“ენერგიული, დაუმორჩილებელი და ამბიციურია. დარწმუნებულია საკუთარ თავში, არ ეშინია სირთულეების. ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა. საკუთარ თავზე კონტროლს იშვიათად კარგავს. ეგოისტია. უნდა ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს. ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ზოგჯერ ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია”, – ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მსახიობ ანი იმნაძის ზოდიაქოს ნიშანია.
– ასტროლოგია ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი არ არის, მაგრამ მაინტერესებს. პირადი რუკაც შედგენილი მაქვს.
– მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს, პირადი რუკით ხელმძღვანელობთ?
– არა.
– “თავისუფლებისმოყვარეა, გეგმებით ცხოვრება მისთვის “წყევლაა”. შეზღუდვები “კლავს”, – ამბობენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულებზე. ეთანხმებით?
– შეზღუდვები ჩემზე ცუდად მოქმედებს. მომწონს, როცა გეგმას ვადგენ, მაგრამ ეს გეგმა ახლო მომავალს უკავშირდება. თავისუფლება და გაშლილი სივრცე მეტად მიყვარს, უფრო საინტერესოც არის.
– სპონტანურ გადაწყვეტილებას რამდენად ხშირად იღებთ? ასეთი მომენტები ხომ ცხოვრებას თავისებურ ხიბლს სძენს.
– რა თქმა უნდა, ასეც ხდება, სპონტანურ გადაწყვეტილებებს ყველა იღებს, გამონაკლისი მეც არ ვარ.
– როგორია თქვენი რეაქცია, როცა ვიღაცა ცდილობს, ჩარჩოში მოგაქციოთ?
– გაღიზიანებას იწვევს. კონფლიქტური ადამიანი არა ვარ, უმეტეს შემთხვევაში ვცდილობ, მსგავს სიტუაციას დიპლომატიურად ავარიდო თავი.
– “ენერგიული, დაუმორჩილებელი და ამბიციურია. დარწმუნებულია საკუთარ თავში, არ ეშინია სირთულეების”.
– ჯანსაღი ამბიცია მაქვს (იმედი მაქვს, ასეა), სირთულეები მიყვარს. შეიძლება ხანდახან მაშინებს, მაგრამ არ მიყვარს, როცა მეშინია.
– სირთულეების დაძლევის სიხარული თქვენთვის ერთგვარი აზარტია?
– რა თქმა უნდა.
– “ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილი და მარტოსულია”.
– არა მგონია, მარტოსული ვიყო. ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ახლო მეგობარი – არც ისე ბევრი.
– “ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა”.
– ძალიან ფიცხიც არ ვარ, ამას უფრო ხასიათის ცვალებადობას დავარქმევ. უტაქტობის ნაწილში ვერ დაგეთანხმებით.
– “ვნებიანი, მამაცი და ყურადღებიანია”.
– თავად მსიამოვნებს, როცა ადამიანების მიმართ ყურადღებას გამოვხატავ, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ.
– წონასწორობა არასდროს დაგიკარგავთ? რამ შეიძლება ამ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ?
– წონასწორობა დამიკარგავს უსამართლობაზე, ადამიანის ჩაგვრაზე, ბავშვებთან უხეშ მოპყრობაზე… ძალადობაზე ყოველთვის მძაფრი რეაქცია მაქვს. შემიძლია მივიდე, მივუთითო, პირდაპირი ვარ. ასეთ მდგომარეობაში ხშირად არ ვყოფილვარ.
– დრაკონის წელში დაბადებულ ადამიანებზე ამბობენ, რომ ნაკლებად მეოჯახეები არიან, საპირისპიროა კირჩხიბების დახასიათება. ამ ნაწილში დრაკონი მეტად ხართ თუ კირჩხიბი?
– ჩემს ოჯახზე ვგიჟდები. შინ ყოფნა, სიმშვიდე, სითბო მიყვარს. სახლი საუკეთესო ადგილია. გამოდის, რომ კირჩხიბი მეტად ვარ.
– “უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად – ბრძანებების გაცემა”.
– უი! (იცინის) ჩემს პროფესიაში ბრძანებებს მე არ გავცემ, პირიქითაა – ვმუშაობ, არა მგონია, ეს ჩემი თვისება იყოს. შრომისმოყვარე ნამდვილად ვარ. პროფესიის მიღმა ცხოვრებაშიც არ გავცემ ბრძანებებს. ოჯახის წევრებს, ახლობლებს შეიძლება რაღაც ვთხოვო და გააკეთონ, ისევე, როგორც მე შევუსრულო მათ თხოვნები. მბრძანებელი ნამდვილად არ ვარ.
– “უყვარს ფულის ხარჯვა და არ ესმის სიტყვის “დაგროვება” მნიშვნელობა”.
– ხარჯვა მიყვარს, თუმცა პერიოდულად დაგროვებასაც ვახერხებ. პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, თავს ბოლო თეთრამდე დახარჯვის უფლებას არ ვაძლევ.
– “აზარტულია, ხშირად იღებს რისკიან გადაწყვეტილებას”.
– აზარტული ვარ, მაგრამ არ მომწონს მდგომარეობა, რომელიც მძაბავს და ჩემზე დიდ გავლენას ახდენს. მგონი, ეს თვისება ჩემში ნელ-ნელა დავთრგუნე.
– “სენტიმეტალურია, უყვარს ბავშვობის საყვარელი ადგილების მონახულება”.
– ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებები დაკავშირებულია ბებიასთან, ბაბუასთან, გურიასთან, ზღვასთან… ასეთი ადგილებიც გურიაში მაქვს. ბაბუა ახლაც იქ არის. ხშირად ვერ ვახერხებ, მაგრამ ზაფხულობით ვცდილობ, რამდენიმე დღე მასთან ერთად გავატარო. ეს ჩემთვისაც და მისთვისაც დღესასწაულია.
– “ეგოისტია, უნდა, ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს”.
– ალბათ ჩემი პროფესია თავისთავად ამ თვისების მატარებელია.
– “იოლად შეყვარება სჩვევია, მაგრამ ძალიან ძნელია მოანდომო ოჯახის შექმნა, დამოუკიდებლობა არ ეთმობა. ეს ნაბიჯი თუ გადადგა, ოჯახს არასდროს დაანგრევს”.
– “იოლად შეყვარება სჩვევია”, ჩემზე ნათქვამი არ არის. ბავშვობიდან სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული. შეიძლება ვიღაცები მოგწონდეს, მერე – აღარ მოგწონდეს. ჩემი სიყვარული არის კოკო – დიდი და ნამდვილი სიყვარული.
– “კირჩხიბის სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რის მიხედვითაც ხასიათი ხშირად ეცვლება”.
– ამ ცვალებადობის მიზეზი ხშირად შეიძლება ძალიან უმნიშვნელოც კი იყოს.
– “ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ზოგჯერ ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია”.
– მართალია, ხანდახან სუსტიც ვარ.
– ასეთ დროს სხვისთვის თავი ძლიერ პიროვნებად მოგიჩვენებიათ?
– არ მიყვარს, როცა სუსტად გამოვიყურები, ამიტომ ჩემს სისუსტეს არასდროს ვამჟღავნებ.
– “ის ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია”.
– მგრძნობიარე ვარ, ემოციური. ჩემზე უმნიშვნელო დეტალიც კი მოქმედებს. მელანქოლიისკენ შეიძლება წამიყვანოს სრულიად უცნობი ადამიანის ამბავმა, ფილმმა…
– “კირჩხიბს შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოებების შენახვა, მაგრამ მის ხასიათში შეღწევა რთულია, საკუთარი გრძნობების გამომზეურება არ უყვარს”.
– როგორც ამბობენ, ცუდი მეგობარი არ ვარ. მართალია – ჩემს შინაგან სამყაროში ბოლომდე ძალიან ცოტა ადამიანი “შემოდის”.
– “ის ინტუიციით უფრო ხშირად მოქმედებს, ვიდრე – გონებით”.
– ხანდახან გული მიგრძნობს, როგორ უნდა მოვიქცე, ჩემს თავს შეკითხვებსაც ვუსვამ. ხანდახან გული და გონება თანხმდება და ერთიანდება.
– ეს იდეალური მდგომარეობაა, მაგრამ როცა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არიან, მაშინ როგორ მოქმედებთ?
– ძალიან ბევრს ვფიქრობ – გააჩნია, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხი მაქვს გადასაწყვეტი. ხან გულს ვენდობი, ხან გონებით ვმოქმედებ.
– “კეთილი სიტყვით მისი მართვა ადვილია, რაიმეს თუ აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება”.
– იძულება ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია, ყოველთვის პროტესტს იწვევს. ტკბილი სიტყვის, ადამიანურ ენაზე ლაპარაკის გაგება უფრო ადვილია.
– “თუ ვინმეს შეიყვარებს – სამუდამოდ, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია სასტიკი მტერიც იყოს”.
– არ მომწონს მტრობა, როცა ვინმესადმი ცუდი განწყობა მაქვს, ვცდილობ, მოვიშორო. მტრული განწყობა საზიანოა. არ მომწონს, როცა საკუთარ თავს ვიზიანებ. ამიტომ არავის მტერი არ ვარ. მირჩევნია, ადამიანი არაფრად ჩავთვალო, ვიდრე მის მტრად ვიქცე.
– “შურს ისე ოსტატურად იძიებს, გარშემო ვერავინ ვერაფერს ხვდება”.
– არ მქონია ასეთი შემთხვევები. ესეც ხომ მტრობასთან კავშირშია. საკუთარი თავი მტრის როლში ვერც წარმომიდგენია, გახსნილობა მირჩევნია.
– “ხშირად აქვს განცდა, რომ მისი ძალიან ცოტა ადამიანს ესმის”.
– ეს განცდა ნაკლებად მაქვს.
– “მისი სახე სარკეა, რომელზეც მისი განწყობებია ასახული”.
– ჰო, ალბათ მეტყობა. რაც არ მინდა, გარეთ გამოვიტანო, იმის ჩემში დამალვას ყოველთვის ვცდილობ, ამის უნარი ნამდვილად მაქვს.
– ამაში პროფესია გეხმარებათ?
– არა, ამ შემთხვევაში ჩემი პროფესია არაფერ შუაშია.
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი “გზა”
კვირის პალიტრა