ბაია დვალიშვილი, მსახიობი: – როგორც
კი ვაქცინა შემოვიდა, ავიცერი “სინოფარმით”, ჩემმა მეუღლემ “ასტრაზენეკა” ამჯობინა. ჩემი გოგონა 15 წლისაა, მინდა ვაქცინაციის ასაკი დასწიონ და ისიც აიცრას. კაცობრიობას თითქმის ყველა საუკუნეში ატყდებოდა თავს მსგავსი უბედურება, მაგრამ ვინც გონიერი იყო, მედიცინას უჯერებდა. ალბათ, ამიტომაც გადავრჩით. ვაქცინის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, ბევრმა ეს ვირუსი იოლად გადაიტანაო,
მაგრამ როგორ გავიგო, მე როგორ გადავიტან? – ამის პასუხი არ არსებობს, ამიტომაც ავიცერი. გვერდითი მოვლენები არ მქონია, ჩემს მეუღლეს კი მსუბუქი რეაქცია ჰქონდა. ვიცი, რომ “კოვიდი” აცრილებსაც ხვდება, მაგრამ გაცილებით მსუბუქად და მარტივად გადააქვთ. ჩემს აზრს თავზე ვერავის მოვახვევ, მაგრამ ასეა.
თემიკო ჭიჭინაძე, მსახიობი: – ანტივაქსერების მოსაზრებებს არ ვიზიარებ და არც იმ სულელურ არგუმენტებს ვეთანხმები, რომლებიც მოჰყავთ. ისინი ყველა ქვეყანაში არიან, მიტინგებს აწყობენ და პროტესტს აცხადებენ, მაგრამ ისეთ მცირერიცხოვან ერს, როგორიც ჩვენია, ბევრი ფიქრის და ჭოჭმანის დრო არა აქვს. ერს, რომელსაც გენოფონდის პრობლემა აქვს, დასაკარგავი ადამიანი არა ჰყავს. დღეს ერთადერთი ხსნა ვაქცინაციაშია. ამიტომ ყველას მოვუწოდებ აიცრან. ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები, ყველანი აიცრნენ. ვისაც ალერგიული რეაქცია აშინებს, ვეტყოდი, რომ მეც ალერგიული ვარ, ამის გამო ექიმთან კონსულტაციაზეც ვიყავი, მის რჩევას ვენდე და არანაირი უკურეაქცია არ მქონია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, შეიძლება ვიღაცას “კოვიდი” უფრო იოლი ფორმით ჰქონდა, მაგრამ სად არის გარანტია, რომ მეორედ გაუმართლებს? ამ ვირუსით საღ-სალამათი ხალხი ავადდება და კვდება!
ნუგზარ ერგემლიძე, მუსიკოსი: – მე აცრილი ვარ, მაგრამ აგიტაციას ვერავის გავუწევ, მიმაჩნია, რომ აგიტაცია მხოლოდ ამ სფეროს სპეციალისტებმა უნდა გასწიონ. ადამიანი, რომელიც სხვას ურჩევს, აიცრას თუ არა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებს. ვიღაცას ურჩევნია, თავისი ჭკუით იაროს, მისი ნებაა, მაგრამ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა მაინც ხომ შეუძლიათ? ჩემი აზრით, ეს ორი რამ პოლიციამ უნდა გააკონტროლოს – ვისაც პირბადე არ უკეთია, უნდა დააჯარიმოს. ხალხმრავალი შეკრებები უნდა შეჩერდეს, ტრანსპორტი კი არ უნდა გააჩერონ, ბევრი ავტობუსი უნდა მოძრაობდეს, რომ ხალხი ფეხზე არ იდგეს, დისტანციის დაცვა შეძლოს და ნორმალურად იმგზავროს.
თეა გვასალია, ჟურნალისტი: – ვირუსი საქართველოში შემოსული არ იყო, როცა ესპანეთში გავრცელდა. ჩვენთან 1-2 შემთხვევა რომ იყო, იქ ასეულობით შემთხვევა აღირიცხებოდა. ერთ-ერთი პირველი ლოკდაუნიც სწორედ იქ დააწესეს. მთელი ესპანეთი სულმოუთქმელად ელოდა ვაქცინას და “ფაიზერის” შეტანა რომ დააგვიანეს, ხალხი გადაირია: ყველა მთავრობას აკრიტიკებდა, მაგრამ როგორც კი შემოვიდა, მთელი ესპანეთი დაირაზმა და დღემდე იცრებიან. ცხადია, ვაქცინაზე ეჭვები იქაც იყო, მაგრამ ექიმებმა ესპანელებს ყველაფერი გასაგები ენით აუხსნეს. გამოვიდა პრეზიდენტი და თქვა: ხალხო, არ ვარგა ეს ლოკდაუნი, სხვა გზა არა გვაქვს, ეკონომიკა თავზე დაგვენგრევაო. იქიდან მოყოლებული დღემდე 50-მილიონიანი ესპანეთის მოსახლეობის 70% უკვე აცრილია. ახლა ცდილობენ ეს ციფრი 90%-მდე აიყვანონ. მეც ერთი სული მქონდა, ვაქცინა როდის შემოვიდოდა. საბედნიეროდ, შემოვიდა და მე და ჩემი 18 წლის ქალიშვილი ავიცერით. ახლა ერთი სული მაქვს, 14 წლამდე ბავშვებზე დაუშვან, რომ ჩემი შუათანა შვილიც ავცრა. პროფესიონალები ხალხისთვის გასაგები ენით უნდა უხსნიდნენ ყველას, რატომ არის აცრა აუცილებელი. მოსახლეობა სპეციალისტებს უნდა უსმენდეს და არა ვიღაც შარლატანებს, რომლებმაც თვითონაც არ იციან, რას ამტკიცებენ.
წყარო: https://www.kvirispalitra.ge