ივანე ჩხაიძე: ორჯერ აცრილი პირებისთვის იგეგმება ციფრული კოდის შემოღება, რომლითაც ისინი ყველა სერვისს შეუზღუდავად მიიღებენ

“ორჯერ აცრილი პირებისთვის იგეგმება ციფრული კოდის შემოღება, რომლითაც ისინი ყველა სერვისს შეუზღუდავად მიიღებენ”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ციფრული უფლება, რომლითაც ევროკავშირში შეუძლიათ, ნახონ, არის თუ არა ეს ადამიანი ვაქცინირებული.

„ამისთვის ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ რამდენიმე ევროპული ქვეყნის გამოცდილება. ეს გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე ქვეყანამ მიიღო. განსაკუთრებით, გამოირჩევა ესტონეთი, ბელგია. ეს არის ე.წ. მწვანე, ციფრული სერთიფიკატი, რომელიც საშუალებას აძლევს ორჯერ ვაქცინირებულ ადამიანს, შეუზღუდავად მიიღოს ყველა სახის მომსახურება, ეს იქნება თეატრი, კინო, რესტორანი, ბარი თუ ქვეყნებს შორის გადაადგილება და ა.შ.

ეს არის ციფრული უფლება, QR კოდი, რომლითაც ევროკავშირში შეუძლიათ ნახონ, არის თუ არა ეს ადამიანი ვაქცინირებული.

დღეს ჰქონდა ბატონ ამირანს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იგეგმება საქართველოში. ჩვენთანაც იგეგმება ასეთივე კოდის შემოღება. ეს საკითხი უკვე წარდგენილია მთავრობისთვის. შესაძლებელია ეს იყოს დაკავშირებული „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების უფლებასა და სხვა საკითხებთან“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები