ვნება, იმპულსურობა, აქტიურობა, აზარტი, სურვილების დაკმაყოფილება – რას მოგვიტანს ვენერა, რომელიც 28 მაისამდე ვერძში იმოძრავებს

3 მაისიდან 28 მაისამდე ვენერა ვერძში იმოძრავებს. ამის შესახებ, ასტროლოგი, დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში წერს:
“დღეიდან 28 მაისამდე ვენერა ვერძში იმოძრავებს
მარსი (როგორც ვერძის მმართველი პლანეტა) ასეთ ვენერას ბობოქარ ვნებებს, იმპულსურობას, თავგადასავლების სიყვარულსა და პირდაპირობას ანიჭებს. ვენერას ვერძში ტრანზიტის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა ადამიანით სწრაფად მონუსხვა, რაც ხშირად აქტიურობითა და ინიციატივებით გრძელდება. თუ ვენერა წინა ნიშანში არც თუ ისე თამამი იყო, ვერძში პირიქით, – მისთვის არსებობს სურვილი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიკმაყოფილოს. აქ სურვილი გაცილებით ძლიერია.
ვენერა ვერძში (ტრანზიტსა თუ დაბადების რუკაში) ვერ ეგუება ერთფეროვნებასა და მოსაწყენ რუტინას. მას სჭირდება დინამიკა, მრავალფეროვნება, ვნებებისა და შეგრძნებების ქარიშხალი, აზარტი და რაც მთავარია, სამიზნე – ადამიანი, რომელსაც დაიპყრობს. დიახ, ასეთ ვენერას ომის ღმერთად წოდებული მარსი მართავს. მან ღიად უნდა გამოხატოს გრძნობები, მიიღოს ის, რაც სურს და რაც უფრო დიდია წინაღობა, მით უფრო დიდია გამარჯვების სურვილიც.
რამდენადაც ძლიერია პირველი შთაბეჭდილება და სურვილი, იმდენად რთულია ამ პერიოდში სტაბილური, მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამიტომ ჩუსტებით და კბილის ჯაგრისით მაინც და მაინც ამ პერიოდში ნუ მიადგებით თქვენს პარტნიორებს თუ შეყვარებულებს.
თავად მარსი 25 მაისამდე თევზებშია.
ერთ მხარეს მოკლევადიან სურვილსა და ვნებაზე დამყარებული ახალი ურთიერთობების წამოწყების ტენდენცია გვაქვს და მეორე მხარეს დიდია ფარული მოქმედების სურვილი. შენი აზრით, რას მოგვცემს ეს კომბინაცია?”-წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები