არ დაიჯეროთ, რაც წაიკითხეთ. სამ კათხაზე მეტი არ დამილევია!.. ჯერ. სანამ საღერღელი მართლა ამეშლებოდეს და ყველას სათითაოდ სიყვარულში გამოგიტყდებოდეთ, თქვენი მევლუდი კიდევ რამდენიმე ამბავს გიამბობთ ღვთაებრივი სასმელის, ლუდის შესახებ.
ასე, მაგალითად, ძველად, რამდენიმე ინგლისურ პაბში ერთგულ კლიენტებს სახელურზე სასტვენმიმაგრებული ლუდის კათხებით ემსახურებოდნენ. ასე ჭიკჭიკ-ჭიკჭიკით აურზაურში მათი შეკვეთები უფრო ადვილი გასაგები იყო.
ოქსფორდის სტუდენტს ტომ ბაუდერს კი სასაცილო ამბავი შეემთხვა: ძველი ტრადიციის თანახმად, მან გამოცდაზე ლუდი მოითხოვა. ბრიტანელებმა ტრადიცია, რა თქმა უნდა, არ დაარღვიეს და სტუდენტს ლუდი მიართვეს. თუმცა ტომ ბაუდერი გამოცდიდან მაინც მოხსნეს, რადგან მეორე, ასევე ძველი ტრადიციის მიხედვით, სტუდენტს არ ჰქონდა უფლება, გამოცდაზე ხმლის გარეშე შესულიყო.
ბელგიელებმა კი გადაწყვიტეს, ლუდი კანაფისგან მოეხარშათ. მიუხედავად იმისა, რომ ლუდის მწარმოებლებს ნარკოტიკული საშუალება კი არა, განსხვავბული გემოს ლუდი აინტერესებდათ, მათი წამოწყება აიკრძალა.
ათასწლეულების წინ, ძველ ბაბილონში მშვენიერი ტრადიცია არსებობდა: დაოჯახებულ კაცს, ქორწილიდან ერთი თვის განმავლობაში, სიმამრი ლუდის თვეს უწყობდა. ამ დროს სიძეს შეეძლო, განუსაზღვრელი რაოდენობის ლუდი დაელია სიმამრის ფინანსურ ხარჯზე! რა ცუდია, რომ ზოგიერთი ტრადიცია კვდება.
ერთსაც გეტყვით, თუ რას უშვება ლუდის სიყვარული ადამიანებს და დღეს ამით მოვრჩეთ. ფილადელფიაში მცხოვრებმა მუსიკის მასწავლებელმა შექმნა ლუდზე დაწერილი მსოფლიოში პირველი სიმფონია. სახელიც ასეთივე დაარქვა: The Beer Symphony, რომელიც სხვადასხვა ჭურჭლიდან ლუდის გადმოღვრის ჟღერადობებით არის აგებული. „კომპოზიტორის“ მტკიცებით, სასმელის ეს ხმა ლუდის მოყვარულებზე განსაკუთრებით მოქმედებს. თუმცა კრიტიკოსების შეფასება სხვაგვარია: „მუსიკის ავტორს, მუსიკაზე მეტად, ლუდი უყვარს.“
მგონი, დღეისათვის გეყოთ ლუდზე მისაყოლებელი ამბები. მომავალ პოსტში ვეცდები, კიდევ უფრო საინტერესო რამეებზე გესაუბროთ. წავიდე, სამეგობრო მელოდება. სუფრაზე თქვენი სადღეგრძელოთი დავბრუნდები!
(R)
Prev Post
სხვა სიახლეები