16-22 ივნისის ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“ისევე როგორც წინა კვირაც, ეს ერთკვირიანი პერიოდიც ასევე რთული და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალოვადიანი ასტროლოგიური ასპექტები, რომლებიც წინა კვირაში გააქტიურდა, 16-22 ივნისის შუალედშიც ინარჩუნებენ გავლენას.
გრძელდება მარსსა და ურანს შორის კვადრატული ასპექტის დამანგრეველი ზეგავლენა (ჩემი გათვლით, მას გავლენა 25 ივნისამდე ექნება) – ეს მიანიშნებს მერყევ და დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციებზე, კვლავ არის შეიარაღებული შეტაკებების, ავიაკატასტროფების და ტექნიკური ავარიების ალბათობა. ინდივიდუალურ დონეზე, ეს ასპექტი გავლენას მოახდენს ყველა ადამიანზე, რომელსაც პირად ჰოროსკოპში მარსი-ურანის შეერთება, კვადრატი ან ოპოზიცია აქვს (როგორც რეზონანსული ასპექტი), ასევე იმ ადამიანებზე, რომელთა პირად ჰოროსკოპში ტრანზიტულ მარსს ან ურანს ნეგატიური კავშირი აქვთ ნატალურ პლანეტებთან. ამ ადამიანების ცხოვრებაში გაზრდილი იქნება მოუთმენლობა, უტაქტობა და აგრესიულობა. შესაძლოა ისინი კონფლიქტურ ან ავარიულ სიტუაციებში აღმოჩნდნენ. ამიტომ სიფრთხილის გამოჩენა სჭირდებათ.
თუმცა ამ პერიოდის მთავარი ასპექტი – ეს არის იუპიტერის ორმაგი კვადრატი სატურნთან და ნეპტუნთან (ამ ასტროლოგიურ მოვლენას ნაწილობრივ ივნისის ვიდეოპროგნოზშიც შევეხე). ეს მიანიშნებს შეცდომებზე, ილუზიებსა და ტყუილებზე. შესაძლოა იმედგაცრუება მოჰყვეს გადამეტებულ და უსაფუძვლო ოპტიმიზმს. ამიტომ ადამიანები იოლად არ უნდა ენდონ ახალგაცნობილ ადამიანებს, არ წავიდნენ გაუმართლებენ რისკზე, გადაამოწმონ ინფორმაცია, მოაწესრიგონ საბუთები და მოლაპარაკებებისას მყარი გარანტიები მოითხოვონ.
გლობალურ დონეზე, ეს შეიძლება იყოს „კვამლის ფარდის“ პერიოდი. სხვათა შორის, ამას კარგად ხსნის რობერტ გრინის სკანდალური წიგნი „ძალაუფლების 48 კანონი“ (კანონი 3). ამ პერიოდში პოლიტიკაში ჭეშმარიტი ზრახვები დამალული იქნება და შესაძლოა ბევრი ვერ მიხვდეს, ესა თუ ის მოვლენა რატომ ხდება, შესაძლოა რაიმე ქცევა, შემთხვევა ყურადღების გადასატანად გამოიყენონ და ამ დროს საკითხის რეალური გადაწყვეტა სულ სხვა მხარეს ხდებოდეს. ეს მიანიშნებს გარკვეულ საიდუმლოებზე, სადაც არ ჩანს სიტუაციის თავი და ბოლო.
ამ პერიოდში დადებით ინგრესიად უნდა ჩავთვალოთ მარსის ლომის ნიშნიდან ქალწულში გადასვლა. ეს არის ცეცხლის სტიქია მიწით შეცვლა, რაც ნიშნავს სპონტანურობის, ლიდერული თვისებებისა და თეატრალურობის ჩანაცვლებას სტრუქტურირებულ, დაგეგმილ და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებულ მოქმედებებით. ყველა ლიდერი, რომელიც საკუთარ პოლიტიკას ემოციასა და პოპულიზმზე აყალიბებს (იგივე დონალდ ტრამპი) იძულებული იქნება საქმეში ეფექტიანობასა და შედეგიანობაზე იფიქროს.
ინდივიდუალურ დონეზე ეს ერთკვირიანი პერიოდი ადამიანებისგან „მოითხოვს“ წინდახედულობას, სიფრთხილეს და კონცენტრაციას. რეკომენდებულია ჯანმრთელობის გაფრთხილება. არ არის სასურველი ექსტრემალური სპორტით დაკავება. არსებობს ალკოჰოლით ან რაიმე სხვა ნივთიერებით მოწამვლის ალბათობა, ამიტომ ამ კუთხითაც სიფრთხილის გამოჩენა იქნება საჭირო. შემდეგი კვირიდან (23 ივნისიდან) საერთო მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდება.” – წერს გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები