ჩაცმულობა ხშირად ხდება განსჯის საგანი, როცა საქმე ეკლესიაში შესვლას ეხება. შარვალი, დეკოლტე, შორტები თუ მოკლე კაბა ტაძარში შესასვლელად მისაღები არ არის. თუმცა როცა სახლიდან ყოველდღიური ჩაცმულობით გავდივართ, წინასწარ არ ვფიქრობთ, რომ დღის განმავლობაში ტაძარში მოგვიხდება შესვლა. არც საექსკურსიოდ გამოწყობილები ვართ ტაძარში შესასვლელად შესაფერისად ჩაცმულები.
როგორი ჩაცმული უნდა შევდიოდეთ ეკლესიაში? რა მნიშვნელობა აქვს, ქალს კაბა ეცმევა თუ შარვალი? ამ და სხვა საკითხებზე განმარტებას გვაძლევს წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია).
-მამაო, რატომ არ შეიძლება ქალის შარვლით შესვლა ტაძარში და საიდან მომდინარეობს ეს ტრადიცია?
– შარვალი ძველად საერთოდ არ არსებობდა. მისი ტარება მეხუთე საუკუნიდან დაიწყეს, რაც ბაროსთა ადათებს მიეწერება. მოწესრიგებული ადამიანი – არც ქალი და არც კაცი, შარვალს არც კი ეკარებოდა. ასე იყო რომში, პალესტინაში, ბიზანტიაში. ქრისტიანები “ტუნიკებით” დადიოდნენ და თუ ადამიანს შეკრული ჰქონდა სამოსი შარვლის სტილში, ის ბარბაროსად მიაჩნდათ, მართლმადიდებლები კი ტაძარში არ უშვებდნენ. ვინაიდან ტუნიკით მამაკაცები მოხერხებულად ვერ ჯდებოდნენ ცხენებზე, ამიტომ შარვლები შეომიღეს.
– რატომ იკრძალება ტაძარში შარვლით შესვლა? სწორია თუ არა, როდესაც მოძღვარი შარვალსა და შორტებში გამოწყობილ ქალს ტაძარში შესვლას უკრძალავს?
– ეკლესიაში პირველად თუ შემოდის ადამიანი და შარვალი აცვია, არ უნდა ვეკვეთოთ და ვუთხრათ: აქ შენი ადგილი არ არის და გარეთ გადიო. როგორი იქნება, მრუშს რომ ვუთხრათ: მრუშობა კანონით ისჯება და ამიტომ ნუ შემოდიხარ ტაძარშიო. მრუშობა აღმატებული ცოდვაა თუ შარვლის ჩაცმა? ტაძარში შარვლით შემოსულს მივცეთ გაანალიზების საშუალება, თუ რატომ არ უნდა ეცვას ასე. ურწმუნო ათეისტმაც კი იცის, რომ შარვალი მიუღებელია ტაძარში და მოწესრიგებულად მისვლა უპირველესი მოვალეობაა. “არ ვიცი” არაფერ შუაშია, უბრალოდ გვინდა არ ვიცოდეთ და ჩვენი გავიტანოთ. ვინც არ იცის და უნდა გაგება, როდესაც ეტყვიან, გაბრაზებას არ დაიწყებს, მორჩილად მიიღებს ეკლესიისგან დადგენილ კანონს, რომელიც ზნეობისგან არის ნაკარნახევი და არა სჯულის კანონით. გამომწვევად ჩაცმა ღუპავს ადამიანს და არა შარვალი! კონკრეტულად შარვალზე არა გვაქვს საუბარი, შეიძლება სამსახურში დაგავალონ და ჩაიცვა შარვალი, მაგრამ იმ მიზნით კი არ აკეთებ ამას, რომ ვიღაცას შენი ფიგურის მოყვანილობა დაანახო, არამედ ვალდებულების მიზნით. შეიძლება სახლში იყო, ძალზე გციოდეს ან ისეთ სამსახურს ეწეოდე, რომ შარვალი ჩაიცვა. ჩვენი საზომი არის შინაგანი სინდისის ხმა, რომელიც მარად გვეკითხება: რის გამო ვაკეთებ ამას? უმეტესად ქალებზეა ყურადღება გამახვილებული. მათში იმდენად ჩამოყალიბდა გახდის ინსტიტუტი, რომ ჩაცმა უნდა ვასწავლოთ.
ხშირად გაისმის კითხვა: რა საჭიროა ეკლესიაში კაბა ჩავიცვათ? განა კაბის გამო ვუყვარვართ ღმერთს? დაფიქრდი, შენს ქორწილში შენი ძმა საცვლით რომ მოვიდეს, გაგიხარდება? მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობ და იცი, რომ მისი გული შენ გეკუთვნის.
ეკლესიაში მოკრძალება აუცილებელია, სული უფლებას არ უნდა გაძლევდეს, უდიერად მიეახლებოდე სიწმინდეებს. უბრალო, სადა და წმიდად ჩაცმული ადამიანი ყველასგან მოკრძალებას იმსახურებს და ამას ვერავინ დაფარავს, ხოლო ვულგარულად ჩაცმული გოგონა ეროტიულ ვნებას იწვევს, გათქმევინებს: რა მაგარი სხეული აქვს! სწორედ აქაა დაღუპვის წერტილი. გვინდა ღვთისთვის სათნო ვიყოთ თუ ადამიანთა სურვილების დამატკბობელი საგანი?
შორტებისა და ბრიჯების ჩაცმას უნდა ერიდოს ადამიანი. მოშვებული განწყობით გულს ვერ მოვმართავთ ლოცვისთის. შორტებით ზღვაზე იბანავებ, მაგრამ ტაძარში ვერ ილოცებ გულიანად! არათუ ჩაცმას, ტაძარში დგომასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
– ხშირად ექსკურსიების განუყოფელი ნაწილია ეკლესიების მონახულებაც. ამ დროს ხალხი უმეტესად სალაშქრო ფორმაშია. უნდა უშლიდნენ თუ არა მათ შესვლას ეკლესიაში?
– როცა ქრისტიანი მოსალოცად მიდის, შესაბამისად იცმევს, თან ლოცვითი განწყობა აქვს. თუ საგანგებოდ ტაძარში არ მიგვყავს ბავშვები და არც ესმით მისი მნიშვნელობა, სხვა დროისთვის გადავდოთ. ტაძარში შესვლა მოსასტუმრებლად და სამუზეუმო დათვალიერებისთვის არ უნდა ხდებოდეს. ტაძარი ყველაზე აღმატებულია, რაც კი გაგვაჩნია ქვეყნად. ბავშვებს თავიდანვე უნდა შევასწავლოთ ყოველივე ეს, თუმცა, როდესაც გზად მიმავალნი უნიკალურ ტაძარს შევხვდებით, ლოცვაც შეიძლება შიგნით და უფლისგან შენდობის თხოვნაც.
– ზოგჯერ როცა საექსკურსიო ჯგუფი ტაძარში შედის, წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ბავშვები ხმაურით ათვალიერებენ იქაურობას. ამ დროს რა უნდა იყოს ოქროს შუალედი? როგორ მოვიქცეთ ისე, რომ არც ტაძრის გარეთ დავრჩეთ და არც შიგნით მყოფებს შევუშალოთ ხელი?
– მსახურების დროს თუ დაემთხვა, თავშეკავება სჯობს, რადგან წესრიგს ვერ დავიცავთ და ამით უკრძალველობის ცოდვასაც დავიდებთ მხრებზე. თუ მოხერხდება, ნაწილ-ნაწილ შეიძლება ბავშვების შეშვება, რომ უხმაუროდ მოილოცონ. წესრიგისადმი მიჩვევა ღვთისადმი გონივრულ სიყვარულს განაპირობებს.
– ტაძარში მანდილოსნების თავშალის მოხვევა აუცილებელია?
– უფლისგან მოთხოვნაა ქალბატონებზე ატარონ თავშალი, რადგან ამით გამოიხატება ქრისტესადმი ერთგულება.
– რა პერიოდულობით უნდა იაროს ბავშმა ეკლესიაში? წირვაზე რომ ვერ ძლებენ პატარები, რა უნდა ქნას მშობელმა?
– როდესაც მცირეწლოვნები ხმაურობენ და ვერ ჩერდებიან, უმჯობესია ტაძარში ზიარების დროს მივიყვანოთ. ყოველი კვირა ქრისტიანმა ქრისტესთან ტაძარში უნდა გაატაროს.
წყარო: www.mshoblebi.ge