მარტის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი, რამაზ გიგაური მარტის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

“ინგრესია:
* 3 მარტი > მერკური თევზების ზოდიაქოში
* 7 მარტი > სატურნი თევზების ზოდიაქოში
* 17 მარტი > ვენერა კუროს ზოდიაქოში
* 19 მარტი > მერკური ვერძის ზოდიაქოში
* 21 მარტი > მზე ვერძის ზოდიაქოში (ასტროლოგიური ახალი წელი)
* 23 მარტი > პლუტონი მერწყულის ზოდიაქოში
* 25 მარტი > მარსი კირჩხიბის ზოდიაქოში

7 მარტს – სავსემთვარეობა, ხოლო 21 მარტს კი ახალმთვარეობა დაფიქსირდება. თბილისის დროით ეს მოხდება:
* სავსემთვარეობა – 7 მარტს (16:40 საათზე)
* ახალმთვარეობა – 21 მარტს (21:23 საათზე).

დაძაბული დღეები: 2, 3, 6, 14, 15, 16, 17, 21
ჰარმონიული დღეები: 1, 6, 18, 27, 31

შეიძლება ითქვას, რომ მარტი – 2023 წლის უმნიშვნელოვანესი პერიოდია.
ეს არის საწყისი წერტილი, რომელიც რამდენიმე ასტროლოგიურ ციკლს უდებს სათავეს. უპირველესად, აქ უნდა გამოვარჩიოთ წინაღობებისა და პრობლემების პლანეტა – სატურნის თევზების ზოდიაქოში ინგრესია. ასტროლოგიური თვალსაზრისით სატურნი თევზებში ბევრად სუსტად ავლენს თავს, ვიდრე იმ ნიშანში, რომელშიც მანამდე იმყოფებოდა (მერწყულში). სატურნი პირველ ციკლში, თევზების ნიშანში 2025 წლის მაისამდე იმოძრავებს და შემდეგ უკვე მეორე ციკლში, რეტროგრადული მოძრაობით დაბრუნდება 2025 წლის სექტემბრის დასაწყისში და აქ 2026 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე დარჩება.
თუ ამას გლობალური კუთხით შევხედავთ, 2020-22 წლებში სატურნი მერწყულში მოძრაობდა და მისი კვადრატი ურანთან ქმნიდა ძველისა და ახლის ბრძოლის ძლიერ ტენდენციას, მისი ინგრესია თევზებში კი დააჩქარებს ცვლილებებს. ბევრი პოლიტიკურ-ეკონომიკური ფორმა, რომელიც აქამდე თავს როგორღაც ინარჩუნებდა, დაიწყებს ნელ-ნელა გამოფიტვას და არ არის გამორიცხული, რომ დაიშალოს და შეიცვალოს.

მითუმეტეს, რომ მარტის თვეში ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის პლანეტა პლუტონიც, რომელიც ასტროლოგიაში მიეკუთვნება ე. წ. „უნივერსალურ“ პლანეტათა ჯგუფს.
პლუტონი – ეს არის ტრანსფორმაცია, ძველის დაშლისა და ახლის აწყობის პლანეტა. ეს არის ასევე დიდი, მასშტაბური სოციალური ცვლილებების მმართველი პლანეტა და სწორედ ამ პოლიტიკურ-სოციალურ ცვლილებებზე მიანიშნებს პლუტონის მერწყულის ზოდიაქოში გადასვლა. ამ ყველაფრის პირველი ნიშნები სწორედ 2023 წლის მარტიდან დაიწყება და 2023 წლის ივნისის დასაწყისამდე გასტანს. ეს პირველი ფაზა იქნება დაახლოებით სამი თვე. 11 ივნისს პლუტონი რეტროგრადული მოძრაობით დაბრუნდება ისევ თხის რქაში და მერწყულში ხელახლა მხოლოდ 2024 წლის დასაწყისში გადაინაცვლებს. აქედან გამომდინარე, სწორედ 2023 წლის გაზაფხული იქნება ის პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელი გახდება იმ მოსალოდნელი ცვლილებების დანახვა, რომლებიც 2024 წლის იანვრიდან სრული მასშტაბით დაიწყება.
პლუტონი მერწყულის ნიშანში 21 წლის განმავლობაში დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლიდან დაწყებული ცვლილებების ტალღა გარკვეულწილად 2044 წლამდე გასტანს. ეს ერთ დიდ ეტაპადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. მერწყული – ეს არის თავისუფლების მომხრე, რეფორმატორული ნიშანი, ამიტომ მსოფლიოში აქამდე არსებული დიქტატორულ-ავტოკრატიული მმართველობები სწორედ ამ პერიოდში ჩამოიშლება.
ბუნებრივია, ეს იქნება ახალი მსოფლიო პოლიტიკური წყობა და ახალი გეოპოლიტიკური გადალაგება. ამის საწყისი წერტილი სწორედ 2023 წლის გაზაფხული გახდება.

სატურნის შესვლა თევზებში ყველა იგრძნობს, რადგან დაიწყება ერთგვარი დეზინტეგრაცია და გარკვეული ფორმების დაშლა (თევზები სიმბოლურად ზოდიაქოს ბოლო ნიშანია და ის ციკლს ასრულებს). ცხადია, ეს არ მოხდება მოულოდნელად და სწრაფად, რადგან სატურნის ასტროლოგიური მოქმედება არის ნელი და თანდათანობითი. ადამიანებში გაძლიერდება დეზორიენტირების მომენტი. ბევრი რამ გახდება ბუნდოვანი და მყიფე. ეს შეეხება როგორც გლობალურ დონეზე (პოლიტიკას, ეკონომიკას, სავალუტო ფონდების მუშაობას, ვალუტის კურსს), ისე ინდივიდუალურ დონეზე, რადგან ბევრ ადამიანს მოუწევს საკუთარი მიზნების გადახედვა, მათი დაკონკრეტება და ცვლილებების შეტანაც კი.
საინტერესოა, რომ სატურნის თევზებში გადასვლა ემთხვევა სავსემთვარეობას. ეს არის 7 მარტი. სიმბოლურად, სწორედ ეს დღე უნდა ავიღოთ, როდესაც ადამიანებმა უარი უნდა თქვან იმ ძველ ჩვევებსა და ფასეულობებზე, რომლებსაც მათ ცხოვრებაში პრობლემები მოჰქონდა. სწორედ 7 მარტი შეიძლება მივიჩნიოთ, უახლოესი 2-3 წლიანი ციკლის საწყის წერტილად.

ინდივიდუალურ დონეზე შეიძლება ითქვას, რომ არ ღირს ძველ ფორმებზე „გამოკიდება“, რადგან ახლის გაცნობიერება და მიღება აუცილებელიც კი გახდება. ამ დროს საჭიროა იმ სამომავლო ასე ვთქვათ, პოლიტიკისა თუ ფილოსოფიის კარგად გააზრება, რომლის გატარებას და რომლით ცხოვრებასაც თითოეული ადამიანი გეგმავს. განსაკუთრებით რთული იქნება მარტის პირველი ნახევარი, კონკრეტულად კი 3-17 მარტის პერიოდი, როდესაც აზროვნების, ინფორმაციის და კომუნიკაციის პლანეტა მერკური თევზების ზოდიაქოში იმოძრავებს. მერკური – თევზებში სუსტ, ასე ვთქვათ, „გამოძევებულ“ პოზიციაში იმყოფება და ამ დროს „ირღვევა“ ლოგიკა, ამის გამო ბევრი ადამიანი ალოგიკურ და მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას იღებს. იზრდება ბუნდოვანების, ილუზიის და საკუთარი თავის მოტყუების ალბათობა. ეს განსაკუთრებით თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შეეხებათ და ასევე იმათ, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერკური თევზების ზოდიაქოში აქვთ განთავსებული.

19-21 მარტი ეს იქნება ძველი ერთწლიანი ციკლის დასასრული და ახლის დასაწყისი. 21 მარტი – ეს არის გაზაფხულის ბუნიაობა, ასტროლოგიური ახალი წელი (თბილისის დროით ეს დადგება 21 მარტს, 1:25 საათზე). ეს არის ვერძის ნიშნის ენერგიის გააქტიურება, როდესაც ბუნება იღვიძებს, როდესაც დღე-ღამე თანაბრდება. მითუმეტეს, რომ მანამდე, 19 მარტიდან მერკურიც ვერძის ნიშანში გადავა და ადამიანებში აზროვნების პროცესი უფრო აქტიური, დინამიკური და ასე ვთქვათ, „ცეცხლოვანი“ გახდება. მოიმატებს თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფვა.
21 მარტი იმითაც იქნება გამორჩეული, რომ ახალმთვარეობა იქნება და დაიწყება მთვარის ახალი თვე, ახალი ენერგია და აღმავალი მთვარის პერიოდში სასურველი მოხდეს ახალი საქმეების, ახალი პროექტების დაწყება.
მარტის მესამე დეკადიდან როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში თუ ბიზნესში თითქოს დასრულდება ბუნდოვანების, ილუზიის და ნიჰილიზმის პერიოდი და მოსალოდნელია წინ ახალი პერსპექტივები გამოჩნდეს. ამიტომ უკვე 22-23 მარტიდან ბევრი ადამიანი დაიწყებს აქტიურ მოქმედებას, რათა მანამდე შეჩერებული თუ დამუხრუჭებული პროექტები განაახლოს ან საერთოდ, ახლიდან, ახლებურად დაიწყოს.“-წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები