დუბაის აეროპორტში სამართალდამცველებმა ქალი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, იშვიათი სახეობის ორი დათვის ბელის კონტრაბანდულად გადაყვანას ცდილობდა. ინფორმაციას გამოცემა Paddle Your Own Kanoo ავრცელებს.
მედიის ცნობით, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა საეჭვო ობიექტები ბარგის სკანირების დროს შენიშნეს, რის შემდეგაც ჩემოდანი დამატებით შეამოწმეს. შემოწმებისას ჩანთაში ლურჯ კალათაში მოთავსებული ორი დათვის ბელი აღმოაჩინეს.
ადგილზე ვეტერინარი გამოიძახეს, თუმცა მისი მისვლის დროისთვის ცხოველები უკვე დაღუპულები იყვნენ. წინასწარი ვერსიით, ბელებმა თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში დაბალ ტემპერატურას ვერ გაუძლეს.
დაკავებულმა ქალმა განაცხადა, რომ ჩემოდნის შიგთავსის შესახებ არაფერი იცოდა და ბარგის გადატანისთვის მხოლოდ თანხა ჰქონდა მიღებული. მას ბრალად იშვიათი ცხოველების კონტრაბანდა ედება.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული ცხოველების გადაყვანა მკაცრად კონტროლდება და მსგავსი დარღვევებისთვის მძიმე პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.