როგორ აისახება 12 აპრილის ახალი მთვარე ზოდიაქოს ნიშნებზე-ასტროლოგის განმარტება

12 აპრილს ახალი მთვარეა, რაც ახალ ენერგიას და შესაძლებლობებს უკავშირდება. ამის შესახებ ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ახალი მთვარის გავლენაზე საუბრობს:
“12 აპრილს ახალი მთვარეა, პიკი – 06:30სთ.
ახალი მთვარე ყოველთვის ახალი ენერგიის, შესაძლებლობებისა და მიზნების მომტანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი მთვარე პირველ ნიშანში, ვერძში ხვდება.
ვერძი კარდინალური ცეცხლის ნიშანია, რომელსაც მარსი მართავს. სახლების სისტემაშიც პირველობას არავის უთმობს და რუკაში I სახლთან ასოცირდება.
მარსი უკავშირდება ენერგიას, აგრესიას, სიბრაზეს, მოქმედებასა და სურვილს. ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც შეიძლება, ადამიანში ცხოველის ბუნებასაც შევადაროთ. როდესაც მარსს პოზიტიურად გამოვხატავთ, ჩვენ ვხდებით მებრძოლი, უშიშარი, მიზანსწრაფული, პირდაპირი და თავგადასავლების მოყვარული, უარყოფითი კუთხით კი ზედმეტად აგრესიული, სულსწრაფი, იმპულსური, მოუთმენელი და უხეში.
სხვა ნიშნებთან შედარებით, ვერძი ყველაზე მეტად უკავშირდება თვითგანვითარების იდეას, ამიტომ ეს იდეალური დროა საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, კომფორტის ზონიდან გამოსვლისა და მოქმედებაზე გადასვლისთვის. თუ წინა ახალი მთვარე თევზებში გასული პერიოდის შეჯამებასა და გარკვეული საკითხების დასრულების საჭიროებას მიგვანიშნებდა, ვერძში ახალი მთვარის მთავარი მესიჯი სწორედ ახალი ენერგიის შემოტანა, საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებზე კონცენტრირება, აქტიურობა და მოქმედებაზე გადასვლაა.
მზესა და მთვარესთან ერთად ვერძში იმყოფება მერკური, ვენერა და ქირონი. შესაბამისად, საკმაოდ ძლიერია ვერძის ენერგია. კომუნიკაციაში სხვა პერიოდთან შედარებით პირდაპირი, მიმწოლი, ხისტი და თამამი შეიძლება ვიყოთ, ისევე როგორც ურთიერთობებში მიმზიდველია ინიციატივა, ახალი ნაცნობები, აქტიური კომუნიკაცია და ცეცხლოვანი ვნებები.
ვენერა და ახალი მთვარე კვადრატს ქმნის პლუტონთან, რაც აპროვოცირებს და აძლიერებს ცვლილებების სურვილს, რომელსაც ისევ და ისევ ვერძული სულსწრაფობა და აგრესია ერთვის ფონად. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მარსს ჯერ ისევ დაძაბული ასპექტი აქვს ნეპტუნთან, ნამდვილად არ ღირს ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღება და დაუფიქრებლად, ქაოტურად მოქმედება. მაღალია დრაივი და ტემპი, ვამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, ვიბრძვით მიზნის მისაღწევად, ვგრძნობთ ცვლილებების საჭიროებას, თუმცა იმდენად არ უნდა ვიჩქაროთ და დავაიგნოროთ სხვა ადამიანების ინტერესები და საჭიროებები, რომ ამით მხოლოდ პრობლემები შევქმნათ. თუ ჩვენი მოქმედება კარგად იქნება გაანალიზებული, დაგეგმილი და გათვლილი, ამ შემთხვევაში, მარსისა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი საკმაოდ პოზიტიურად აისახება შედეგებზე.
ახალი მთვარე პირველ ნიშანში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ახალი მთვარეა, ვინაიდან ეს არის სუფთა ფურცელი, ახალი შანსები და ენერგია, რომელსაც სწორად მიმართვა სჭირდება. იდეალური დროა სამოქმედო გეგმების შესადგენად.
თქვენს პირად ჰოროსკოპში რომელ სახლშიც მოხვდება ვერძის 23-ე გრადუსი, სწორედ იმ სახლის შესაბამის სფეროებში გექნებათ შანსი, შემოიტანოთ სიახლეები. ეს ახალი მთვარე დადებით გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, ვის რუკაშიც პირადი პლანეტები და სხვა მნიშვნელოვანი წერტილები ცეცხლის ნიშნების (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) 18-28 გრადუსებს შორისაა. სხვებთან შედარებით მეტი მოთმინება და თავშეკავება მართებთ იმ ადამიანებს, ვის რუკაშიც აქტუალურია კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქას ენერგია.”-წერს დავით ნიბლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები