„წავხდით, თავი მოვიჭერით, უკადრებლების მკადრებლებს ავყევით და მათი ხმა ავაგუგუნეთ.
შარშანწინ ყველა აცრის გამოგონებას ვნატრობდით. გვეღირსა და ახლა აბებს ველოდებით. მერე ალბათ საფენები მოგვინდება და ასე, არ დამთავრდება ჩვენი დიპლომით და ბრენდებით შეფუთული, კრიმინალამდე დასული სიქაჯის გამოვლენა“, – წერს ტელეწამყვანი და ბლოგერი თამარ გოგელიძე სოციალურ ქსელში.
ტელეწამყვანი კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე ყვება და მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
როგორც გოგელიძე აღნიშნავს, პანდემიის დაწყებიდან 2 წლის თავზეც, პისიარის, სადეზინფექციო ხსნარის, სწრაფი ტესტების, ნიღბების და კიდევ უამრავი ბიზნესმაფიის ხელშეწყობის მეტს არაფერს ვაკეთებთ.
„პირველი ჩაკეტვა ყველამ იოლად გადავიტანეთ. იყო კულინარიული ისტერიკები, სასიმღერო ხელოვნების სახლური ვერსიები გამოწვევებით და, რაც მთავარია, „პიჟამოების“ და ხალათების დღესასწაული.
ზოგმა წიგნი იკითხა, ზოგმა სერიალებზე ათენა და ზოგიც, საერთოდ, სოფლად გავარდა.
მე ვერცერთში ვერ მოვხვდი. წიგნი რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ ისევ უკან დავუბრუნდი, ასე იყო ნებისმიერი ფილმის თუ სერიალის შემთხვევაში.
მერე შემრცხვა და დავანებე თავი.
ერთადერთი, რასაც სულ ვაკეთებდი, იყო უცხო ქვეყნებთან მუდმივად ონლაინრეჟიმში საუბარი. სულ ინფორმაციის გაცვლაში ვიყავით. ეს ის შემთხვევა იყო, როცა სამყარო გაჩერდა და ადამიანები სახლში გამოიკეტნენ. აქ აღარ არსებობდა დროში განსხვავება, ყველა„კოვიდ-19“-ის დროით ვმაუწყებლობდით.
დღეს, საქართველოს დროით ისევ კოვიდმეცხრამეტეს დროა…
უკვე ყველა ქვეყანას ეშველა, ჩვენ გარდა.
ვერც სხვის მაგალითზე ვსწავლობთ ჭკუას და ვერც – საკუთარ შეცდომებზე. იმას, რაც სხვა ქვეყნებმა გაიარეს და შეგვეძლო, ჩვენ ავცდენოდით, მაინც ვერაფრით ვერ ავცდით. თითქოს, განგებ ვიქცევით ასე ბრიყვულად, რომ მსოფლიოს ხმას არ ავყვეთ – ემანდ, რომელიმე ქვეყანამ არ გაგვრყვნას…
არადა, მოდიდან დაწყებული ტექნიკით დამთავრებული, ვინ დაგვასწრებდა სიახლის შემოტანას?
წავხდით, თავი მოვიჭერით, უკადრებლების მკადრებლებს ავყევით და მათი ხმა ავაგუგუნეთ.
შარშანწინ, ყველა აცრის გამოგონებას ვნატრობდით. გვეღირსა და ახლა აბებს ველოდებით. მერე ალბათ საფენები მოგვინდება და ასე, არ დამთავრდება ჩვენი დიპლომით და ბრენდებით შეფუთული, კრიმინალამდე დასული სიქაჯის გამოვლენა.
ორჯერ აცრის შემდეგ აგვისტოში დამიდასტურდა კორონა. გადავედი სასტუმროში. ორ დღეში ჩემს ერთადერთ შვილსაც დაუდასტურდა, აბსოლუტურად სხვა სიმპტომებით. აუცრელი იყო გიო, იმ დღეს უნდა აცრილიყო, როცა მე დამიდასტურდა და გადავდეთ. სასტუმროში ყოფნისას გადავწყვიტე, კოვიდპროცესის ვიდეო-დღიურები ჩამეწერა. ასე ვაგებინებდი მეგობრებს, რა და როგორ ხდებოდა ჩემს თავს. ისე გადავიტანე, ზოგს ეჭვიც კი შეეპარა, ხომ არ ვიგონებდი ამ ვერაგ ვირუსს.
გიოს, მიუხედავად მისი სპორტსმენობისა, უფრო რთულად ჰქონდა.
ამ ხნის მანძილზე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, არ მოვხვედრილიყავი საავადმყოფოში და არ მენახა ეს შეფუთული მედპერსონალი. იყვნენ ისეთებიც, რომელნიც კარგად მოერგნენ მათთვის ტუზივით დაცემულ ამ საპიარო საქმეს და ხეირიც ნახეს. რა საშინელებაა, როცა სახითაც ვერ ხედავ, რომ მერე ან მადლობა გადაუხადო, ან პირიქით, თუ საჭიროა, პასუხიც მოსთხოვო.
ამ მიცვალებულის მოყვარე ქვეყანაში, ეგ ვნებაც აიკრძალა. შავ პარკში, უჭირისუფლოდ, უტანსაცმლოდ გაუდგე უკანასკნელ გზას, უყვავილოდ და უცრემლოდ, ეგ ცალკე სტრესი იყო ცოცხლად გადარჩენილთათვის.
დაფიქრდით, განწირული ხართ მარტოობისთვის. თუ დაგემართა, არ გეკარება არავინ.
უგაიდლაინო, უპროგნოზო, უსიმპტომო საჟლეტი იარაღია, რომელსაც ვერაფრით უპირისპირდები და არ იცი, რომელ ოჯახის წევრს გამოგაცლის ხელიდან.
ფასი არ აქვს. ისეთი ადამიანები წაიყვანა ამქვეყნიდან, რომელთაც უბრალოდ არ იცოდნენ, ფული სად წაეღოთ.
მოშალა ყველანაირი სქესი და იერარქია. ყველა ერთნაირად დატანჯა პალატებში და ისე ამოხადა სული.
ამდენი ხანი გავიდა და პისიარის, სადეზინფექციო ხსნარის, სწრაფი ტესტების, ნიღბების და კიდევ უამრავი ბიზნესმაფიის ხელშეწყობის მეტს არაფერს ვაკეთებთ.
რა გახდა მართლა რაა, პირად ნომერს რომ კარნახობ ადამიანს, მთელ დოსიეს გიგდებს – ვინ ხარ, სად ხარ, რატომ ხარ და რას წარმოადგენ, საერთოდ. მეტი რაღა უნდა დაიჩიპოთ, ვის სჭირდებით, მთელი თქვენი უპასუხისმგებლობით და აუცრელი უმანკოებით, ვიის?
იფიქრეთ იმაზე, რომ მალე გამოვაკეთოთ ამ ჩაგუდრონებულ ქვეყანაში რამე, თორემ ვაქცინის გარეშეც შეიძლება თქვენისთანების გაბრიყვება ისე, რომ ძალაც არ დასჭირდებათ.
ძალიან გაიგებთ თქვენ, A, B, C, D, თუ რომელ ვიტამინს გიკეთებენ, ჯერ მარტო B რამდენია? დანომვრა გადაგრევთ…
მოკლედ, გინდა ისე შეხედეთ და გინდა ასე, თქვენთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, თითქოს შანელს, დიორს, ვალენტინოს, ბალენსიაგას ან ფერაგამოს იცრით (ფერაგამოს „ბუსტერი“ ჩემია, დაგასწარით).
გაიგეთ, ესეც უფლის ნებაა და მისი დახმარებით შეიქმნა ეს საშველიც, თორემ შავკაბიანმა, რწმენას ამოფარებულმა ავაზაკებმა, კი ვნახეთ, აგერ, როგორც მოგვხედეს. ესეც სამაგათო ხეირია: წესის აგება, პანაშვიდები, მეცხრე დღე, ორმოცი, წლისთავი, შუალედებში ათასი გამოგონილი „ივენთი“ და ავოეე…
ამდენი მაინც ხომ უნდა იცოდეთ?
დავასრულოთ ეს ასმაგსტანდარტებიანი რეგულაციები და აიცერით რაა, მართლა არაფერი არ მოგივათ, უკვე კარგად გამოცდილია და დაკვირვებებმაც ჩაიარა.
დღეს აუცრელობა უატესტატობაზე და უდიპლომობაზე უარესი სირცხვილია.
გოგებაშვილი მაინც წაიკითხეთ…
აი ია, აი ცერი“ , – წერს თამარ გოგელიძე სოციალურ ქსელში.