტომ, რომ თავს უფრო მოტივირებულად და კარგად ვგრძნობდი. როგორც კი პრობლემებს ვაწყდებოდი, ვიწყებდი ვარჯიშს და ეს ძალიან მშველოდა. გავიარე ტრენინგები, რათა სიღრმისეულად შემესწავლა სპორტის ეს სახეობა. შემდეგ ისეთ ფორმაში ვიყავი, რომ ყველა მეუბნებოდა, ჩემპიონატებში მონაწილეობა მიმეღო და პირველივე ცდაც წარმატებული გამოდგა ჩემთვის. როგორც აღვნიშნე, გავხდი იმ ქალაქის ჩემპიონი, სადაც მე ვცხოვრობ. სპორტის ეს სფერო ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რა თქმა უნდა, ზედმეტად მოძრაობაც არ შეიძლება, როდესაც წინა საჩემპიონატო მზადება გაქვს და მაქსიმალურად სწორი კვებაა საჭირო, რაც დიდ ნებისყოფასაც მოითხოვს.
– როგორი იყო ცხოვრება აქტიურ სპორტამდე?
– როგორც ზევით ვახსენე, ფეხბურთელი ვიყავი და დღეში 10 საათი მაინც სტადიონზე ვატარებდი დროს. ასევე ვსწავლობდი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, დავამთავრე ტურიზმის ბიზნესი… სამწუხაროდ, ჩემი პროფესიით მუშაობა ვერ მოვასწარი, რადგან უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე წამოვედი ესპანეთში.
– რას ურჩევდი დამწყებ სპორტსმენებს, რა არის ის „ოქროს სტანდარტი“, რაც ყველამ უნდა დაიცვას?
– ვურჩევდი, რომ დასახული მიზნისთვის ბოლომდე იბრძოლონ, ყველას შეუძლია წარმატების მიღწევა შრომის ფასად. ვარჯიშის „ოქროს წესად“ მიმაჩნია ვარჯიშის დროს სწორი სუნთქვა და ვარჯიშის შემდგომი სწორი კვება.
– ალბათ ყველას სურს, რომ სასიამოვნოდ და სპორტულად გამოიყურებოდეს. რა არის მთავარი იმისთვის, რომ მუდმივად ფორმაში ვიყოთ და სპორტულად გამოვიყურებოდეთ?
– მთავარია მონდომება და მუდმივი სპორტული ცხოვრება. სამწუხაროდ, ბუნება ყველას ლამაზ სხეულს არ გვჩუქნის, ლამაზი სხეული ჩვენ უნდა ვაჩუქოთ საკუთარ თავს, ვარჯიშის ხარჯზე.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– სამომავლო გეგმები ძალიან ბევრია. მაქვს უამრავი შემოთავაზება აქ – ესპანეთშიც და ამერიკიდანაც… სურთ, რომ ჩემი სავარჯიშო პროგრამები ჩაწერონ და გასაყიდად ქსელში გაიტანონ. აგრეთვე წელს გადამიღეს ერთ-ერთ ბრიტანულ ტელესერიალში, დიდი როლი არ მაქვს, მაგრამ გადაღების შემდეგ დამიკავშირდნენ და ერთ-ერთ რეალითი- შოუში მიმიწვიეს, რომელიც ტარდება ლონდონში და MTV გადმოსცემს. თვის ბოლოს მიწვეული ვარ კასტინგზე მილანში და ვნახოთ, შეიძლება წავიდე. ამის გარდა, მინდა საკუთარი პატარა ბიზნესი მქონდეს, რისი გამხელაც ჯერ არ მსურს, ალბათ მომავალში შეიტყობთ.
– აპირებ საქართველოში დაბრუნებას?
– საქართველოში დავბრუნდები, ოღონდ არა – სამუდამოდ, რადგან აქაურობა ძალიან მიყვარს და მყავს ძალიან ბევრი კარგი მეგობარი.
ესპანეთი ჩემთვის მეორე სამშობლოდ იქცა, გამიმართლა იმაში, რომ ესპანელები ძალიან ჰგვანან ქართველებს სტუმარ-მასპინძლობით. ბუნებაც თითქმის იგივეა, მოკლედ ჯერჯერობით დაბრუნებას არ ვფიქრობ.
– წახვედი საზღვარგარეთ იმიტომ, რომ …
– ჩემი თავი მეპოვა და უკეთესად ვყოფილიყავი.
– ბოლოს საქართველოში როდის იყავი?
– ბოლოს ვიყავი 2005 წლის 11 ნოემბერს… თუ ჩემმა ძმამ არ ჩამომასწრო, ალბათ უახლოეს მომავალში, შეიძლება თვის ბოლოსაც ჩამოვიდე.
– ის, რაც ყველაზე მეტად გენატრება…
– დედ-მამა.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ძალიან ბევრ გოგოსთან მაქვს ურთიერთობა, ოღონდ სერიოზული – არცერთთან. ჯერჯერობით სერიოზული ურთიერთობებისთვის არ მცალია, რადგან ჯერ ჩემი დასახული მიზნები უნდა განვახორციელო.
– როგორი კატეგორიის გოგონები მოგწონს და როგორია შენი შეხედულება ქართველ გოგონებზე?
– მომწონს ქერა, დაბალი გოგონები. აუცილებლად სპორტული აღნაგობა უნდა ჰქონდეთ. არ მომწონს მაღალი გოგონები, საქართველოში საკმაოდ ლამაზი გოგონები არიან. ჩემი აქაური უცხოელი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან და უკვირთ, ეს რა ლამაზი გოგონები გყავთ ქართველებსო. მოკლედ, ჩამოვდივარ მეგობრებთან ერთად. რაც შეეხებათ ყველაზე სექსუალური ქალებს, ვთვლი, რომ ისინი სამხრეთ ამერიკელებს ჰყავთ – ვგულისხმობ ბრაზილიას, კოლუმბიას…
– ქალში მთავარია…
– ინტელექტი და სულიერი სილამაზე.
– როგორც ვიცი, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალთან – პარის ჰილტონტან მეგობრობ. მოგვიყევი მის შესახებ, სად გაიცანი და როგორი ურთიერთობა გაქვთ.
– კი, ჩვენ ვმეგობრობთ და იგი უკვე კარგად გავიცანი… მოკლედ, მასაჟისტის სერტიფიკატიც მაქვს და მიმუშავია კიდევაც. პარისი ჩამოსული იყო ჩვენს ქალაქში, ერთ-ერთ კლუბში წვეულება ჰქონდა. მანამდე აქაური სილამაზის ერთ-ერთ ცენტრში მისვლა და თავის მოწესრიგება ჰქონდა დაგეგმილი, საიდანაც დამირეკეს და მთხოვეს, რომ მისთვის სარელაქსაციო მასაჟი გამეკეთებინა. მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ძალიან ნასიამოვნებიც დარჩა, ოღონდ მხოლოდ პროფესიული მოვალეობა შევასრულე (იცინის). შემდეგ თავის წვეულებაზეც დამპატიჟა და იქაც შევხვდით ერთმანეთს. მას შემდეგ ჩვენ ვმეგობრობთ და ერთმანეთთან სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად ვურთიერთობთ.
– შენი აუხდენელი ოცნება …
– უცხო თვალით, საკუთარი თავის დანახვა.
– გინდა რომ…
– ბედნიერი იყოს ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი.
– ბედნიერება არის…
-სურვილის ახდენა.
– სპორტი ნიშნავს…
– ჯანმრთელობას.
– იყო პატრიოტი, – ნიშნავს…
– გიყვარდეს სამშობლო.
– ადამიანში ყველაზე მეტად აფასებ…
– სიმართლეს.
– ფრაზა, ან სიტყვა რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ…
– „ბამოს!“
– ვენდობი…
– ჩემს ძმას…
– მეგობარი არის…
– ადამიანი, რომლის იმედიც მაქვს.
– პირად ურთიერთობებში ხარ…
– როგორიც ვარ ყოველთვის.
– ცხოვრების დევიზია..
– არასდროს არ დანებდე!
– ალბათ ევროპიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. რას ეტყოდი ქართველებს?
– სელფები გადაიღეთ გაღიმებულებმა… იყავით ბედნიერები.
– შენი მთავარი სათქმელი …
– ხშირად დამიწერია ფეისბუქის პოსტებში, რომ ეს ცხოვრება გამოიყენეთ მაქსიმალურად, რადგან დედამიწას მოევლინე ყველაზე მაგარ არსებად, შენ უკვე გაგიმართლა!… ხარ ჯანმრთელი? გაქვს ორი ფეხი და ხელი? სხვა დანარჩენი შენზეა, რომ იყო ბედნიერი, ნუ იფიქრებ უბედურებაზე, იფიქრე მხოლოდ კარგზე, იყავი კომუნიკაბელური, იმუშავე საკუთარ თავზე და წარმატებას აუცილებლად მიაღწევ.
– ორი სიტყვით რომ აღწერო საკუთარი თავი, ანუ როგორი ხარ შენ…
– არვიცი, საკუთარი თავის შეფასება არ მიყვარს… თუმცა ყოველთვის კარგ გუნებაზე და მხიარული ვარ.
– და ბოლოს, როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
– ძირითად დროს ჩემს მოვარჯიშეებთან ერთად ვატარებ. გარდა ამისა, მიყვარს ფოტოგრაფია, სურათებს ვუღებ ბავშვებს, ლამაზ გოგონებს, ბუნებას… საღამოს, ძირითადად, მეგობრებთან ერთად ვარ ხოლმე, ერთად ვვახშმობთ ან ბილიარდს ვთამაშობთ ხოლმე, ძირითადად, ასეთი გართობა და დასვენება მიზიდავს.
სპეციალურად “კვირასთვის” – ლექსო ბექაური.