კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლებმა — იმუნოლოგებმა უგურ შაჰინმა და ოზლემ ტიურეჩიმ — განაცხადეს, რომ ხელმძღვანელ პოზიციებს ტოვებენ და ახალ ბიოტექნოლოგიურ კომპანიას შექმნიან.
მეცნიერები, რომლებიც ფართო საზოგადოებამ COVID-19-ის პირველი ეფექტიანი ვაქცინის შექმნის შემდეგ გაიცნო, გეგმავენ კვლევით საქმიანობას დაუბრუნდნენ და ახალი საწარმო სწორედ მრნმ ტექნოლოგიების კვლევაზე იმუშავებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.
უგურ შაჰინის თქმით, ახალი კომპანიის შექმნის მთავარი მოტივაცია სურვილია, რომ ისინი კვლავ კვლევის პიონერები გახდნენ.
მისივე განმარტებით, BioNTech ბოლო წლებში ძირითადად კლინიკური კვლევების გვიან ეტაპებზე იყო კონცენტრირებული, რის გამოც მას და ოზლემ ტიურეჩის ნაკლები დრო რჩებოდათ საწყის ეტაპზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისთვის.
მეცნიერები წლის ბოლომდე კვლავ დარჩებიან BioNTech-ში, თუმცა პარალელურად დაიწყებენ ახალი კომპანიის ჩამოყალიბებას. ეს მათი კარიერის განმავლობაში უკვე მესამე ბიოტექნოლოგიური კომპანია იქნება.
ცნობილია, რომ BioNTech ახალ საწარმოს გარკვეულ საპატენტო უფლებებს გადასცემს და სანაცვლოდ კომპანიაში უმცირეს წილს მიიღებს.
BioNTech-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ჰელმუტ იეგლმა განაცხადა, რომ კომპანია მომავალშიც გეგმავს ახალ საწარმოსთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით კომბინირებული თერაპიის მიმართულებით.
უგურ შაჰინი BioNTech-ის გენერალური დირექტორი იყო, ხოლო ოზლემ ტიურეჩი კომპანიის სამედიცინო კვლევების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მათი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ასევე კომპანიის შემოსავლების შემცირების ფონზე, BioNTech-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 17 პროცენტით დაეცა.
უგურ შაჰინმა და ოზლემ ტიურეჩიმ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი გახდნენ 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის დროს. სწორედ BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ვირუსის წინააღმდეგ გამოიყენეს.
ვაქცინის შექმნა განხორციელდა ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიასთან — Pfizer–თან თანამშრომლობით. გერმანულმა კომპანიამ ვაქცინის ფორმულა შეიმუშავა, ხოლო ამერიკულმა მხარემ უზრუნველყო კლინიკური კვლევების მესამე ფაზა, რეგისტრაციის პროცესი და მასობრივი წარმოება.
ვაქცინის წარმატების შემდეგ BioNTech-ის ფინანსურმა შედეგებმაც მკვეთრად მოიმატა. მხოლოდ 2021 წლის პირველ ცხრა თვეში კომპანიის წმინდა მოგებამ 7,1 მილიარდ ევროს მიაღწია.
კომპანიის შტაბბინა გერმანიის ქალაქ მაინცში მდებარეობს. საგადასახადო შემოსავლების ზრდის წყალობით ქალაქმა შეძლო 1980-იანი წლებიდან დაგროვილი ვალების ნაწილის დაფარვაც.
მეცნიერებმა კი ამ წარმატების შემდეგ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღეს, მათ შორის გერმანიის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო — დამსახურების ორდენი.