ბულინგი და მტრობა მოზარდებში – ვერიკო გობეჯიშვილი, ფსიქოლოგი

ბოლო პერიოდში მოზარდებისა და მშობლების მომართვიანობა ძალიან გაიზარდა იმ მიზეზით, რომ სკოლა გახდა გაუსაძლისი ბავშვებს შორის ურთიერთდაძაბულობის, მტრული განწყობის და ამ ყველაფრის ერთმანეთის მიმართ სასტიკი ფორმებით გამოხატვის გამო. სიძულვილი შობს სიძულვილს, სისასტიკე — სისასტიკეს. არა და არ ხერხდება ამ მტრული წრიდან გამოსვლა და ურთიერთობების თანაგრძნობის, სიყვარულისა და მეგობრობის ხაზზე გადაყვანა. მაინცდამაინც არც არავინ ცდილობს მოვლენებში ჩაღრმავებას; სკოლას აინტერესებს, სწრაფად გადაიჭრას და დასრულდეს დაპირისპირება და ზედაპირზე ამოტივტივებულ ფაქტებს ისევ სიღრმეში აყოფინებს თავს. მართალი გამოდის ის, ვინც დაასწრებს ან ვისაც „ყოჩაღი“ მშობელი ჰყავს. მოზარდთა უმრავლესობა ჩაგვრისა და უსამართლობის მორევში იხრჩობა. არავინ ფიქრობს სიძულვილის ენის ან ქცევის სიყვარულის ენაზე გადაყვანას. ბულინგისთვის აუცილებელი პირობა ან თვისება არ არსებობს; მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი ნებისმიერი „კარგი“ თუ „ცუდი“ თვისებით, „ობიექტური“ თუ „არაობიექტური“ მიზეზით. არც კონფლიქტის საწყისის ძიებას იწყებს არავინ. მთავარია, ხმაური მიაჩუმონ, „დამნაშავეს“ სკოლის კარისკენ მიუთითონ, კლასი თუ სკოლა ჩვეულ რიტმში დააბრუნონ, და ის, რომ ეს ყველაფერი შემდეგ მორიგ ვულკანს ამზადებს, არავის აინტერესებს. ბავშვებში იმძლავრა პესიმიზმმა, დეპრესიამ, სუიციდურმა აზრებმა და მცდელობებმაც კი. რაც უფრო მეტს ვლაპარაკობთ აღზრდაზე, სითბოსა და სიყვარულის გამოხატვის აუცილებლობაზე, სამართლიანობის, ობიექტურობისა და დემოკრატიული მიდგომების დაცვაზე, მით უფრო მძიმდება მდგომარეობა. რადგან უფროსი ლაპარაკით სხვას ამბობს და ბავშვებს მათგან სხვა მაგალითები აქვთ. ბავშვისთვის სკოლა და ხშირად ოჯახიც, ზოგადად გარემო, თანდათან უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება. მშობელი დაბნეული და დაკარგულია, თითოეული ბავშვი ერთდროულად დაჩაგრულიცაა და მჩაგვრელიც. ბულინგთან გამკლავების მექანიზმად მოზარდმა ისევ ბულინგი აირჩია, რადგან მხარდაჭერა და სამართალი ვერ იპოვა, ან „ჩამშვები“ დაერქვა, ან ენატანია.

გამოსავალი რაში მდგომარეობს?

ისევ და ისევ ბავშვთან სიახლოვე, მხარდამჭერი გარემო და სიყვარული. ეს სიტყვები კი ჰაერში გასროლილ სიცარიელედ რჩება, შედეგი კი უფრო და უფრო მძიმდება.

ამ ხაფანგიდან გამოსასვლელად ბევრი სისტემური ცვლილების გატარებაა აუცილებელი. მნიშვნელოვანია, ბავშვებს ოჯახიდან მივცეთ უპირობო სიყვარული, შინ თუ გარეთ ვაჩვენოთ ჯანსაღი და სამართლიანი ურთიერთობები და ვიყოთ მათი მხარდამჭერები.

კომენტარები

სხვა სიახლეები