როგორ ცხოვრებას გპირდებათ და როგორს შემოგთავაზებთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ არაერთი ქალი დამდგარა ფაქტის წინაშე, როცა ერთი შეხედვით უღრუბლოდ და პერსპექტიულად დაწყებული რომანის, ქორწინებით დასრულების შემდეგ რეალობა სრულებითაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც მას მომავალი მეუღლე მონდომებით ჰპირდებოდა და უხატავდა. თქმა არ უნდა, ყველანი ადამიანები ვართ და ზოგჯერ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ჩვენი დანაპირების სისრულეში მოსაყვანად გარემოებებმაც შეგვიშალოს ხელი, მაგრამ თუკი მომავალი მეუღლის ზოდიაქოს ნიშნის მთავარ მახასიათებლებს კარგად შეისწავლით მერწმუნეთ, ზუსტად იმის მოლოდინი გექნებათ რაც რალურად გელოდებათ… შესაბამისად, სამომავლო კონფლიქტებისგანაც მაქსიმალურად იქნებით დაზღვეული.

მაშ ასე, თუკი თქვენი “პოტენციური” მეუღლე ცეცხლის ნიშანია – ანუ ლომი, ვერძი, მშვილდოსანი უნდა იცოდეთ, რომ ცეცხლის სტიქიის მამრებს იმპულსურობა ახასიათებთ. შესაბამისად, ემოციებში მყოფი დიდი ალბათობით ნებისმიერი სურვილის ასრულებას დაგპირდებათ. ამასთან ერთად, იმ მომენტში მას თავადვე გულწრფელად სჯერა, რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც აღგითქვათ. თუმცა, სამომავლოდ თუ მან დანაპირები ვერ შეასრულა, ნუ წამოაძახებთ – დიდი შანსია, რომ ამის გამო მისი მხრიდან მძაფრი კონფლიქტის პროვოცირების ალბათობა მიიღოთ შედეგად. ცეცხლის სტიქიის მამრები უზომოდ თავმოყვარეები და ამაყები არიან. ამიტომ უნდა გახსოვდეთ – თუკი იგი თქვენ დედოფალივით ცხოვრებას დაგპირდათ და მიზეზთა და მიზეზთა გამო ვერ ახერხებს საკუთარი დანაპირების შესრულებას, ცინიზმითა და ნიშნის მოგებით საუბრის ნაცვლად დაანახვეთ, როგორ გულწრფელად გიყვართ იგი მიუხედავად ყველაფერისა. ასე თქვენს მეუღლეში სტიმულსა და მომავლის რწმენას გააღვივებთ. რის ხარჯზეც სავსებით შესაძლებელია მან მართლაც შეძლოს შეუძლებელი და ყველა ოცნება ერთად აგისრულოთ.

თუკი პოტენციური საქმრო მიწის სტიქიის ნიშანს განეკუთვნება – კურო, ქალწული, თხის რქა…
თავიდან შესაძლოა არც კი მოისურვოთ ცხოვრების ასეთ “ძუნწ” კაცთან დაკავშირება. ხშირ შემთხვევაში მიწის სტიქიის მამრები საკუთარ დაპირებებში და სამომავლო გეგმების გაჟღერების საკითხში ერთობ ფრთხილები და წინდახედულები არიან. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ სურთ სამომავლოდ გაუთვალისწინებელ პრობლემებთან შეჯახება. შესაბამისად, თუკი თქვენი მიწის სტიქიის თაყვანისმცემელი მამრი ხელის თხოვნას აგვიანებს (თუმცა იცით, რომ გრძნობა გააჩნია) სავარაუდოდ, ფინანსური მხარის უფრო მოძლიერებაზე ზრუნავს, ამიტომაც იკავებს თავს სერიოზული ნაბიჯის გადადგმისგან. სამაგიეროდ, თუკი ასეთი მამაკაცის მეუღლეობას დათანხმდებით, იგი იმაზე უკეთეს საცხოვრებელ პირობებს შეგიქმნით, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. ამ ტიპის მამაკაცებს არ უყვართ ფუჭი დაპირებები, მათი დევიზია “საქმე, ლაპარაკის ნაცვლად”.

იმ შემთხვევაში თუ პოტენციური საქმრო ჰაერის ტრიადაშია მოხვედრილი – ანუ ზოდიაქოს ნიშნით მერწყული, ტყუპი ან სასწორია. მისგან ვერც დაპირებებს მოისმენთ რეალურს და ვერც ქმედებებს დაინახავთ. როგორც წესი, ამგვარ მამაკაცებს სპონტანურობა და არაპროგნოზირებადობა აქვთ ხასიათის უმთავრესი “კოზირი”, ზოგ ქალს იქნებ მოეწონოს კიდეც მათი ამგვარი საქციელი, მაგრამ მათთვის ვინც ურთიერთობისგან ოჯახს, სიმყუდროვესა და სტაბილურობას ელის ცოტა რთული იქნება შეეგუოს ჰაეროვანი მეორე ნახევრის “თუს” და “შესაძლოას”. როგორც წესი, ზემოხსენებული ზოდიაქოს ნიშნებს ზუსტად ამგვარი რეპლიკების სიმრავლე ახასიათებთ ლექსიკურ არსენალში. ერთადერთი პლუსი რაც ამგვარი მამრის გვერდით ყოფნას გააჩნია, არის ის, რომ მის გვერდით თქვენი ცხოვრება არასოდეს იქნება მოსაწყენი და ერთფეროვანი. ამიტომ დანაპირებს თუ არ ასრულებს და უფრო დიდი ალბათობით, არც გპირდებათ არაფერს კონკრეტულს ძალიან მკაცრად ნუ მოეკიდებით ამ ფაქტს.

დაბოლოს, თუკი ბედმა მეორე ნახევრად წყლის სტიქიის წარმომადგენელი გარგუნათ – კირჩხიბი, თევზები ან მორიელი
. მათი ხასიათის საერთო შტრიხი არის ის, რომ სამივე უზომოდ ემოციური და თავისებურია. შესაბამისად, სანამ რაიმე სახის დანაპირებს “გამოსტყუებთ” საჭიროა დიდი და რთული გზა გაიაროთ მათი გულის დასაპყრობად. რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ასეთ მამრს თქვენ მიმართ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა აგრძნობინოთ. თუ ეს ეტაპი უკვე გავლილი გაქვთ და იგი მაინც არ განებივრებთ ერთობლივი მომავლის გეგმებზე საუბრით, ნუ შეგეშინდებათ. წყლის სტიქიის მამაკაცებს არ ახასიათებთ წინასწარ ისაუბრონ საკუთარ ჩანაფიქრზე იმ მიზეზით, რომ ძალიან ეშინიათ წარუმატებლობის. შესაბამისად, თუკი თქვენ თქვენი მეორე ნახევრის მიმართ მოსიყვარულე და ლოიალური იქნებით, იგი ყოველგვარი შესავალისა და ოქროს კოშკების აგების გარეშეც შეძლებს სავსებით ბუნებრივად და მარტივად შემოგთავაზოთ ერთ დღეს საკუთარი ოჯახის დიასახლისობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები