ასტროლოგი, რამაზ გიგაური აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“* 7 აგვისტო > მარსი სასწორის ზოდიაქოს ნიშანში
* 23 აგვისტო > მზე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში (0:34 საათიდან)
* 25 აგვისტო > ვენერა ლომის ზოდიაქოს ნიშანში
რეტროგრადული პლანეტები:
* 11 აგვისტო > დირექტიული მერკური (ლომის მე-5 გრადუსიდან)
მთვარის ფაზები:
* 1 აგვისტო (16:42) – პირველი მეოთხედი: მორიელის მე-10 გრადუსზე
* 9 აგვისტო (11:55) – სავსემთვარეობა: მერწყულის მე-17 გრადუსზე
* 16 აგვისტო (9:13) – უკანასკნელი მეოთხედი: კუროს 24-ე გრადუსზე
* 23 აგვისტო (10:07) – ახალმთვარეობა: ქალწულის პირველ გრადუსზე
* 31 აგვისტო (10:24) – პირველი მეოთხედი: მშვილდოსნის მე-9 გრადუსზე
ივლისში დაწყებული პროცესები აგვისტოში საკმაოდ აქტიურად და ენერგიულად გაგრძელდება. ეს განსაკუთრებით აგვისტოს პირველ-მეორე დეკადას ეხება, რადგან ძლიერად გამოვლინდება ცეცხლის სტიქია. ამის გამო ადამიანებში მოიმატებს ამბიციურობა და მიზანსწრაფვა, რაც წარმატების მიღწევის შანსებს ერთი-ორად გაზრდის. თუმცა ბევრი იქნება ირაციონალური და ალოგიკური გადაწყვეტილებაც, რომელიც უფრო ემოციაზე იქნება დაფუძნებული, ვიდრე გონივრულ ანალიზზე.
იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულის პირველ ნახევარში იმ პლანეტებმა, რომლებიც ასტროლოგიაში ეპოქალური ციკლებს მართავენ, ზოდიაქოს ნიშანი შეიცვალა, მოსალოდნელია ზაფხულის ბოლოსკენ და შემოდგომის დასაწყისში გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები როგორც ურთიერთობებში, ისე ბიზნესში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მერკური აგვისტოს პირველ დეკადაში ისევ რეტროგრადულად მოძრაობს და კვლავ დამუხრუჭებულია ინფორმაციასთან და ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.
6-12 აგვისტოს მარსის, სატურნისა და ნეპტუნის ნეგატიური ასპექტების გავლენით მოიმატებს ტექნიკური ავარიების, ხანძრების, აფეთქების და ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა (პიკი: 9-10 აგვისტო). ამიტომ ამ პერიოდში ყველას სიფრთხილე და წინდახედულობის გამოჩენა მართებს. მკვეთრად გაზრდილი იქნება ავტოავარიების და კონფლიქტების ალბათობაც.
7 აგვისტოს ენერგიის, საქმიანობისა და ბრძოლის პლანეტა მარსი გადაინაცვლებს სასწორში და იქ 22 სექტემბრამდე დარჩება. მარსის ეს პოზიცია „გამოძევებულია“, რაც სუსტ გამოვლენად ითვლება. აქედან გამომდინარე, უპირატესობა პარტნიორულ ურთიერთობებს უნდა მიენიჭოს. ერთპიროვნული და ეგოისტური გადაწყვეტილებები არასასურველ შედეგებს მოიტანს. მარსი – სასწორში ხშირად მიანიშნებს დაპირისპირებაზეც (ეს შეეხება როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებს). მათ, ვისაც კონფლიქტურ სიტუაციებში მოხვედრა არ სურთ, ტაქტსა და დიპლომატიურობას ხშირად უნდა მიმართონ.
დამატებით შეიძლება ითქვას, რომ მარსი სასწორში მოიტანს მაღალ სოციალურ და საქმიან აქტივობას, დიდ პროექტებში მონაწილეობის შანსებს, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების შესაძლებლობებს, სხვადასხვა ტიპის სოციალურ პროექტებს და ასევე საპროტესტო გამოსვლებს.
9 აგვისტოს მერწყულის სავსემთვარეობა ადამიანებში ერთი მხრივ, ადამიანებში გააძლიერებს ორიგინალურობას და თავისუფლების განცდას, მეორე მხრივ კი, ეს იქნება სამართლიანობის დაცვა და პროტესტის ძლიერი გამოხატულება. ეს იქნება ეგოსა და ალტრუიზმს შორის ერთგვარი დაპირისპირება, რაც ბევრ ადამიანში შინაგან ტრანსფორმაციას და ხასიათის უკეთესობისკენ შეცვლას გამოიწვევს. ეს პერიოდი სასიკეთო იქნება მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის და თანამოაზრეების მოძიებისთვის.
11 აგვისტოს (11:30) მერკური დაასრულებს რეტროგრადულ მოძრაობას, რაც სასიკეთოდ აისახება ინფორმაციასთან, ურთიერთობებთან, კავშირებთან, მოლაპარაკებებთან, ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეს გაგრძელდება 10 ნოემბრამდე (მერკურის შემდეგ რეტროგრადულ ფაზამდე). ამ პერიოდიდან ნელ-ნელა გამოსწორებას დაიწყებს ის საქმეები, რომლებიც 18 ივლისის შემდეგ მუხრუჭდებოდა და ვერ ვითარდებოდა.
მითუმეტეს, რომ 11-15 აგვისტოს ვენერა-იუპიტერის შეერთება იქნება. ეს იღბლისა და პოზიტიურობის ასპექტად ითვლება. იმატებს გამართლების ალბათობა, რაც შესაძლოა სასიკეთოდ აისახოს არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დალაგებაზე, არამედ უძრავი ქონებასთან და საცხოვრებელი სივრცის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებზეც, ასევე მოგზაურობაზე, უცხოელებთან ურთიერთობაზე. სასიკეთო იქნება ახალი შენაძენები. (თუმცა ამის გვერდით, ზემოთ ნახსენები 6-12 აგვისტოს დაძაბულობის თემა ნარჩუნდება, რაც როგორც აღვნიშნეთ, ტექნიკურ ავარიებს უკავშირდება).
საერთოდ, აგვისტოში შესამჩნევი გახდება, რომ „ძველი წესი“ აღარ მოქმედებს, ამიტომ ადამიანებს, სოციალურ ჯგუფებს, კომპანიებს თუ სხვადასხვა სისტემებს მოუწევთ ინიციატივის გამოჩენა, შესაძლებლობების ძებნა, სწრაფად კონტაქტების ჩამოყალიბება, თუმცა აქედან თუნდაც მცირე შედეგების მიღება მხოლოდ აგვისტოს მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი. აგვისტოს სამი დეკადა ასე შეიძლება აღვწეროთ: პირველი – რთული, კრიზისული, მეორე – დადებითი, წარმატებული, მესამე – გარდამტეხი, ცვლილებების მომტანი.
22 აგვისტოს მზე გადაინაცვლებს ქალწულის ნიშანში და იქ 22 სექტემბრის ჩათვლით დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთთვიანი პერიოდი იქნება, რადგან სწორედ ქალწულის ნიშანში იქნება „დაბნელებების დერეფანი“ (7 სექტემბერს – მთვარის და 21 სექტემბერს – მზის დაბნელება). 22 აგვისტოდან სასიკეთო იქნება ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სამკურნალო და გასახდომი დიეტის, ასევე ფიზიკური ვარჯიშის დაწყება, ხასიათის თვისებების გამოსწორება, მავნე თვისებების მოცილება, შინაური ცხოველის შეძენისთვის, სახლის და ოფისის დალაგება-მოწესრიგებისთვის და რემონტისთვის.
თუმცა აგვისტოს მესამე დეკადაში ურანის ნეგატიური ასპექტები მზესთან და მერკურთან გააძლიერებს ნევროზულობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებში ვისაც პერფექციონიზმი აწუხებს ან პირად ჰოროსკოპში მზე-მერკურის და ურანის კვადრატული ასპექტი აქვს. ამ დროს აქცენტი ძირეულ საკითხებზე უნდა გაკეთდეს, რადგან წვრილმანებზე მეტისმეტად ჩაციკვლამ შესაძლოა თვალთახედვიდან მთავარი დაგვაკარგვინოს.
25 აგვისტოს ვენერა ლომში შევა (19 სექტემბრამდე). ეს სიყვარულის პლანეტისთვის საკმაოდ სასიკეთო პოზიცია, ამიტომ სასიკეთო პერიოდი იქნება სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება-განახლებისთვის. ადამიანებში მოიმატებს შარმი, მიმზიდველობა, სექსუალურობა და ბუნებრივია, ეს გაზრდის ახალი კავშირების დაწყების ან ქორწინების ალბათობას. მითუმეტეს, რომ 25-27 აგვისტოს ვენერა ტრინში ასპექტებში იქნება სატურნთან და ნეპტუნთან. ეს სასიკეთო პერიოდი იქნება ხელოვნებასთან და ასევე იურისპრუდენციასთან დაკავშირებული პროექტების განვითარებისთვის.
აგვისტოს ბოლო დღეებში დაიწყება მარსი-უპიტერის კვადრატული ასპექტი (პიკი: 5 სექტემბერი), რაც მიანიშნებს საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასებაზე და ავტორიტეტულ პირებთან კამათზე, ასევე მოიმატებს რელიგიურ და პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირების ალბათობა. თუმცა ეს ტენდენციები უფრო სექტემბრის პირველ დეკადაში იჩენს თავს.
არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა 7, 9, 10, 11, 16, 22, 27 და 30 აგვისტოს.” – წერს ასტროლოგი.
სხვა სიახლეები