ტაილანდში ღამურებში ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს

ტაილანდელმა მეცნიერებმა ღამურებში კორონავირუსის ახალი ტიპი აღმოაჩინეს, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, გარკვეულ პირობებში შესაძლოა ადამიანის უჯრედებთანაც ურთიერთქმედებდეს. კვლევა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერების ინფორმაციით, ვირუსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებულ ცხენისნალისებრ ღამურებში აღმოაჩინეს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალი შტამი SARS-CoV-2-თან ახლო ნათესაურ კავშირშია და ადამიანის ACE2 რეცეპტორთან დაკავშირების უნარიც აქვს — სწორედ ამ მექანიზმს იყენებდა COVID-19-ის გამომწვევი ვირუსიც.

თუმცა, მკვლევრები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აღმოჩენილი ვირუსი ადამიანებისთვის პირდაპირ საფრთხედ არ მიიჩნევა. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი ადამიანის უჯრედებში SARS-CoV-2-ზე გაცილებით ნელა მრავლდება და ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში მძიმე დაზიანებები არ გამოუწვევია.

სპეციალისტების თქმით, აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს, რომ ღამურებში სხვადასხვა ტიპის კორონავირუსები ერთდროულად ცირკულირებს და შესაძლოა ერთმანეთში გენეტიკური მასალაც გაცვალონ, რაც მომავალში ახალი შტამების წარმოქმნის რისკს ზრდის.

კომენტარები

სხვა სიახლეები