ლას-ვეგასში უცნაური და შემაშფოთებელი ინციდენტი მოხდა — სამართალდამცველებმა ტურისტი დააკავეს, რომელმაც სასტუმროს ტერიტორიაზე მცხოვრები ფლამინგო მოიტაცა და მასთან ფოტოები გადაიღო.
გამოძიების ცნობით, მამაკაცი სასტუმრო „ფლამინგოს“ ბუნებრივი გარემოს ზონაში შევიდა, სადაც ფრინველები თავისუფლად გადაადგილდებიან. სწორედ იქიდან აიყვანა მან ერთ-ერთი ფლამინგო, რომელსაც სახელად პიჩი ჰქვია, და ფრინველი სასტუმროს ნომერში აიყვანა.
მოგვიანებით პოლიციამ მისი მობილური ტელეფონი შეამოწმა, სადაც ფოტოები და ვიდეოები აღმოაჩინა. სწორედ ამ კადრების საფუძველზე დაადგინეს სამართალდამცველებმა, რომ ტურისტი ფრინველს სასტიკად მოეპყრო — ჩანაწერებში ჩანს, რომ იგი ფლამინგოს ყელში ხელს უჭერს და მასთან ფოტოებს იღებს.
ინციდენტის შედეგად ფრინველს ფრთა დაუზიანდა და ვეტერინარული დახმარება დასჭირდა.
მომხდარის შემდეგ მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს და მას ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდება წაუყენეს და 12000 დოლარის გირაო შეუფარდეს. დაკავებული აცხადებდა, რომ ინციდენტის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
პოლიციის ინფორმაციით, ტურისტი მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ფრინველის დახმარებას ცდილობდა. მისი თქმით, ფერმაშია გაზრდილი და ფრინველების მოვლა იცის, ამიტომ ფლამინგოს ფრთის „დაბრუნებას“ ცდილობდა.
სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფლამინგო ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.