სოფო ბედიას ახალი იმიჯი და კლიპი: „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ცოლი იყოს წარმატებული და გამოიყურებოდეს კარგად…“
სოფო ბედიამ ახლახან საზოგადოებას ვიდეორგოლი წარუდგინა, კაკი ბოლქვაძის სიმღერაზე „დაგაგვიანდა“. პრემიერა „კავეას“ კინოთეატრში შედგა. სოფოსთვის ამ სიახლის მისალოცად უამრავი სტუმარი შეიკრიბა. კლიპი, რომელიც შავ-თეთრია, რამდენჯერმე გაიმეორეს აუდიტორიის მოთხოვნით. მალე ტელეპრემიერა შედგება, შემდეგ კი ვიდეორგოლი ფართო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება ინტერნეტის საშუალებით.
ეს არის რიგით მეორე კლიპი ჩემთვის და მეორედ გავაკეთე ასეთი მასშტაბური პრეზენტაცია. სიმღერის ტექსტი ეკუთვნის შორენა ტაბატაძის, არანჟირება – ცირა ბზიშვილს და მელოდია ჩემმა მეგობარმა და უკვე ოჯახის წევრმა, კაკი ბოლქვაძემ შექმნა. რეჟისორი კი გახლავთ ჩემი ერთგული ბესო კვარაცხელია, რომელთანაც სულ ვთანამშრომლობ, თუკი რამე ხდება ჩემს ცხოვრებაში.
პრეზენტაციაზე ძალიან ბევრი სტუმარი მოვიდა, რამაც ძალიან გამახარა. რამდენჯერმე მოითხოვეს კლიპის ჩვენება და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
შენმა იმიჯმა კლიპში საზოგადოება დააინტერესა. რატომ გადაწყვიტე პარიკის მორგება?
ჩემი იმიჯის იდეა კაკის ეკუთვნის. ზოგადად, იმის თქმა მინდა, რომ მას ძალიან დიდი დამსახურება აქვს ჩემს აქტიურობაში. ყოველთვის ვიყავი მონდომებული და ძალიან მშრომელი, აქტიურობა არც ადრე მაკლდა, მაგრამ ბოლო წლებია, კაკი ძალიან დიდ ბიძგს მაძლევს, სულ მეუბნება, რომ რაღაც ახალი უნდა გავაკეთო. არ მასვენებს, ახლავე უნდა გააკეთო ყველაფერიო. მოკლედ, ვგიჟდებით ერთმანეთზე. ძალიან ზრუნავს ჩემს კარიერაზე. ისევე ნერვიულობს და განიცდის, როგორც მე. ეს არ ისწავლება. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, მაგრამ კაკი არის საუკეთესო!.. მითხრა, რომ უნდოდა, კლიპში სხვანაირი ვყოფილიყავი. მთხოვა, მისთვის დამეჯერებინა და ბოლომდე გავყოლოდი. ერთობლივად მოვიფიქრეთ იმიჯი – არასდროს მქონია კარე ვარცხნილობა. სხვათა შორის, ყველამ აღნიშნა, რომ მომიხდა, ბარბრა სტრეიზანდული ვიყავი. მე ხომ ისედაც მამსგავსებდნენ ბარბრას, სანამ ცხვირის ოპერაცია გავიკეთე. მარინა ბერიძიდან დაწყებული ყველა მეუბნებოდა, რომ ამ მომღერალს ვგავდი და მირჩევდნენ, კარე შემეჭრა. ამის მიუხედავად, ვერასდროს შეველიე გრძელ თმას.
მეუღლეს მოსწონს ალბათ შენი გრძელი თმა…
ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, მიშას ძალიან მოსწონს. გარდა ამისა, მეც ვერ ვრისკავ. მოვირგე პარიკი…
კლიპის გადასაღებად იმიჯის მართლა შეცვლა ვერ წარმოგიდგენია?
ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ ადამიანს, რომელსაც შეუძლია პროფესიის გამო მსხვერპლი გაიღოს. მეც შემიძლია, მაგრამ იმდენად კარგი ხარისხია პარიკი გამოვიწერე, რომ შეჭრის საჭიროება არ იყო. შავ-თეთრში ძალიან არ ყვირის და არ ჩანს, რომ ეს არის პარიკი.
შენი მეუღლე ესწრებოდა გადაღებებს?
მიშამ ყველაფერი მოიცვა და ყველგანაა. შექება მიყვარს ადამიანების – ზოგადად, მეგრელები ემოციური ხალხი ვართ, გვიხარია, გამოვხატავთ, გვწყინს, გამოვხატავთ. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ მიშას „ვფუთავ“, რომ ყველამ იფიქროს, როგორი კარგი ქმარია. მინდა, მას მადლობა გადავუხადო, ეს ბიჭი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ცოლი იყოს წარმატებული, გამოიყურებოდეს კარგად, არ არის ეჭვიანი, მამოძრავებელი, ძალის მომცემი ადამიანია, მიდი, მიაწექი და მეც მოვდივარო, გეუბნება. წარმატებულ ქალებს მეორე ნახევრები ზოგჯერ არ აძლევენ თავისუფლებას, რომ ვთქვათ, რაც უნდათ, ის ჩაიცვან, ამიტომ მიშას მიდგომა მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამას ძალიან ვაფასებ. მიშა გადამღებ ჯგუფს ყველანაირად ეხმარებოდა, ინვენტარი იქნებოდა თუ გადაადგილების აუცილებლობა. ვერც „გავქაჩავ“ სხვანაირ ადამიანთან ურთიერთობას, იმდენად კომფორტულად ვართ ერთად. უკვე 9 წელი გახდება, რაც ერთად ვართ.
კარეში მოეწონე?
ძალიან. მონტაჟებზე მოდიოდა, გვამხიარულებდა.
მაყურებელი როდის იხილავს კლიპს?
ამ კვირას სატელევიზიო პრემიერა შედგება პაატა გულიაშვილის შოუში, შემდეგ კი „იუთუბზე“ განვათავსებ.
კრიტიკას ელოდები?
იმდენი კრიტიკა მაქვს მოსმენილი და მიღებული ჩემს ცხოვრებაში, არ მგონია, ამ კლიპზე რაიმე მოხდეს. გაგახსენებთ იმ სასწაული კლიპის ამბავს, გათენება აღარ მინდოდა… ის არ იყო კლიპი, სახელდახელოდ შექმნილი ვიდეო იყო…
ჩემს პირველ კლიპს, რომელიც სამეგრელოში გადავიღე, დადებითი გამოხმაურება ჰქონდა, ერთი ცუდი კომენტარიც არ შემხვედრია. ისეთი ბედნიერი ვიყავი, მერე, მალევე გავაკეთეთ კორონას შესახებ ავად სახსენებელი ვიდეო და გახსოვთ, რაც მოხდა.
ძალიან არ მინდა, ეს ახალი კლიპი ვაქო და ვადიდო და მერე თავს ლაფი დამესხას (იცინის), მაგრამ ძალიან სევდიანი და კარგი სიმღერაა. არაერთგან მიმღერია და აქვს საოცარი გამოხმაურება, ძალიან უყვარს მსმენელს. კაკის იდეა იყო ამ სიმღერაზე ვიდეოს შექმნა. ველოდები კარგ გამოხმაურებებს…
წყარო:https://fortuna.ge