“ცხვირ-პირის კაშნეთი აკვრა საჭირო არ არის” – როგორ შევარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვებისთვის და როგორ ვუმკურნალოთ გრიპის ვირუსს

ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია. მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე სასარგებლო რჩევებს გვაძლევს იმის შესახებ, როგორ ვუმკურნალოთ სასუნთქი გზების ინფექციებს, როგორ შევარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვებისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ.

– შემოდგომის დადგომასთან ერთად სკოლისა და ბაღის გაცდენის მთავარი მიზეზი სასუნთქი გზების ინფექციებია. დახურულ სივრცეებში “ჩასაფრებული” ვირუსები აქტიურდებიან, ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით იოლად ვრცელდებიან და ხველის, ცხვირის ცემინების სეზონიც იხსნება. სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს ვირუსები იწვევენ. მათი რიცხვი 300-მდეა და წლის მანძილზე სხვადასხვა გამომწვევით დასნებოვნების შანსი საკმაოდ მაღალია. 300 ვირუსს 300 სხვადასხვა სახელი კი აქვს, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული დაავადებები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და გართულებებიც მსგავსი აქვთ – ზედა სასუნთქი გზებიდან ინფექციამ ხორხს ქვევით თუ ჩაინაცვლა, ბრონქიტისა და ფილტვის ანთებამდე შორი აღარ არის.
 როგორ ვლინდება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები?
– პატარებში ის ხშირად ცხელებით იწყება, თუმცა შესაძლოა, ტემპერატურის მომატების გარეშეც ჩაიაროს. უმადობა, ჭირვეულობა, ყლაპვის გაძნელება ყელის ტკივილის გამო, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა – აი, ეს არის სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების მთავარი ნიშნები. მართალია, ამ ინფექციებს საერთო ნიშნები აქვთ, მაგრამ ზოგჯერ დაავადების სურათის მიხედვით მათი გამოცნობაც შეგვიძლია. თუ თქვენს პატარას მყეფავი ხველა, ხმის ტემბრის შეცვლა უვლინდება, დიდი ალბათობით დაავადება პარაგრიპის ვირუსითაა გამოწვეული. ბრონქების სპაზმის გამომწვევი რესპირაციულ-სინციტიური ვირუსია. დაავადება, რომელიც მაღალი ცხელებით, სახსრების, თავის, თვალბუდეების ტკივილით იწყება და შემდგომ ხველა ვლინდება, შესაძლოა გრიპის ვირუსით იყოს განპირობებული.
– როგორ ვუმკურნალოთ ასეთი სიმპტომების დროს პატარას?
– პირველ რიგში, შინ უნდა დატოვოთ. ბავშვის საბავშვო ბაღსა და სკოლაში გაშვება არ შეიძლება, ამით მასაც დაიცავთ გართულებისაგან, მის პატარა მეგობრებს კი – დასნებოვნებისაგან. მკურნალობის მთავარი პრინციპი თბილი სითხეების მიწოდებაა. შესთავაზეთ ყველაფერი, რაც მას მოსწონს: რძე, ჩაი, თბილი კომპოტი, წვნიანი კერძი. თუ პატარა ძუძუზე გყავთ, ძუძუ უფრო ხშირად უნდა მისცეთ. გაუზომეთ ტემპერატურა და თუ ის 38,5 გრადუსი და მეტია, სიცხის დაწევაზე იზრუნეთ. ამისთვის, პირველ რიგში, პარაცეტამოლი აირჩიეთ. სწორედ ამ პრეპარატს მიიჩნევენ ექიმები ყველაზე უსაფრთხო მედიკამენტად ცხელების მართვისთვის. გახსოვდეთ, რომ პარაცეტამოლის ორ დოზას შორის მინიმალური შუალედი 4 საათია. არ დაივიწყოთ სხეულის გაგრილების ფიზიკური მეთოდები – გახადეთ ბავშვს სამოსი, დაზილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, შეამშრალეთ და გრილად ჩააცვით. მთავარი, რაც უნდა იცოდეთ – სხეულის გაგრილება უნდა მოხდეს მაშინ, როცა პატარას მაღალი ცხელება აქვს. როცა მას ამცივნებს და სიცხე უწევს, დაზელა არ შეიძლება. ამ დროს პირიქით, აუცილებლად ჩაათბუნეთ.
– უნდა მივცეთ თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ხველის წამლები? და კიდევ, ინიშნება თუ არა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების დროს ანტიბიოტიკები?
– არა! ექიმის დანიშნულების გარეშე წამლების მიღება უსაფრთხო არ არის. არც ისაა სწორი, ექიმს დისტანციურად სთხოვოთ ხველის წამლის დანიშვნა. ხველას მიზეზი და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი აქვს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ პატარას ბრონქოსპაზმი აღენიშნება, ნახველის გამათხევადებელი წამლის დანიშვნამ შესაძლებელია, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. კრუპის სინდრომისათვის დამახასიათებელი ხველის დროს კი წამლის დალევა უშედეგო იქნება, რადგან ის ხორხის შეშუპებაზე არ იმოქმედებს. ანტიბიოტიკები ინიშნება, თუ დაავადება ბაქტერიული ინფექციითაა გამოწვეული. ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა აბსოლუტურად უშედეგოა – ისინი ვირუსებს ვერა, მაგრამ ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას ანადგურებენ, აქვეითებენ იმუნიტეტს, რასაც ხშირი ავადობა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები მოჰყვება. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ანტიბიოტიკის გამოყენება გართულებებს თავიდან ვერ აგვაცილებს, ამიტომ ისინი მაშინ უნდა დაინიშნოს, როცა ვირუსით გამოწვეული დაავადება ბაქტერიული ინფექციით გართულდება.
– პატარების სიჯანსაღისთვის როგორია ზამთრის კურორტების როლი, როგორ შევარჩიოთ და რა გავითვალისწინოთ?
– როდესაც ზამთრის არდადეგებზე ვსაუბრობთ, ძირითადად, სამთო-სათხილამურო მთიან კურორტს წარმოვიდგენთ ხოლმე, თუმცა ზოგს ზაფხულში დაბრუნება და სულაც სამხრეთის ქვეყნებში მზეს მიფიცხება ქვეყნიერებას ურჩევნია. ვინ თქვა, რომ არდადეგების მხიარულად გატარება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი?! ზამთარიც მშვენიერ შანსს გვთავაზობს დავისვენოთ და გავაკაჟოთ პატარები. მით უმეტეს, რომ მთის კურორტები საქართველოში ნამდვილად ასარჩევად გვაქვს. პირველ რიგში, უნდა შეგახსენოთ, კურორტებს რამდენიმე ჯგუფად ვყოფთ. კლიმატურ კურორტებზე მთავარი სამკურნალო ფაქტორი ჰავაა, ბალნეოლოგიურ კურორტზე – მინერალური წყალი, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტებზე ორივე ამ ფაქტორით ზემოქმედებაა შესაძლებელი, ხოლო ტალახის კურორტებზე მთავარი სამკურნალო ფაქტორი ტალახია.
სანამ კურორტს შეარჩევთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რჩევა, რა ტიპის ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედება სჯობს თქვენი პატარისთვის. ამ საკითხის გარკვევის შემდეგ გაითვალისწინეთ კურორტის მდებარეობა, რამდენად კარგადაა განვითარებული მისი ინფრასტრუქტურა, რამდენად შორს მდებარეობს უახლოესი დასახლებული პუნქტიდან და რამდენად ხელმისაწვდომია კვალიფიციური გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზე. გახსოვდეთ, ზამთრის კურორტებზე ტრავმები, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია, ამიტომ გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობა შერჩეულ კურორტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარებული პატარების გართობისათვის. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ბაკურიანი და ჩემი ბავშვისთვის კომფორტული და სასარგებლო მთის კურორტებია, თუმცა სხვა ქართულ კურორტებზეც თანდათან ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სასტუმროს შერჩევისას მცირე ზომის მშვიდ, არახმაურიან გარემოს მიანიჭეთ უპირატესობა, სადაც სიმშვიდესთან ერთად ნაკლები კონტაქტი გექნებათ, რაც ზამთრის სეზონის გადამდები დაავადებების რისკს შეგიმცირებთ. თუ თქვენ გგონიათ, რომ თოვლიან კურორტებზე გრიპის ვირუსს ვერ იპოვით, სულ ტყუილად. გრიპის ვირუსი სიცივისადმი მედეგია, მაღალ ტემპერატურაზე კი იოლად იღუპება.
– რატომ არის მთაში დასვენება საუკეთესო არჩევანი?
– იმიტომ, რომ მთის ჰავა მზის ინტენსიური რადიაციით (განსაკუთრებით ჭარბობს მზის ულტრაიისფერი სპექტრი), დაბალი ბარომეტრული წნევითა და ჰაერში ჟანგბადის შემცველობით გამოირჩევა. ასეთი კლიმატი განსაკუთრებით სასარგებლოა სასუნთქი გზების დაავადებათა მკურნალობისათის, ზოგადი გაკაჟება-გაჯანსაღებისათვის. თუ ბავშვი ხშირად ავადობს სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით, მათ შორის კრუპის სინდრომით, ბრონქოსპაზმით მიმდინარე ბრონქიტით ან ბრონქული ასთმით, მთის კურორტი მისთვის საუკეთესო დასასვენებელი ადგილია. მთის კურორტი ზამთარში აქტიური დასვენებისათვის ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობს. აქ სპორტის ზამთრის სახეობებსაც შეგიძლიათ აზიაროთ თქვენი პატარა. მზე, მაღალი მთის მშრალი ჰავის, ჟანგბადისა და ფიზიკური დატვირთვის ერთობლიობა მისი დასვენებისა და გაკაჟებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის. აქტიური დასვენება ამ გარემოში დამატებითი ენერგიითა და ემოციებით ავსებს ბავშვს; ფიზიკური აქტივობა, თოვლში თხილამურებით სრიალი ხელს უწყობს მისი ძვალსახსროვანი სისტემისა და კუნთების განვითარებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ავითარებს ბალანსირების უნარს.
– რა უნდა წავიღოთ თან, როგორ უნდა მოვემზადოთ ზამთრის კურორტებისთვის?
– თბილი სამოსის შეხსენება, რა თქმა უნდა, არ გჭირდებათ. უნდა შეარჩიოთ წყალგაუმტარი ქურთუკები და შარვლები, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული წინდები და თბილი ფეხსაცმელი. ცხვირ-პირის კაშნეთი აკვრა საჭირო არ არის. ცხვირს ჰაერის გათბობის უნარი აქვს, სანამ მას ქვედა სასუნთქ გზებში გაგზავნის. მიეცით მზეს საშუალება, ბავშვის კანში “დ” ვიტამინის ზამთრის ულუფა წარმოქმნას. არ დაივიწყოთ საოჯახო აფთიაქის წაღება, რომელშიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი მედიკამენტები, დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო – მაღალ მთაში ხანგრძლივად ყოფნისას სახის არეში დამწვრობა არცთუ იშვიათია. თუ თქვენ მთის კურორტზე 6 თვემდე ასაკის ჩვილი მიგყავთ, გახსოვდეთ, რომ მისი მზის პირდაპირ სხივებზე დატოვება არ შეიძლება შემდგომში მელანომის რისკის თავიდან ასაცილებლად. არ იფიქროთ, დიარეა მხოლოდ ზაფხულის პრობლემაა. აუცილებლად იქონიეთ ელექტროლიტური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და პრობიოტიკი, რომელსაც ექიმთან შეთანხმებით შეარჩევთ.
ახალი წელი და საშობაო არდადეგები ახლოვდება, ბედნიერ ახალ წელს და დასვენებას გისურვებთ!

წყარო:http://gza.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები