დუბაიში უცხოელები შინაურ ცხოველებს ტოვებენ — თავშესაფრები გადატვირთულია

დუბაიში მცხოვრები უცხოელი რეზიდენტების ნაწილი, რომლებიც რეგიონში დაძაბული ვითარების გამო ქვეყნის დატოვებას ცდილობს, შინაურ ცხოველებს ქუჩებში, თავშესაფრების კარებთან ან თუნდაც ქუჩის განათების ბოძებთან მიბმულს ტოვებს.

კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ავიაიერიშები განახორციელეს, რის საპასუხოდაც თეირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 14 000 ბრიტანეთის მოქალაქემ უკვე მიმართა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევაკუაციის თხოვნით, ხოლო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რეგიონში ყველა არასასწრაფო მოგზაურობა აკრძალა.

თავშესაფრები გადავსებულია

ცხოველთა თავშესაფრები დუბაიში და მის შემოგარენში სწრაფად ივსება. მოხალისეები აცხადებენ, რომ ყოველდღიურად ასობით ახალი მიტოვებული ცხოველი მიჰყავთ.

ორგანიზაცია K9 Friends Dubai, რომელიც ძაღლების თავშესაფარსა და მათი ახალი პატრონების მოძიებაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ტელეფონი თითქმის უწყვეტად რეკავს — ზოგი პატრონი თავშესაფარს სთხოვს, ცხოველი ჩაიბაროს, სხვები კი მიტოვებული ლეკვების შესახებ ატყობინებენ.

ცხოველთა დაცვის რამდენიმე ორგანიზაციის მოხალისე კლერ ჰოპკინსი ამბობს, რომ ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ტრანსპორტირების პრობლემაც.

„ავიაკომპანიების უმეტესობა ამ ეტაპზე ცხოველებს აღარ იღებს, ხოლო რეისების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ ცხოველს ცოფის საწინააღმდეგო აცრა სჭირდება, ეს კიდევ მინიმუმ სამი კვირით აჭიანურებს გამგზავრებას“, — ამბობს ჰოპკინსი.

ზოგიერთი პატრონი ჯანმრთელი ცხოველის ევთანაზიასაც ითხოვს

მოხალისეები განსაკუთრებით შემაშფოთებელ ფაქტზეც საუბრობენ: მათი თქმით, ზოგიერთი პატრონი ვეტერინარებს სთხოვს, სრულიად ჯანმრთელი ცხოველი დააძინონ, რათა არ გადაიხადონ მისი გადაყვანის ხარჯი და არ მოუწიოთ საჭირო დოკუმენტების მომზადება.

„ვეტერინართა უმეტესობა ასეთ შემთხვევაში ცხოველებს თავშესაფრებში აგზავნის, მაგრამ ჩვენ უკვე გადავსებულები ვართ“, — აღნიშნავს ჰოპკინსი.

წერილი თავშესაფრის კართან დატოვებულ კატებთან ერთად

მომხდარის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მაგალითი ქალაქ ალ-აინში დაფიქსირდა. თავშესაფრის კართან ნაპოვნი იყო სატარებელი ყუთი, რომელშიც დედა-კატა და ოთხი კნუტი იმყოფებოდა.

ყუთთან დატოვებულ წერილში პატრონი წერდა:
„ოთხი კნუტი და დედა-კატა ყუთში არიან. აქ არსებული ვითარების გამო სამშობლოში ვბრუნდები. ვცდილობდი დაგიკავშირდეთ, მაგრამ ვერავინ მიპასუხა და მხოლოდ თქვენი მისამართი ვიპოვე. ძალიან ვწუხვარ, რომ მათ თქვენს კართან ვტოვებ.“

ყოველდღიურად ათობით ახალი შემთხვევა

ალ-აინში მდებარე თავშესაფრის Six Hounds ხელმძღვანელი ანსო სტანდერი ამბობს, რომ მხოლოდ ერთ დღეში 27 მიმართვა მიიღო.

„ადამიანები გვირეკავენ და პირდაპირ გვაფრთხილებენ: თუ ცხოველებს არ ჩაიბარებთ, მათ ქუჩაში გავუშვებთ. არიან ადამიანები, რომლებიც ერთდროულად ოცი კატით ცდილობენ ქვეყნის დატოვებას“, — ამბობს ის.

სტანდერის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ომანის საზღვართან მოხდა, სადაც ორი ძაღლი მოკლეს მას შემდეგ, რაც მათი პატრონები საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ, თუმცა ცხოველების თან წაყვანა ვერ შეძლეს.

„ამის გამართლება შეუძლებელია“

ცხოველთა დახმარების საერთაშორისო ორგანიზაციის War Paws დირექტორი ლუიზა ჰასტი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები მხოლოდ დუბაიში არ ხდება.

„ეს პრობლემა სხვა კონფლიქტის ზონებშიც გვხვდება — იგივე ხდებოდა ერაყში და უკრაინაშიც. შინაური ცხოველების ქუჩაში ან საზღვარზე მიტოვებას არავითარი გამართლება არ აქვს“, — აცხადებს ჰასტი.

სტატია მომზადებულია გამოცემების The Daily Mail და The Telegraph მიერ გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით.

კომენტარები

სხვა სიახლეები