“ჩვენი ოჯახი არასდროს დაინგრევა… მეორე შვილს სიმამრის სახელს ვარქმევთ” – რატომ არ ჩანს ლევან ჯიბღაშვილი

ჭორი გავრცელდა – ლევან ჯიბღაშვილი ცოლს გაეყარაო. სულ ორიოდე თვის წინ, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენს, საპროცესო შეთანხმება და ხუთწლიანი პირობითი სასჯელი განესაზღვრა.

“კომენტარს არ ვაკეთებ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მე ზუსტად ვიცი, რომ ნარკომანი და ბარიგა შვილი არ მყავს. მე ვიცი და უფალმა იცის, რომ ეს ასეა. დანარჩენს ღმერთი ყველას თავისას მიაგებს” – ივნისში ჩვენთან საუბარში განაცხადა ლევანის დედამ, ქალბატონმა ნონა ჯიბღაშვილმა.

რაც შეეხება ლევანის პირადს, მსახიობს ცოლად ჰყავს სალომე სულხანიშვილი, ბიზნესმენ, აკაკი (ფეფე) სულხანიშვილის ქალიშვილი, რომელზეც ორი წლის წინ იქორწინა. წყვილს წლინახევრის ვაჟი, მიქაელი ჰყავს, რომლის ნათლობა და გრანდიოზული ქორწილი ლევანმა და სალომემ შარშან, ზაფხულში, გადაიხადეს.

ვინაიდან ლევანი ჟურნალისტების ზარებს აღარ პასუხობს, მის ცოლთან, სალომე სულხანიშვილთან დაკავშირება ვცადეთ. სალომემ გაიგო თუ არა, რომ მას სააგენტო “პრაიმტაიმი” უკავშირდებოდა, ტელეფონი უკომენტაროდ გაგვითიშა და მას შემდეგ ზარებს აღარ პასუხობს.

ლევანის დედა, ქალბატონი ნონა ჯიბღაშვილი კი ამბობს, რომ მისი შვილის ოჯახი არ დანგრეულა და მეორე შვილიშვილს ელოდება.

ნონა ჯიბღაშვილი: – არ ვიცი, საიდან მოდის ეს ჭორი. სალომეს ქმრის ფოტოები არ უდევს “ფეისბუქზეო” და დაასკვნეს, რომ ერთად აღარ არიან. ამ დაბოღმილი ქვეყნის გამო, აღარ ვდებთ ფოტოებს. შეგვჭამეს, რეები მოგვიწყეს, ხომ ნახეთ? საქართველოში წარმატებულ და ბედნიერ ადამიანებს ვერ ვიტანთ.

– ქალბატონო ნონა, სად არიან ახლა ლევანი და სალომე?

– ამჟამად დასასვენებლად არიან აბასთუმანში. მეორე შვილს ელოდებიან ოქტომბერში. ისევ ბიჭს ველოდებით. უფროსს ხო მამაჩემის სახელი ჰქვია, მეორეს სიმამრის სახელი უნდა დავარქვათ – აკაკი. მერე უნდა გავაჩინოთ ორი გოგო და ორი ბიჭი.

მთელი პანდემია ერთად ვიყავით, კახეთში. გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. გადასარევი გოგოა. აზრადაც არავის მოსვლია გაყრა. რძალიც მომწონს, შვილიც და შვილიშვილიც.

არსად აღარ ვჩანვართ და შეგვჭამეს. ასე რომ, ძალიან კარგად ვართ, ბედნიერად. არც ვდედამთილობთ და არც ვრძლობთ. ჩვენი ოჯახი არასდროს დაინგრევა. როცა რძალს დედამთილთან კარგად აქვს საქმე, ის ოჯახი არ ინგრევა (იცინის)…

წყარო:https://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები