ასტროლოგი, რამაზ გიგაური თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“2023 წლის თებერვალი – ეს არის ერთგვარი „მოსამზადებელი“ პერიოდი იმ გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური „გადაწყობისთვის“, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება (შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხული – არის 2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი „საყრდენი წერტილი“, რომელზეც დამოკიდებულია 2023 წლის განვითარება).
თებერვლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ის არის, რომ მერკური რეტროგრადული არ იქნება (ის დირექტიულად იმოძრავებს და ეს ციკლი 21 აპრილამდე გაგრძელდება). აქედან გამომდინარე, თებერვალი კომუნიკაციისთვის, ურთიერთობებისთვის, ინფორმაციის მიღება-გადაცემისთვის და მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო პერიოდია. გარდა ამისა, ასევე პოზიტიური იქნება საკუთარი მიზნების ფორმირებისთვის, გეგმების სწორად გააზრებისთვის და დასახვისთვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იანვარში ენერგიის და საქმიანობის პლანეტა მარსმაც დაასრულა რეტროგრადული მოძრაობა და თებერვალში ისიც დირექტიულად იმოძრავებს. უფრო მეტიც, მარსის სიჩქარე თებერვალში მინიმალური იქნება, ანუ მისი მოძრაობის ფაზა ე. წ. სტაციონარულია (ეს არის დირექტიულ-რეტროგრადულ ფაზებს შორის შუალედური მდგომარეობა, როდესაც პლანეტა ასტროლოგიური თვალსაზრისით „ერთ ადგილზე დგას“. ამ დროს პლანეტის სიჩქარე მინიმალურია). ეს ფაზა საკმაოდ საინტერესო და შეიძლება ითქვას, რომ დადებითია. ამ დროს ადამიანებში ენერგია მიედინება თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ეს კი მიანიშნებს, რომ საქმიან ცხოვრებაში ბევრი ადამიანი განვითარდება, გახდება გაბედული და მიაღწევს წარმატებას. ის იდეები თუ პროექტები, რომლებიც იანვარში და განსაკუთრებით მის პირველ ნახევარში მუხრუჭდებოდა, თებერვალში უკვე მთელი ძალით გაიშლება და განვითარდება.
თებერვლის დასაწყისი, მაქსიმუმ პირველი დეკადა არც თუ სასიკეთო იქნება პირადი ცხოვრების დარეგულირებისთვის და სასიყვარულო სფეროში კრიზისული სიტუაციების მოგვარებისთვის. ამ კუთხით მოსალოდნელია არასტაბილური სიტუაცია. არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღების და ყველაფრის ერთიანად შეცვლის სურვილმა მოსალოდნელია სხვადასხვა კუთხით გარკვეული პრობლემები მოიტანოს.
5 თებერვლის სავსემთვარეობა მოიტანს მნიშვნელოვან განახლებას, „აფდეითს“, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს 2022 წლის მაისიდან 2022 წლის ნოემბრამდე დაწყებულ საკითხებთან, ურთიერთობებთან და პერსპექტივებთან.
11 თებერვალს მერკური თხის რქიდან მერწყულში გადაინაცვლებს. ამიტომ ადამიანებში გაძლიერდება შემოქმედებითობა, კრეატიულობა, ორიგინალურობა, არასტანდარტულობა და კრიზისების არაორდინალურად გადაწყვეტის უნარი.
ცალსახად დადებითია 15-24 თებერვლის პერიოდი. წარმატებული იქნება ურთიერთობების დაწყება, საქმიანი კავშირების განვითარება, მოლაპარაკებები, სწავლა და მოგზაურობა.
თებერვალში სიყვარულის პლანეტა ვენერა – თევზების ნიშანში იმოძრავებს (20 რიცხვამდე), რაც მიანიშნებს, რომ ბევრი ადამიანი იქნება მგრძნობიარე და გულისხმიერი. გაძლიერდება თანაგრძნობის უნარი. აქედან გამომდინარე, თებერვლის დასაწყისში შექმნილი სასიყვარულო კრიზისები მოსალოდნელია სწორედ 15-20 თებერვლის შუალედში დარეგულირდეს.
19 თებერვალს მზე (თბილისის დროით 2:35 საათზე) თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ამიტომ თებერვლის მესამე დეკადა შედარებით მშვიდ ტემპში გაგრძელდება. ამ დროს სასურველია ადამიანებმა მოუსმინონ შინაგან ხმას, ინტუიციას და გადაწყვეტილებები ისე მიიღონ.
20 თებერვლის ახალმთვარეობის შემდეგ დაიწყება ახალი ციკლი. მითუმეტეს, რომ ვენერა სწორედ 20 თებერვლიდან ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და ადამიანებს სიყვარულში უფრო ენერგიული გამოვლენა ექნებათ და უფრო მეტად ინიციატივიანები გახდებიან. მთლიანობაში თებერვლის ბოლო დეკადა უფრო დაკავშირებული იქნება საკუთარი თავის ძიებასთან, წარსულის ანალიზთან, დაშვებული შეცდომების გამოსწორებასთან და ჯანმრთელობის გამყარებასთან.
დაძაბული დღეები: 3, 4, 5, 12, 13, 16, 21
ჰარმონიული დღეები: 8, 17, 18, 22
5 თებერვალს – სავსემთვარეობა, ხოლო 20 თებერვალს კი ახალმთვარეობა დაფიქსირდება. თბილისის დროით ეს მოხდება:
* სავსემთვარეობა – 5 თებერვალს (22:29 საათზე)
* ახალმთვარეობა – 20 თებერვალს (11:06 საათზე).
ინგრესია:
* 11 თებერვალი > მერკური მერწყულის ზოდიაქოში
* 19 თებერვალი > მზე თევზების ზოდიაქოში
* 20 თებერვალი > ვენერა ვერძის ზოდიაქოში“- წერს ასტროლოგი.