2022 წლის პირველი სავსემთვარეობა 18 იანვარს, 3:48-ზე გველის კირჩხიბის ზოდიაქოში 29-ე გრადუსში. კირჩხიბი არის წყლის, ოჯახის, სამშობლოს ნიშანი, განაგებს ემოციურობას, მგრძნობელობას. ამიტომ, სავსემთვარეობაც იქნება მაქსიმალურად ემოციური. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას ოჯახის წევრებთან, მშობლებთან. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გაჭირვეულდებიან ბავშვები. ფრთხილად წყალთან. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ხშირად შეხვდით ნათესავებს, დაეხმარეთ მათ, განსაკუთრებით ასაკიანებს და მოაწყვეთ ოჯახური წვეულებები. ამასთან, ნეგატიურ ასპექტში, მომატებული იქნება მელანქოლია, ჭირვეულობა, ისტერიკულობა და ტირილის სურვილი. მეტად დაკავდით საოჯახო საქმეებით. კარგი იქნება სარემონტო სამუშაოების შესრულება. აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები.
სავსემთვარეობის დღეს და მომდევნო ორ დღეს მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, სიფრთხილე გმართებთ საჭესთან და ზოგადად მგზავრობისას. მშვიდი და გამგებიანი იყავით ბავშვების მიმართ, მათზე განსაკუთრებით მოქმედებს სავსემთვარეობა და ისინი ზედმეტად აღგზნებულები არიან. ნუ გაგიკვირდებათ თუ უძილობა შეგაწუხებთ, ზოგადად, სავსემთვარეობის დღეებში (პლუს/მინუს 2 დღე) მომატებულია აღგზნებადობა.
18 იანვარს, სავსემთვარეობის დროს მზე სერიოზულ, მიზანსწრაფულ თხის რქის ნიშანშია და უპირისპირდება მთვარეს, რომელიც ემოციურ და მეოჯახე კირჩხიბში მდებარეობს. მზეს უერთდება პლუტონი, ძირეული ტრანსფორმაციების პლანეტა. მოსალოდნელია ცვლილებები პროფესიულ და ოჯახურ თემებში. ამ დღეს გააქტიურებულია კარმული კვანძებიც ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ გამოჩნდებიან კარმული პარტნიორები, მიუბრინდებით ძველ საქმეებს. საინტერესო ისაა, პლუტონთან ერთად მზესათან დგას თეთრი მთვარეც. რაც გვიბიძგებს, გამოვავლინოთ ჩვენი პოზიტიური მხარე და უარყოფითი კი გამოვასწოროთ. უნდა ვიყოთ შრომისმოყვარეები, კეთილგონიერები, სულიერები. გამოვავლინოთ პასუხისმგებლობა სიტყვით და საქმით.
სავსემთვარეობაზე ურანი მერკურის დაპირისპირების გავლენით ადამიანებს მოუნდებათ მოწოდებების ხმამაღლა გაჟღერება, შეიძლება გაგახსენდეთ ძველი იდეები და მათ მიუბრუნდეთ. მოიმატებს მკვეთრი განცხადებები (სოციალურ ქსელებშიც), თავისუფლებისაკენ სწრაფვა და რევოლუციური მოწოდებები. ამასთან, გამორიცხული არაა შეფერხება ინფორმაციის, ელექტროენერგიის მიღებაში; ელექტრონივთების, გაჯეტების, კომპიუტერული პროგრამების მწყობრიდან გამოსვლა. მეტი დრო დაგჭირდებათ კონკრეტულ ადგილზე მისასვლელად, კონკრეტული დოკუმენტის აღება ან საბუთის შედგენა გაჭიანურდება. იყავით მეტად დაკვირვებული დეტალების, წვრილმანების, წესებისადმი და ყველაფერი რამდენჯერმე გადაამოწმეთ. შეიძლება გადაიდოს ან ჩაიშალოსს საქმიანი შეხვედრები.
ვენერასა და ურანის ასპექტი რომანტიკულ ურთიერთობაში მოულოდნელობებს მოიტანს. ეს იქნება “ერთი ნახვით შეყვარება” (თუმცა, ასეთი გრძნობა როგორც აფეთქდება, ისევე მალე დასრულდება) ან შეიძლება თავიდან შეგიყვარდეთ თქვენი პარტნიორი – სხვა თვალით დაინახოთ. გრძნობები აფეთქდეს კონკრეტული პიროვნების მიმართ. არსებულ ურთიერთობაში კი მოსალოდნელია არასტაბილურობა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა. არ გირჩევთ ძვირად ღირებული, სილამაზის ნივთების და კომპიუტერეული ტექნიკის შეძენას, ფულის დაუფიქრებელ ფლანგვას.
აქვე გეტყვით, რომ 29 იანვრამდე რეტროგრადული იქნება სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა. არ გირჩევთ სილამაზის პროცედურების ჩატარებას. 4 თებერვლამდე კი რეტროფაზაში იქნება მერკურიც – გაფრთხილდით მგზავრობისას, საბუთების შედგენისას, მიმოწერისას, ორჯერ გადაამოწმეთ ყველა დეტალი.
ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 15-19 იანვრის პერიოდში. იშრომეთ, იყავით სამართლიანი და თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. აგრეთვე, კირჩხიბზე (18-22 ივლისს დაბადებულები), თხის რქაზე, მორიელზე, თევზებსა და სასწორზე. განსაკუთრებით მათზე, ვისაც ამ ნიშნებში მზე გყავთ 26-30 გრადუსში. და თუ მზე გყავთ ვერძის კუროს, ლომის, მშვილდოსნის, მორიელისა და მერწყულის 1-2 გრადუსში. ან თუ ამ ნიშნების გრადუსებში გყავთ პირადი პლანეტები, კარმული კვანძები და მნიშვნელოვანი წერტილები. მინდა გამოვყო ისინი, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 15-19 აპრილს და 18-22 ოქტომბერს. თქვენ რთული დავალებების შესრულება მოგიწევთ. მაგრამ ნუ დარდობთ, გეყოფათ ძალაც და გონიერებაც.
სავსემთვარეობას შედარებით მსუბუქად გადაიტანენ თევზები და მორიელები. პლუტონი დაგეხმარებათ დადებითი ცვლილებები შეიტანოთ ცხოვრებაში. ვერძს, სასწორს და თხის რქას მეტი დაკვირვება გმართებთ საოჯახო და საქმიან სფეროებში.
სავსემთვარეობის ენერგეტიკას ორი კვირის განმავლობაში აქვს ჩვენზე გავლენა, ვიყოთ სამართლიანები, პოზიტიურები და გავაბედნიეროთ ჩვენი ახლობლები სასიამოვნო სიურპრიზებით, საჩუქრებით.
წყარო:https://www.ambebi.ge