“ახალი მთვარის ენერგიას ყველა ზოდიაქოს ნიშანი იგრძნობს”-ასტროლოგი 10 ივლისის ახალმთვარეობაზე

10 ივლისს, საქართველოს დროით 05:16 საათზე ახალი მთვარეა. ამის შესახებ ასტროლოგი, დავით ნიბლაძე “ფეისბუქის” გვერდზე წერს:

“10 ივლისს ახალი მთვარეა, პიკი – 05:16სთ (საქართველოს დროით).

ახალი მთვარე ყოველთვის მზისა და მთვარის შეერთებას გულისხმობს, რომელიც მომდევნო ერთი თვის ძირითად ტენდენციებს განსაზღვრავს როგორც ზოგადად, ისე ინდივიდუალურად. ზოგად ტენდენციებს მისი ნიშანი და ასპექტები განსაზღვრავს ტრანზიტულ პლანეტებთან ასპექტებით, ინდივიდუალურად კი მნიშვნელოვანია ახალი მთვარის წერტილის მდებარეობა პირადი რუკაში.

ახალ მთვარეს ახალი ენერგია, შანსები და გეგმები მოაქვს, ამიტომ ასეთ დროს კარგი იქნება თუ სიახლეებს დავგეგმავთ და რწმენით დავიმუხტებით. გეგმების შესადგენად განსაკუთრებული პოზიტიური ენერგიით გამოირჩევა 12 ივლისი, როდესაც მერკურისა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი გვექნება.

ახალი მთვარე კირჩხიბის მე-18 გრადუსზეა, რომელსაც ჰარმონიული ასპექტები აქვს ნეპტუნთან თევზებში და ურანთან კუროში.

კირჩხიბი წყლის პირველი ნიშანია, მას თავად მთვარე მართავს და მე-4 ასტროლოგიურ სახლთან ასოცირდება. ეს ენერგია შეგვახსენებს, რომ ჩვენი ემოციები, შინაგანი სამყარო, ოჯახი, საყვარელი ადამიანები და მათზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ეს არის შინაგანი, ოჯახური სიმყუდროვისა და კომფორტის ნიშანი თავისი ინტუიციით, მძაფრი შეგრძნებებითა და ემოციური სიღრმეებით. კირჩხიბი მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ყველა რაღაცის ნაწილი ვართ, საიდანღაც მოვდივართ (ოჯახი, სამშობლო) და გვაქვს ემოციური გამოცდილება, რომელსაც ყოველთვის თან დავატარებთ, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ.

კირჩხიბისთვის ემოციურ ჰარმონიასთან ერთად მნიშვნელოვანია მატერიალურ სამყაროში კომფორტიც. მას სჭირდება ყველა პირობა იმისთვის, რომ თავი მშვიდად და დაცულად იგრძნოს. იდეალური დროა ოჯახური და სანათესაო კავშირებისთვის, სახლის მოვლისთვის, რემონტისა და დეკორაციის შეცვლისთვის, დანაზოგის გეგმის შედგენისთვის, მუშაობა-დასვენების დაბალანსებისთვის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ემოციებთან მუშაობისთვის.

იმ გარემოში, სადაც ემოციების გამოხატვა სისუსტესთან ასოცირდება, ხშირად გვიწევს მათი დამალვა, მაგრამ ახლა ნამდვილად თერაპიულიც კი შეიძლება დავარქვათ დაგროვილი ემოციების გარეთ გამოტანას. არ აქვს მნიშვნელობა ამას მარტო ყოფნის დროს საკუთარ თავთან თუ მეგობართან ან პროფესიონალ თერაპევტთან გავაკეთებთ. ემოციები და შეგრძნებები ყოველთვის რეალურია და აუცილებლად გვაძლევს მინიშნებას მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ეს არის დრო, როდესაც საკუთარ თავთან გულწრფელობა ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ასეთ ემოციურ ფონს კიდევ უფრო აძლიერებს ახალი მთვარის მშვენიერი კავშირი ნეპტუნთან. მოვუსმინოთ შინაგან ხმას, დავუჯეროთ ინტუიციას, გავატაროთ დრო ბუნებასთან ახლოს, ვკონცენტრირდეთ შეგრძნებებზე და შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ეს მიდგომა დაგვეხმარება მშვიდად და აუღელვებლად გავიაროთ ნებისმიერი დაბრკოლება. ახალი მთვარის ჰარმონიული ასპექტი ურანთან საშულებას გვაძლევს, საკუთარ თავსა და ემოციებს ახლებურად, განსხვავებულად შევხედოთ და საჭიროების შემთხვევაში, ის სიახლეებიც შემოვიტანოთ ცხოვრებაში, რაც უფრო მეტი შინაგანი თუ მატერიალური კომოფრტის მიღწევაში დაგვეხმარება. ვიყოთ კრეატიულები.

არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ ისევ აქტუალურია ე.წ. ტაუ-კვადრატი ფიქსირებულ ნიშნებში (კურო, ლომი, მერწყული). ეს ენერგია ძველი, მყარად ფესვებგადგმული მდგომარეობის შეცვლას აპროვოცირებს. სატურნისა და ურანის კვადრატი სიახლე ნამდვილად არ არის და კიდევ მოგვიწევს ამ ასპექტის არაერთხელ ხსენება, თუმცა ახლა, როდესაც ამ ასპექტს მარსი და ვენერაც დაემატა, მოქმედების სურვილი გაცილებით ძლიერია. კვადრატები ერთგვარი მოქმედების მოტივაციაა. ახლა მთავარია, როგორი იქნება ჩვენი მიდგომა, რას გავაკეთებთ და როგორ. იმპულსურობას ჯობია მშვიდად, საკუთარ შინაგან ხმაზე დაყრდნობით გადავდგათ ნაბიჯები. რა არის ზედმეტი, რა საჭიროებს შეცვლას, რა სიახლეებია საჭირო, რა არის ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვაჭიანურებთ და არ მიგვყავს ბოლომდე? ვიმოქმედოთ, ოღონდ აგრესიისა და აჩქარების გარეშე.

დაახლოებით იგივე თემებია აქტუალური ურთიერთობებშიც – მოსაწყენი ერთფეროვნება უნდა შეიცვალოს. ვენერასა და მარსის შეერთება, რომელიც თავის პიკს 13 ივლისს მიაღწევს, დიდ სექსუალურ ლტოლვასა და თავგადასავლებს გვპირდება. ეს არ არის რუტინის, ურთიერთობაში ჩაძინების დრო. პირიქით, მეტი სიცოცხლე, მეტი დრაივი, მოქმედება, აზარტი და ხალისია საჭირო. კარგ შემთხვევაში, არსებულ ურთიერთობაში ეს იქნება ემოციების განახლების პერიოდი (თუ ცნობიერად მივუდგებით) ან პირიქით, კრიტიკული მდგომარეობის მომტანი, რომელსაც სავარაუდოდ „ჰეფი ენდი“ არ ექნება. საკმაოდ მაღალია ახალი საინტერესო კავშირების ტენდენციაც, რომელიც დიდი ალბათობით, სექსუალურ ლტოლვაზე უფრო მეტად იქნება დამყარებული.

ასტროლოგიური ენერგიები საკმაოდ კომპლექსურია, თუმცა ახალი მთვარის ჰარმონიული ასპექტები ნამდვილად საიმედოა. არ დაგვავიწყდეს, რომ კირჩხიბის სიმბოლო  უსასრულობასა და ევოლუციას უკავშირდება, ამიტომ არ გაჩერდეთ, დაგეგმეთ სასარგებლო ნაბიჯები, რაც სულიერად თუ მატერიალურად წაგწევთ წინ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და იმის, რომ ძლიერი რწმენისა და გააზრებულად მოქმედების შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება!

ახალი მთვარის დღეს ნუ გარისკავთ, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და მაქსიმალურად კონცენტრირდით სასარგებლო მიზნებზე. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო საჭესთან, საგზაო გადასასვლელებთან და ღრმა წყალთან ურთიერთობისას. არ არის რეკომენდებული მძიმე საკვებისა და ალკოჰოლის მიღებაც.

ახალი მთვარის ენერგიას ყველა ზოდიაქოს ნიშანი იგრძნობს მეტ-ნაკლებად, თუმცა განსაკუთრებით ისინი, ვის რუკაშიც მზე, მთვარე, პლანეტები და კუთხოვანი სახლები კარდინალური ნიშნების (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) 13-23 გრადუსებს შორის მდებარეობს.

ტაუ-კვადრატი კი ფიქსირებული ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) ენერგიას ააქტიურებს. თუ პირად რუკაში მზე, მთვარე, პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები გაქვთ აღნიშნულ ნიშნებში, ამ ასპექტს სხვებთან შედარებით მეტად იგრძნობთ”.-წერს ასტროლოგი დავით ნიბლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები