ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნები

შეგვიძლია უსასრულოდ ვიკამათოთ, რომელია მსოფლიოში ყველაზე კარგი წიგნი. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს. გარდა ამისა, არ არსებობს რაიმე კონკრეტული კრიტერიუმი, რომლის დახმარებითაც წიგნის ავ-კარგიანობის დადგენა მოხერხდებოდა. წარმოგიდგენთ წიგნების სიას, რომელთა ეგზემპლარებიც მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდულა.

საპატიო პირველი ადგილი, ვიქტორიანული ეპოქისა და ყველა დროის პოპულარული ინგლისელი მწერლის, ჩარლზ დიკენსის წიგნმა “ზღაპარი ორი ქალაქის შესახებ” დაიკავა. წიგნი პირველად 1859 წელს გამოიცა ინგლისურ ენაზე. ამ დროისთვის მისი 200 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. “ზღაპარი ორი ქალაქის შესახებ” საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში მომხდარი ამბების შესახებ მოგვითხრობს.

მეორე ადგილზე, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორისა და მწერლის ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის, ფენტეზის ჟანრის რომანი “ბეჭდების მბრძანებელი” გავიდა. წიგნის დიდი ნაწილი 1937-1949 წლებში დაიწერა და მისი შექმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა. “ბეჭდების მბრძანებელი” პირველად 1954 წლის 29 ივლისს გამოიცა. ითვლება, რომ ამ წიგნმა ყველაზე დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ფენტეზის ჟანრზე. ტოლკინის შემოქმედების გავლენა იმდენად დიდია, რომ სიტყვები ტოლკინური და ტოლკინისტური შეტანილია ოქსფორდის ინგლისურის ლექსიკონში. ამჟამად, წიგნის 150 მილიონი ასლია გაყიდული.

მესამე ადგილი ფრანგი მწერლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის წიგნმა “პატარა უფლისწული” დაიკავა. საინტერესოა, რომ წიგნი პირველად 1943 წელს ნიუ-იორკში, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, პატარა უფლისწული ყველაზე კითხვადი და მრავალ ენაზე ნათარგმნი ფრანგულენოვანი წიგნია. იგი თარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე, მათ შორის ბრაილზეც. აღსანიშნავია, რომ წიგნში არსებული ილუსტრაციები, რომლებიც ნოველაზე არანაკლებ პოპულარულია, თვით ეგზიუპერის მიერ იყო შესრულებული და ნაწარმოების ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. “მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი”, – გვახსენებს მწერალი. ამ დროისთვის წიგნის 140 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

1997 წლის 30 ივლისს, ჯოან როულინგის ჰარი პოტერზე დაწერილი რომანი გამოიცა, რომელიც მსოფლიოში

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია. წიგნი ბიჭუნას თავგადასავლებზე მოგვითხრობს, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში მოხვდება. ავტორის თქმით, ისტორიის დაწერის იდეა მატარებლით მგზავრობის დროს გაუჩნდა. ამ დროისთვის, ჰარი პოტერისა და ფილოსოფიური ქვის 107 მილიონი წიგნია გაყიდული.

ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიაში, მეხუთე ადგილზე ბრიტანული დეტექტივი – აგათა კრისტის რომანი “10 პატარა ზანგი” გავიდა. წიგნი 1939 წელს გამოიცა და ამ დრომდე, მისი 100 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. მოთხრობა ათ, ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებულ ადამიანზე მოგვითხრობს, რომლებიც კუნძულზე მდებარე მდიდრულ სახლში მოხვდნენ. ვინ გაუგზავნა მათ საიდუმლო მოწვევა? ვინ და რატომ კლავს მათ ერთი მეორის მიყოლებით? თანაც ყველაზე უჩვეულო მეთოდებით. და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს მხიარულ საბავშვო ლექსთან?

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები