“დაოჯახებული არ ვარ, ჩემი სიყვარული არ დამთავრდა კეთილად” – როგორ მოხვდა მსახიობობაზე მეოცნებე ნათია მეზვრიშვილი იურისპრუდენციაში?
90-იანების ბავშვია, თუმცა გაჭირვების მიუხედავად, მაინც არ უჩივის უინტერესო ბავშვობას, არც თინეიჯერობის პერიოდს, როცა “ხუთოსანი” გოგონა როკ მუსიკის სიყვარულის გამო ხშირად დადიოდა პეროვსკაიაზე ცოცხალი ბენდების მოსასმენად. გვიმხელს, რომ თავადაც კარგად მღერის. იცოდა, რომ დამოუკიდებლად უნდა მიეღწია ყველაფრისთვის… მსახიობობა უნდოდა ან მომღერლობა და მოხვდა იურისპრუდენციაში. მოსამართლე ვერ გახდა, მაგრამ პროკურატურაში გააგრძელა გზა, შემდეგ კი შს მინისტრის მოადგილედ “იპოვა“ გიორგი გახარიამ (იმჟამინდელმა შს მინისტრმა). “მშვიდ სამსახურში ვერ ვმუშაობ და ისეთი “დრაივი“, რაც შსს-ში იყო, არსად მახსენდება. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ პროფესიული განვითარების საუკეთესო პერიოდი, რაც კი გამიტარებია, ეს შსს-ში იყო. ამ შენობაში რომ შევდივარ, დღემდე გული მიფანცქალებს”, – გვეუბნება ნათია მეზვრიშვილი, რომლის წარმატების ფორმულა ასეთია: “დიდი შრომა და გამართლება, სწორი მომენტების სწორად გამოყენება, ანუ შესაძლებლობების სწორად დანახვაა მთავარი. როცა გეძლევა შესაძლებლობა, მას კარი არ უნდა დაუხურო. როგორც კი ამას სწორად დაინახავ და გამოიყენებ, იქ მოდის წარმატებაც. ჩემს შემთხვევაში სულ ასე იყო“.
ambebi.ge – ს “ძალიან აქტიური, ხისტი, ემოციური და ჯანსაღად ამბიციური“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ამჟამად პარტიის “საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ესუბრება:
- “მაინც საინტერესო ბავშვობა მქონდა“
– თბილისში დავიბადე 1985 წლის 18 აპრილს, ორი და მყავს და ოჯახში პირველი შვილი ვარ. გავიზარდე ვორონცოვზე და დავამთავრე 30-ე სკოლა, კიევის ქუჩაზე. ახლა, დაახლოებით 6 წელია, რაც ცალკე ვცხოვრობ. 90-იანების ბავშვი ვარ და როგორც ყველა ოჯახს, ჩვენც გვიჭირდა. დედა ექიმია, ეპიდემიოლოგი, რომელიც დიდხანს მუშაობდა, მერე რაღაც ცვლილებები მოხდა, სამსახური დაკარგა და პედაგოგობა დაიწყო – მოსწავლეებს ამზადებდა და იმ საშინელ 90-იანებში ოჯახში გამწევი ძალა ის იყო. მამა ინჟინერია, ბევრ ადგილასაა ნამუშევარი, ფიზიკურადაც შრომობდა…