ვინ არის გოგო, რომელიც თბილისში გაუპატიურების შემდეგ მერვე სართულიდან გადახტა და დაიღუპა

26 წლის გოგო, რომელიც თბილისში გააუპატიურეს და მერვე სართულიდან გადახტა, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევაა. ამის შესახებ ტელეარხი “ხაბარ 24” იუწყება.
ცნობილია, რომ ის საქართველოში სამუშაოდ აპრილში ჩამოვიდა. როგორც მისი ბიძაშვილი ტელეკომპანიას უყვება, ასელმა მას ბოლოს ხმოვანი შეტყობინება 5 მაისს გაუგზავნა, რომელშიც გარკვევით ისმის უცნობი კაცის მუქარა. ტელეარხის ცნობით, ამ ფაქტს ადასტურებს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცოტა ხნის წინ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ.
ირკვევა, რომ აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა.
პროკურატურის ცნობით, 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ასელ აიპაევა გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

წყარო: report.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები