“ძალიან ცუდად ვარ, სულში ჩამაფურთხეს”- თამაზ ელიზბარაშვილი

ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი თამაზ ელიზბარაშვილი მის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით “პრაიმტაიმს” ესაუბრა. ელიზბარაშვილის განმარტებით თავს ძალიან ცუდად გრძნობს, რადგან საზოგადოება უსამართლოდ აკრიტიკებს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროდან ზრდილობიანად დამირეკეს, მითხრეს იქნებ ჩვენთან ჩამობრძანდეთო. მე ვუთხარი ძალიან ცუდად ვართქო, რადგან უსამართლოდ მაგინებს მთელი საზოგადოება დედას, ოჯახს. ჩემს ფეისბუქ გვერდზე ვერ შევდივარ, შეუძლებელია იქ შესვლა, სულ დედის, შვილების და ოჯახის გინება მხვდება. ამიტომ თავად მესტუმრნენ. სულში ჩამაფურთხეს. მე ხომ მადლობა, იმ ქველმოქმედებისთვის რასაც ვაკეთებ, არავისგან მომითხოვია? ჩემი შემოსავლის 70% ქველმოქმედებისკენ მაქვს მიმართული. ერთი ბიზნესმენი მაჩვენეთ, რომელიც თავისი შემოსავლის 70%-ს ქველმოქმედებაში ხარჯავს” – განუცხადა “პრაიმტაიმს” ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი – თ.ე. თავის თანამშრომელს – ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს“, – აცხადებენ სამინისტროში.
წყარო:Read more at http://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები