სამი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელთაც ოლიგარქობის პერსპექტივა გააჩნია

თუკი თქვენ არამხოლოდ სამოყვარულოდ , არამედ პროფესიულ დონეზეც ცდილობთ ასე თუ ისე ცოტა უფრო ღრმად ჩასწვდეთ ასტროლოგიის რთულ ხვეულებს, ისიც გეცოდინებათ, რომ არსებობს ე.წ. “ოლიგარქების ასპექტი”, რომელიც ორი დიდი პლანეტის – პლუტონისა და იუპიტერის ჰარმონიული კომბინაციის მეშვეობით მიიღწევა ამა თუ იმ ადამიანის პირად ჰოროსკოპში. მსოფლიოში ცნობილი არაერთი მილიარდელის რუკას ამშვენებს მსგავსი ტიპის კომბინაცია. თუმცა, იგივე პლუტონ-იუპიტერის ასპექტი, როგორც სიმდიდრის მოზიდვის საშუალება, წყვილებს შორისაც არანაკლებ პერსპექტივას იძლევა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ერთი პარტნიორის პლუტონი, ზუსტი შეერთებით მეორის იუპიტერთან ან პირიქით. მაგრამ ჩვენი საიტის მკითხველები ძალიან რომ არ დავაბნიოთ ამ “ასტროლოგიური კულინარიის” განხილვით, დღეს გაცილებით უფრო მარტივ ფორმულებს შემოგთავაზებთ იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს აქვთ სამომავლოდ კარგი პერსპექტივა ცოლ-ქმრობაში ერთობლივად, სოლიდური კაპიტალის დაგროვებისკენ.

კურო & ქალწული – მიწის სტიქიის ამ ორ ნიშანს შორის ძალიან ბევრია საერთო, როგორც მენტალური, ისე მსოფლმხედველობის კუთხით. მათი ფასეულობები მატერიალური დოვლათის გამომუშავება-დაგროვებისას ძალიან ემთხვევა, ამიტომ ამ წყვილს საკმაოდ სერიოზული შანსი აქვს იმის, რომ ერთად ცხოვრების მანძილზე საკმაოდ სტაბილური, მზარდი შემოსავლის პატრონნი გახდნენ და საკუთარი ხელებით ააშენონ საოჯახო ფინანსური ინდუსტია. ისინი წინდახედულები, ფრთხილები და გაწონასწორებულები არიან, როცა საქმე ფულს ეხება. ორივეს უყვარს გონივრული ეკონომია და რაც ყველაზე მთავარია, ფულის დაგროვება. გარდა ამისა, მათთვის ერთნაირად დამახასიათებელია შრომისუნარიანობა და დისციპლინირებულობა.

კირჩხიბი & მშვილდოსანი – საინტერესო პერსპექტივების მქონე წყვილია, მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბის ხასიათი ბევრ რამეში წინააღმდეგობრივიც კია თავქარიანი მშვილდოსნის ბუნებასთან. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ ამ წყვილს საუკეთესო შანსი აქვს გამდიდრდეს და სერიოზული კაპიტალის მფლობელი გახდეს ერთად ქორწინებაში. ყველაფერი კი გამომდინარეობს იქიდან, რომ მშვილდოსანს როგორც აზარტულსა და ქუდბედიან იუპიტერის შვილს, ბედი ხშირად ანებივრებს მატერიალური შემოსავლების კუთხით. თუმცა, რომ არა კირჩხიბი და მისი დამგროვებლური ინსტინქტები, მშვილდოსანი ვერასოდეს გახდება მდიდარი. ზუსტად კირჩხიბია ის საჭირო და აუცილებელი “რევიზორი”, რომელსაც მშვილდოსნის ქონების სწორად განაწილება, შენახვა და საჭირო მიმართულებით წარმართვა შეუძლია. აი, რატომ აქვს ამ წყვილს დიდი ფულის დაგროვების რეალური პოტენციალი.

მორიელი & თხის რქა – ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ წყვილს შორის ძალიან ბევრია საერთო, როგორც ფსიქოლოგიური, ისე მენტალური კუთხით. თუმცა მორიელი, რომელიც თავისი ბუნებით უფრო აზარტული, რისკიანი და ფათერაკების მაძიებელია, კარგად ბალანსდება თხის რქის მსგავსი წინდახედული, დისციპლინირებული პარტნიორის გვერდით ყოლით. თხის რქას შეუძლია მორიელის პოტენციალი საჭირო მიმართულებით წაიყვანოს და შეამციროს მისი მხრიდან წამოსული რისკები. ამასთან ერთად, თხის გაცილებით უფრო პრაგმატული და ცივი გონების ადამიანია. რის გამოც, ამ წყვილის ბიზნესსაქმიანობა მაქსიმალურად იქნება დაზღვეული რისკებისგან. ისინი შეიძლება გამდიდრდნენ სამშენებლო ბიზნესით, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით ან მემკვიდრეობით. გამორიცხული არ არის ისიც, რომ ამ ორმა ანტიკვარიატის ბიზნესი აქციოს დიდი შემოსავლის წყაროდ.

წყარო: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები